Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პრაღის დიალოგის” მონაწილენი ახალ კავშირებს ამყარებენ


ჩეხეთის დედაქალაქში დასასრულს უახლოვდება ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, რომელიც პრაღის საერთაშორისო მედიატრენერების ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. ქართველ, აფხაზ, ოს, ყაბარდო-ბალყარელ და ჩერქეზ ჟურნალისტებს სემინარების და ტრენინგების მრავალფეროვანი პროგრამა აქვთ.

ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეები პოლიტიკაზე არ საუბრობენ და მხოლოდ პროფესიასა და პროფესიონალიზმზე მსჯელობენ. ტრენინგებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გარდა, კავკასიელი ჟურნალისტები თავისუფალ დროს ერთად ატარებენ, ცვლიან ინფორმაციას და მომავალშიც აპირებენ ურთიერთობის გაგრძელებას. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი გურამ როგავა ამბობს, რომ მისთვის ”პრაღის დიალოგი” კავკასიელ კოლეგებთან პიროვნული და პროფესიული ურთიერთობის კარგი საშუალებაა. ცხინვალში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთის „21-ე საუკუნის“ რედაქტორის მოადგილე მარია პლიევა მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრებისას ბევრს სწავლობს არა მხოლოდ ტრენერების, არამედ კოლეგებისგანაც და მათ საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს. ”პრაღის დიალოგის” მსგავსი შეხვედრებისა და ტრენინგების მიმართ ცხინვალში, სოხუმსა და თბილისშიც ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობაა ხოლმე. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ ასეთი შეხვედრები ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უწყობს, ნაწილი კი უარყოფითადაა განწყობილი. იყო შემთხვევები, როცა მსგავსი შეხვედრების მონაწილეებს მოღალატეები უწოდეს. ასეთ შეფასებას გაზეთ „ეხო აფხაზიის“ რედაქტორი ვიტალი შარია სიბრიყვეს უწოდებს:

ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ პირადად შევხვდი ქართველ ჟურნალისტებს. მიხარია, რომ დაკარგული კავშირების აღდგენას ვიწყებთ და ამ ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებთ. ქართველებისა და ჩერქეზების კულტურას ბევრი საერთო აქვს...
მუსალი შაკოვი
”მე ამ შეხვედრების არა მხოლოდ მონაწილე, არამედ მხარდამჭერიც ვარ. ეს არ არის მხოლოდ იმის საშუალება, რომ პროფესიული ცოდნა მიიღო ან გაიგო, თუ რა შედეგები აქვს კოლეგა ჟურნალისტების მუშაობას. მსგავსი შეხვედრები ადამიანური ურთიერთობის საშუალებაცაა, რათა, როგორც იტყვიან, საკუთარ წვენში არ ვიხარშებოდეთ, ერთმანეთის უკეთ გვესმოდეს და ერთმანეთს უკეთ ვიცნობდეთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიტალი შარიამ.

ერთ-ერთი ტრენინგი კავკასიელ ჟურნალისტებს ტელეარხ „ფრანს 24“ -ის საერთაშორისო განყოფილების შეფ-რედაქტორმა რობერტ პარსონსმა ჩაუტარა. მისი აზრით, დიალოგი აუცილებელია, რადგან ადამიანებს შორის ურთიერთობების გაწყვეტას გაუცხოება და კონფლიქტი მოსდევს.

ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტელევიზიის ჟურნალისტი მუსალი შაკოვი საზღვარგარეთ ასეთ ტრენინგს პირველად ესწრება:

”ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ პირადად შევხვდი ქართველ ჟურნალისტებს. მიხარია, რომ დაკარგული კავშირების აღდგენას ვიწყებთ და ამ ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებთ. ქართველებისა და ჩერქეზების კულტურას ბევრი საერთო აქვს. უძველესი დროიდან ვცხოვრობდით ძმური ურთიერთობით და ამას უნდა დავუბრუნდეთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მუსალი შაკოვმა.

პრაღაში კავკასიელ ჟურნალისტთა შეხვედრა კვირის ბოლოს დასრულდება. ჩეხეთის დედაქალაქიდან ჟურნალისტები, ცოდნის გარდა, ახალ კონტაქტებსაც წაიღებენ და ერთმანეთთან ურთიერთობას სოციალური ქსელების მეშვეობით გააგრძელებენ. მოგვიანებით კი, შესაძლოა, ერთი ინტერნეტგამოცემის თანამშრომლებიც გახდნენ.
XS
SM
MD
LG