Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლია-განმუხური მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის სამზადისში


Gem Fest-ის სამზადისი
Gem Fest-ის სამზადისი

ანაკლია-განმუხურში დასასრულს უახლოვდება ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, Gem Fest-ისთვის მზადება. სანაპირო ზოლზე უკვე განთავსდა კაფე-ბარები, მოეწყო სცენა, სადაც მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები მსმენელს საკუთარ მუსიკალურ კომპოზიციებს შესთავაზებენ. შარშანდლის მსგავსად, დამსვენებელს საკუთარ მომსახურებას სთავაზობენ სასტუმროები და კერძო სახლები, სანაპიროზე გაშლილია კარვები.

სასტუმროებში ერთი ღამის გატარების ფასი 150-სა და 350 ლარს შორის მერყეობს, კერძო სახლები კი სანაპიროსთან სიახლოვისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით ფასდება. ერთი ღამით ოთახის ღირებულება კერძო საოჯახო სასტუმროებში 15 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის.

GEM Fest-ზე 40 ათასამდე სტუმარს ელოდებიან. ფესტივალი, პროექტ „Chekin Georgia”-ს ფარგლებში, 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

პრემიერ-მინისტრმა GEM Fest -ის ტერიტორია დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრმა GEM Fest -ის ტერიტორია დაათვალიერა

GEM Fest -ის ტერიტორია დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ნანახით კმაყოფილი დარჩა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ GEM Fest-ი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე, მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების გაზრდას.

„მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ. ცხრაში იხსნება ფესტივალი. სტუმრებს დახვდებათ საინტერესო დიჯეები, რომელთა კლასი არის ძალიან მაღალი. სიმბოლურია ასევე ის, რომ ჩვენ გვეყოლება ცნობილი დიჯეი აფხაზეთიდან, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა. ეს ადგილი უნდა გახდეს ქართველებისა და აფხაზების შერიგების ადგილი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ორგანიზატორებმა პრემიერს ფესტივალის სარეკლამო რგოლიც უჩვენეს, რომელშიც სამეგრელოს ღირსშესანიშნავი ადგილებია ასახული. GEM FEST-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუას განცხადებით, კლიპი მიზნად ისახავს რეგიონის პოპულარიზაციას:

აქ გაიჟღერა, რომ გაისად ჩატარდება არა ერთკვირიანი, არამედ ოცდაათდღიანი. თქვენ ძალიან კარგად გესმით, თუ რას ნიშნავს ელექტრონული მუსიკის ოცდაათდღიანი ფესტივალი. აქ საუბარი არ არის 30-40 ათას ტურისტზე, აქ საუბარია 100 ათასამდე ტურისტზე...
ლევან შონია

„ჩვენ შემოვიარეთ მთელი სამეგრელო, ჩავიწერეთ ყველანაირი ბგერა, რაც კი ამ რეგიონში გავიგეთ - ჩიტი, ფოთოლი, ბალახი, შრიალი, ბუჩქი, ჩანჩქერი, ქარი და ყველაფერი. ამ ბგერებისგან შეიქმნა ელექტრონული ტრეკი, რომლიც დაედო ამ თვალწარმტაც კადრებს, რომელიც ასევე მთელ სამეგრელოშია გადაღებული და ჩვენ ძალიან დიდი სიამაყით გავიტანთ Gem Fest-ს, როგორც პროდუქტს, რომელიც დაიბადა და ვითარდება სამეგრელოში“.

მანამდე იმავე ვიდეოს ჩვენება საზოგადოებისთვის ღი ცის ქვეშ ზუგდიდში, დადიანების ეზოში, მოეწყო.

ფესტივალს, როგორც რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური განვითარების გზას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიას ადმინისტრაცია, შარშანდლის მსგავსად, წელსაც აქტიურად იყო ჩართული GEM FEST-ის საორგანიზაციო საქმეებში.

„ჩვენ უფრო მასშტაბურ Gem Fest-ს ვატარებთ. უფრო მეტ სტუმარს ველოდებით. აქ გაიჟღერა, რომ გაისად ჩატარდება არა ერთკვირიანი, არამედ ოცდაათდღიანი. თქვენ ძალიან კარგად გესმით, თუ რას ნიშნავს ელექტრონული მუსიკის ოცდაათდღიანი ფესტივალი. აქ საუბარი არ არის 30-40 ათას ტურისტზე, აქ საუბარია 100 ათასამდე ტურისტზე“, - განაცხადა გუბერნატორმა ლევან შონიამ.

ფესტივალი 9 აგვისტოს გაიხსნება და 14-ში დაიხურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG