Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო დონბასში ცეცხლის შეწყვეტის ახალი ინიციატივით გამოვიდა


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტი ახალი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის სამხედროები 9 დეკემბერს, რომელიც „დუმილის დღედ“ გამოცხადდა, შეწყვეტენ ცეცხლს დონბასის რაიონში ფრონტის მთელ ხაზზე. რუსეთი აცხადებს, რომ იგი გამოიყენებს საკუთარ კონტაქტებს როგორც კიევთან, ისე პრორუსულად განწყობილ მეამბოხეებთან, რათა შესრულდეს მინსკის შეთანხმება.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებზე პეტრო პოროშენკომ უკვე გამართა შეხვედრა სამხედრო ძალების ხელმძღვანელობასთან. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 4 დეკემბერს გაიხსენა სექტემბრის დასაწყისში მინსკში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმება, რომლის დარღვევას ყოველდღიური მსხვერპლი ახლავს როგორც სამხედროებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში.

5 სექტემბრის შემდეგ, საზავო პირობების დარღვევის გამო, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში 1000-ზე მეტი კაცი დაიღუპა. სულ კი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინის სამთავრობო ჯარსა და სეპარატისტ მებრძოლებს შორის მიმდინარე შეტაკებებში დაახლოებით 4 300 კაცი დაიღუპა.

ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დაპირება და სიტყვები, არამედ რეალური საქმეები. საჭიროა, რომ ყველამ დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რადგან ტერორისტების მხრიდან ყოველდღიურად 30-40-ჯერ აქვს ადგილი საარტილერიო დაბომბვას...
პავლო კლიმკინი

ამიტომაც იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტის აქამდე არსებულ შეთანხმებას „ჰიბრიდული“ უწოდა ბაზელში ეუთოს ყოველწლიურ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას რეალური ზავი სჭირდება:

„ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დაპირება და სიტყვები, არამედ რეალური საქმეები. საჭიროა, რომ ყველამ დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რადგან ტერორისტების მხრიდან ყოველდღიურად 30-40-ჯერ აქვს ადგილი საარტილერიო დაბომბვას, ზავის დარღვევას, ყოველდღიურად იღუპებიან და იტანჯებიან ადამიანები. ასე რომ, საჭიროა ვალდებულებების შესრულება, საჭიროა საქმეები და არა მხოლოდ დაპირება და სიტყვები“.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითმარქვია პარლამენტის სპიკერმა ანდრეი პურგინმაც განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის მინსკის შეთანხმების ნაწილი. თუმცა უცნობია, აპირებენ თუ არა სეპარატისტთა ლიდერები საზავო პირობების დაცვას.

ცხადია, ჩვენ ვიქნებით კავშირზე როგორც მეამბოხეებთან, ისე უკრაინის ძალოვან უწყებებთან, რათა შესრულდეს მათ მიერ მინსკში მიღწეული როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ისე სხვა შეთანხმება...
სერგეი ლავროვი

დასავლეთი და კიევი ადანაშაულებენ რუსეთს, რომელიც იარაღით ამარაგებს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს და ამით ხელს უწყობს კონფლიქტის ესკალაციას. თუმცა ამ ბრალდებას არ ეთანხმება რუსეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაზელში, ეუთოს მინისტერიალზე, მინსკში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებებისათვის ხელშეწყობის პირობა დადო:

„ცხადია, ჩვენ ვიქნებით კავშირზე როგორც მეამბოხეებთან, ისე უკრაინის ძალოვან უწყებებთან, რათა შესრულდეს მათ მიერ მინსკში მიღწეული როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ისე სხვა შეთანხმება. და იმედი გვაქვს, რომ ყოფილი ჟენევისა და ნორმანდიის ფორმატების მონაწილე ჩვენი დასავლელი მოკავშირეებიც იქნებიან კავშირზე უკრაინის ხელისუფლებასთან, რომელზეც გადამწყვეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ, და უბიძგებენ მას, რომ შეასრულოს ყველაფერი, რაზეც შეთანხმებას მიაღწიეს“.

ლავროვმა გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომლის თანახმადაც, კიევმა, თუ რეალურად სურს მშვიდობის დამყარება, უშუალოდ აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა ლიდერებთან უნდა აწარმოოს დიალოგი.

XS
SM
MD
LG