Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კეთდება ფარული ვიდეოჩანაწერების გამავრცელებელთა გამოსავლენად


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის ბრალდებით, ორი პირი დააკავა, თუმცა, როგორც ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, ბრალი ისეა ფორმულირებული, რომ მათ არ ედავებიან 11 და 14 მარტს Youtube-ის მეშვეობით პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას. საინტერესოა, რას ედავება მთავარი პროკურატურა დაკავებულებს და როგორ აპირებენ ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკანონოდ მოპოვებული კადრების გავრცელებასთან ეფექტიანად ბრძოლას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასახელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე ბრალდებულ და დაკავებულ პირთა ვინაობა: ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში. 15 მარტს დაკავების დეტალები გაიხსენა ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლემ თეა ჯამალაშვილმა:

„ვიცი მხოლოდ ის, რომ აიყვანეს ქუჩიდან, როცა ერთმანეთს დავშორდით. ქალაქის სამმართველოსთან ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როცა შევამჩნიე, რომ ორი ადამიანი მითვალთვალებდა და მანქანაც მუდმივად დამყვებოდა. სახლიდან წაიღეს ჩემი პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და სამუშაო დისკები. ჩემს პირად ნივთებს რა კავშირი აქვთ ჩემი ქმრის საქმესთან, ეგეც არ ვიცი. და, საერთოდ, ეს არის აბსოლუტური გაუგებრობა... შოკში ვარ და არ ვიცი, რა უნდა ვილაპარაკო“.

ასევე არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი და უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავებს გააკონტროლებს. მეოთხე არის სამოქალაქო კონტროლის გამკაცრება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კანონმდებლობა...
სერგო რატიანი

ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემაც განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. მამის ბრალეულობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ვასილ ჯამალაშვილი, რომელიც წლების წინ მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში და იყო ბრალდებული ე. წ. კომპიუტერული ვირუსის შექმნასა და მისი საშუალებით პირადი მონაცემების უკანონო მოპოვებაში. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს, როგორც მისი ადვოკატი ნანა ფილაური ამბობს, ბრალდება უკავშირდება ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი დეპუტატის პირადი მონაცემების გადაცემის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე გელა ღურწკაია. აი, რა განუცხადა ელისო კილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი ორს“:

„ღურწკაიას ჩვენთან არც ერთი სხვა პირი არ უხსენებია. უბრალოდ, ცხადია, ის არ მოქმედებდა მარტო, რადგანაც ის იყო კურიერი, რაც ყველაფერზე ეტყობოდა. არიან თუ არა ეს პირები ის ადამიანები, რომლებიც გელა ღურწკაიასთან რამე კავშირში იყვნენ, ჩემთვის უცნობია. გავარკვიე, რომ ჯამალაშვილი კუდის თანამშრომელი და მაღალჩინოსანი არასოდეს ყოფილა. ასე რომ, ველოდებით პროკურატურის ოფიციალურ განცხადებას“.

პროკურატურის განცხადებასა და გამოძიების მსვლელობის შესახებ განმარტებებს ელოდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კამპანია „ეს შენ გეხებაში“ არიან ჩართული და რომლებიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი ნაწილი 15 იანვარს პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანს შალვა თათუმაძეს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკითხს არ აქვს მხოლოდ სამართლებრივი ასპექტი. მათი აზრით, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პოლიტიკური ნების დაფიქსირება ასევე მნიშვნელოვანია. 15 მარტს პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრაზე იმყოფებოდა გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში:

ლაშა ტუღუში
ლაშა ტუღუში

„ის, რაც დღეს ხდება, ძალიან შემაშფოთებელია. ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც საფუძველი ჩაეყარა ცოტა ადრე. გვაინტერესებს, ადრე რაც იყო, იმ მასალებზე გამოძიება როგორ მიმდინარეობს. ორი წლის წინ პროკურატურას ძალიან ბევრი საგამოძიებო მასალა გადაეცა, მაგრამ, როგორც ჩვენ ვხედავთ, ამ მასალებს ძალიან სქელი მტვერი დაედო. ლაპარაკია ათობით ათას ფაილზე“.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შექმნა-გავრცელებასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების ჩატარება - ასე ფიქრობენ საპარლამენტო უმცირესობაში, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის, თქმით, უნდა იქნეს მიღებული ე.წ. „პირადი თავისუფლების ქარტია“, რაც გულისხმობს ოთხ მთავარ პრინციპს:

„პირველი - უნდა გაუქმდეს სუს-ი, რათა საბოლოოდ გაუქმდეს პოლიტიკური პოლიცია და ზედამხედველობა, ეს არის მნიშვნელოვანი. უნდა გაუქმდეს ”ოდეერის” ინსტიტუტი. მეორე ეხება ფარული მიყურადებისა და მოსმენების ინსტიტუტს, ესეც უნდა შეიცვალოს და რადიკალური რეფორმირება მოხდეს. კანონი უნდა დაეფუძნოს არასამთავრობოების მოთხოვნებს და ინიციატივას, რომელიც უკავშირდება "ეს შენ გეხებას" ინიციატივას. ეს ინიციატივა უკვე არსებობს და ამასთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ რეფორმირება. ასევე არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი და უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავებს გააკონტროლებს. მეოთხე არის სამოქალაქო კონტროლის გამკაცრება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კანონმდებლობა“.

საპარლამენტო უმცირესობის ამ ინიციატივის პასუხად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რადიკალური სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავენ, თუმცა სპეციალური სამსახურები უნდა გათავისუფლდნენ იმ მძიმე მემკვიდრეობისა და პრაქტიკისგან, რომელიც წინა ხელისუფლებისგან ერგოთ. ამასთან, მათი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა მტკიცე პოლიტიკური ნება.

გაზეთ „გარდიანის“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების წყაროს დადგენის მიზნით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა. გამოცემას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, რომ თბილისმა დახმარებისთვის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანას მიმართა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG