Accessibility links

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტი დასრულებულია. ისინი 11 ივლისს რუსეთის ფედერაციის სათათბიროში შეხვდნენ სათათბიროს დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ კალაშნიკოვს. როგორც სათათბიროს ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის, საპარლამენტთაშორისო კავშირების განვითარებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივები და, გარდა ამისა, საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კანონსაც „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ და ითქვა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ იბრძოლებს კანონის გაუქმებისთვის.

„ჩვენ გადავდგით პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯი, რადგან გვინდა, რომ გაკეთდეს საქმე და არა პოლიტიკური პიარი“, - ასე შეაჯამა 11 ივლისს, რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებთან გამართული 20-წუთიანი შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ:

„გვინდა მოსკოვს შევთავაზოთ ახალი დიალოგის ფორმატი. ეს იქნება საქართველო-რუსეთი-ნატოს სამმხრივი ფორმატი, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს ჩვენს ქვეყანას, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი“.

ინფორმაცია მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის სათათბიროს ოფიციალურმა საიტმაც. საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა ადა მარშანიამ, გიორგი ლომიამ და ნატო ჩხეიძემ რუსეთის სათათბიროს დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვთან განიხილეს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის, საპარლამენტთაშორისო კავშირების განვითარებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივები. გარდა ამისა, როგორც ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რუსეთის სათათბიროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. რუსეთის ფედერაციის სათათბირო აქვეყნებს ლეონიდ კალაშნიკოვის მცირე ციტატასაც:

ლეონიდ კალაშნიკოვი
ლეონიდ კალაშნიკოვი

„მოვახერხეთ გვესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე და შეგვექმნა არაფორმალური ჯგუფი ქართველ დეპუტატებთან ერთად. ჩვენ იშვიათად ვხვდებით. ეს კი არ არის ნორმალური. პარლამენტი ხომ ეს მოლაპარაკებები, დიალოგი და კომპრომისებია“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში ლეონიდ კალაშნიკოვი უფრო დეტალურად აღწერს ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის შინაარსს და ამბობს, რომ რუსულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარების თაობაზე და, ასევე, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. როგორც ლეონიდ კალაშნიკოვი „რუსთავი 2“-თან საუბრისას დასძენს, ქართველი დეპუტატების თქმით, ისინი ამ კანონის გაუქმებისთვის იბრძოლებენ.

კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო. კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობა. ეს რეჟიმი გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილებისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, ასევე, უძრავ ქონებაზე გარიგების დადების შეზღუდვებს. მოქმედი კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში – გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან. ეს კანონი არაერთხელ იქნა დარღვეული და მათ შორის რუსი მაღალჩინოსნებისგან. რუსეთი ინტენსიურად ლაპარაკობს კანონის გაუქმების შესახებ ჟენევის დისკუსიებზე. ამ თემაზე აქტიურად ლაპარაკობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინიც. რუსეთის მტკიცებით, აღნიშნული კანონი ხელს უშლის საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომას ტერიტორიებზე, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, რამდენიმე ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტა, ამგვარი განცხადებები არის საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანა და, შესაბამისად, საქართველო კანონის გაუქმებას არ აპირებს:

„კანონი არანაირად არ უშლის ხელს საერთაშორისო თანამეგობრობის ოპერირებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არავის, ვინც იცავს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და იმ დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს წვდომას საქართველოს ტერიტორიის გავლით, არანაირი პრობლემა არ ექმნება იქ ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელებისას“.

საქართველო რომ არ აპირებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმებას, 12 ივლისს განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა:

არანაირი არაფორმალური მუშა ჯგუფები, არანაირი სხვა დიალოგის ფორმატები, გარდა იმ არსებული ფორმატებისა, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ და სადაც შესაძლოა გვქონდეს ბერკეტები რუსეთთან მიმართებაში, არ იქნება ეფექტური...
სერგი კაპანაძე

„კანონის გაუქმება არ იგეგმება, ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ ამ კანონს გავაუქმებთ მაშინ, როდესაც შეწყდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. რაც შეეხება კანონში ცვლილებებს, მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ კანონში ცვლილებები განხორციელებულა წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, სწორი მიმართულებით. არ არის გამორიცხული, მომავალში ჩვენ ვიმუშაოთ გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების ყოფის შემსუბუქებისაკენ, ვინაიდან პრინციპი ამ კანონის გახლავთ, ერთი მხრივ, ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტის არსებობა და ეს იარსებებს; მეორე მხრივ, მის ამოცანას არ წარმოადგენს ადამიანების წინააღმდეგ რაიმე ქმედებების განხორციელება. ამიტომ ყველა ის ზომა იქნება მიღებული, რომელიც ჯდება ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკაში, ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკაში, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაზე, კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოების დაახლოებაზე, მეტი სარგებლის მიწოდებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის“.

მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტს და მათ მიერ პირდაპირი დიალოგის წარმოების შეთავაზებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ჟენევის საერთაშორისო ფორმატისა და ე.წ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრების სახელით ცნობილი ფორმატების გარდა, ხელისუფლება არ განიხილავს სხვა, ალტერნატიულ ფორმატს რუსეთთან ურთიერთობისა. ასევე ფიქრობს ოპოზიციის ნაწილიც, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე:

„არანაირი არაფორმალური მუშა ჯგუფები, არანაირი სხვა დიალოგის ფორმატები, გარდა იმ არსებული ფორმატებისა, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ და სადაც შესაძლოა გვქონდეს ბერკეტები რუსეთთან მიმართებაში, არ იქნება ეფექტური. ამიტომ ამაზე საუბარი ეს არის როგორც მინიმუმ, თავის მოტყუება, და შეიძლება იყოს კიდევ უფრო უარესიც, ქვეყნის ინტერესების ღალატიც“.

იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტი მოსკოვში ვერ იქნება შედეგზე ორიენტირებული, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავენ პოლიტოლოგები და მათ ვიზიტს განიხილავენ არამხოლოდ როგორც ერთ კონკრეტულ ფაქტს, მცოცავი ოკუპაციის პირობებში მას გაცილებით კომპლექსურ დატვირთვას ანიჭებენ და, მთლიანობაში, „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG