პენიტენციური სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი პატარიძეს და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გლდანის ციხის პატიმრის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
გიორგი პატარიძეს უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, რამაზ ფირცხალავას კი ბოროტად გამოყენება.
ორივე მათგანი ესწრება სასამართლო განხილვას. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იყო.
პროცესის ჩანიშვნამდე გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა გირაოს მოითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც.
„მივიჩნიეთ, რომ გირაო იქნებოდა საკმარისი, რომელიც უზრუნველყოფდა აღკვეთის მიზნების შესრულებას...საქმის გარემოებებზე დაყრდნობით და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც იყო ამ ბრალდებულებთან მიმართებით, მივიჩნიეთ, რომ გირაოს გამოყენება იყო საკმარისი“, - თქვა პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა.
ადვოკატის ირმა ბრელიძის თქმით, ერთ საკანში შესახლება პატიმრების არ იყო განსაკუთრებული გადაწყვეტილება და „გამოწვეული იყო საპატიმროების გადატვირთულობით“.
ბრალდებულებს მედიის კითხვებისთვის არ უპასუხიათ და არც სასამართლო სხდომაზე უთქვამთ რაიმე. სასამართლოს ეზო ავტომობილებით დატოვეს.
საქმე ეხება გლდანის ციხის პატიმარს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, დავით ფეიქრიშვილს. ციხის საკანში, მასზე ძალადობის საქმეზე, სხვადასხვა მუხლით სულ, 7 ადამიანი დააკავეს.
მათგან ხუთს უშუალოდ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება პროკურატურა. ესენი არიან: ვატო ყიტიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, პავლე გოცირიძე დავით კაჭარავა.
ხუთივე დაპატიმრებულია. პავლე გოცირიძეს 9 წელი აქვს მისჯილი.
პროკურორის განმარტებით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობდნენ 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.
„საკანში განთავსებამდე, ვახტანგ ყიფიანმა სთხოვა #8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას, რომ ის და ამ საქმეზე ბრალდებული სხვა პირები - ავთანდილ ბილანიშვილი, შოთა ყიფიანი, ამავე დაწესებულებაში განთავსებული ავთანდილ კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე განეთავსებინა იმ საკანში, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, კერძოდ, პენიტენციური კოდექსისა და N8 პენიტენციური დაწესებულების დებულებების რეგულაციებს, რამაზ ფირცხალავამ ეს საკითხი სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმჟამინდელი გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის წინაშე დააყენა. პატარიძემ კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით მიუთითა რამაზ ფირცხალავას, რომ დაეკმაყოფილებინა ვახტანგ ჟვანიას თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში შესახლების თაობაზე“, - განაცხადა პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა.
მისივე ცნობით, საქმეში ბევრი მტკიცებულებაა, მათ შორის გამოთხოვილია ვიდეოკამერების ჩანაწერებიც. ის ბრალდებულები, რომლებსაც უშუალოდ ძალადობა ედება ბრალად, წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
თავიდან, დავით ფეიქრიშვილის ინფორმაციას, რომ ის სცემენ, პენიტენციური სამსახური უარყოფდა. ფეიქრიშვილის დედა დამნაშავეების დასჯას მოითხოვდა, ის გლდანის ციხესთან პროტესტსაც გამოხატავდა.
პროკურატურამ დაადასტურა ნაცემი პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის ინფორმაცია, რომელსაც „პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა“. გამოძიების მიხედვით, დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად იძალადეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ.
ამირან გულუაშვილის თქმით, ძალადობა ოთხი დღის განმავლობაში, 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე, გრძელდებოდა:
„განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“.
ფეიქრიშვილის ბრალდებები ცემაზე და გამოძიება
- 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს;
- დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა, 19 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის შვილს ციხეში სცემეს. პენიტენციურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო;
- 20 ოქტომბერს ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან 16 ოქტომბერს შეასახლეს დაპატიმრებული ვატო ყიფიანი (რომელთანაც ძმებს დაპირისპირების ისტორია აქვთ) და რამდენიმე პირი, რომლებმაც თანმხლებ პირებთან ერთად სცემეს, რის შემდეგაც ძმებმა დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს;
- ყიფიანის ადვოკატმა „კატეგორიულად გამორიცხა“ „მსგავსი რაღაც“.
რატომ დააკავეს ფეიქრიშვილები
2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააპატიმრეს 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები.
23 სექტემბერს მათ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს - ორ სხვადასხვა საქმეზე.
- გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისგან - ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ედავებიან ჯგუფურ ხულიგნობას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს 2025 წლის 2 ოქტომბერს ვაკეში ტაქსის მძღოლთან დაპირისპირების ინციდენტია.
მოგვიანებით, 2 ოქტომბერს, მათ წარუდგინეს 10 მილიონი ლარის „გათეთრების“ ბრალდება 2020-26 წლებში, - რასაც ძმები უარყოფენ. მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი