Accessibility links

საქართველო „ისტორიის სწორ მხარეს“ ირჩევს


პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლითა და ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან შეხვედრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასრულა თავისი პირველი ვიზიტი ევროსაბჭოში.

20-წუთიან გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ჩამოთვალა რეფორმების გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული შედეგები, ილაპარაკა გასაკეთებელ საქმეებზე და უპასუხა ევროსაბჭოს პარლამენტარების შეკითხვებს. დეპუტატებს, კერძოდ, აინტერესებდათ, თუ რატომაა კვლავ დაბალი ნდობა მართლმსაჯულების მიმართ საქართველოში, რატომ მომრავლდა იოსებ სტალინის ძეგლები, რა ასაზრდოებს ქსენოფობიურ განწყობებს ზოგიერთ ბეჭდურ და ტელემედიაში და როგორ აპირებს ახალი პრემიერ-მინისტრი თანამშრომლობას ოპოზიციასთან.

თავდაჭერილი კვირიკაშვილის მთავარი სათხოვარი

არ გამართლდა წინასწარი პროგნოზი და ვარაუდი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროპის სახალხო პარტიისა და ევროპელი ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენლები მწვავე შეკითხვებით მძიმე დღეში ჩააგდებდნენ. წინა დღეებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი კანდელაკის კრიტიკული გამოსვლების მიუხედავად, 21 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კეთილგანწყობით და ზომიერად კრიტიკული შეკითხვებით დახვდა.

მიუხედავად ზოგიერთი პესიმისტური პროგნოზისა და იმ ძალების საწინააღმდეგოდ, ვისაც ევროპის დაქუცმაცება სურს, ჩვენ ერთად ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს. მოდით, ერთად დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებიც ძვირფასია ევროპისთვის. ჩვენ ევროპელები ვართ...

ეს, აშკარად, არის დამსახურება გიორგი კვირიკაშვილის თავდაჭერილი საუბრის მანერისა და ლიბერალური ღირებულებების შემცველ მესიჯებზე აგებული იმ მიმართვისა, რომელშიც ხშირად ფიგურირებდა შეუწყნარებლობის დაუშვებლობა და უმცირესობათა უფლებების განუხრელი დაცვა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა თუ ღია და ინკლუზიური მმართველობის დანერგვა ყველა დონეზე, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სოციალური კონტრაქტი მოსახლეობასთან და დემოკრატიის კონსოლიდაცია.

„საქართველომ უპასუხა მოლოდინს. ჩვენი ქვეყანა დასტურია იმისა, რომ დემოკრატიის განმტკიცება, ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, პირობების შესრულება და რეფორმების გატარება შესაძლებელია. ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო სწრაფად ვიმოძრაოთ დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ. მიუხედავად ზოგიერთი პესიმისტური პროგნოზისა და იმ ძალების საწინააღმდეგოდ, ვისაც ევროპის დაქუცმაცება სურს, ჩვენ ერთად ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს. მოდით, ერთად დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებიც ძვირფასია ევროპისთვის. ჩვენ ევროპელები ვართ, ეს კი იმ ღირსების არსია, რომელიც უმთავრესია ნებისმიერი ქართველისთვის. ევროპელობაა მოქალაქეობრივი ღირსება, რომელსაც ყველა ქართველი იმსახურებს, ხოლო ღირსება ჩვენი თვითმყოფადობის საფუძველია“.

იცოდა რა, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მომხრეების გარდა, კრიტიკოსებიც ჰყავს, თავისი გამოსვლის ბოლოს კვირიკაშვილმა სწორედ ოპონენტების გასაგონად თქვა სიტყვები, რომლებმაც, როგორც მოგვიანებით დებატებისას გაირკვა, აშკარად იქონია გავლენა ევროსაბჭოს დეპუტატებზე:

„გვესმის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის პარტიათა ფორუმი, სადაც პოლიტიკოსები თავიანთ პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოხატავენ. მაგრამ წელს ჩვენს მეგობრებსა და ოპონენტებთან ერთი სათხოვარი გვაქვს: მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორითაც თქვენ იამაყებთ. გვაკრიტიკეთ, მაგრამ დახმარების ხელიც გამოგვიწოდეთ. დაგვეხმარეთ, რათა ყველამ გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობა ქვეყანაში, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებული კი არის, მაგრამ მთლიანად ევროპულია“.

მკაცრად მოდარაჯე აგრამუნტი და ოპონენტების არგუმენტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო სხდომას ხელმძღვანელობდა მისი პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, რომელმაც კვირიკაშვილის გამოსვლის შემდეგ შეკითხვებისათვის სიტყვა ჯერ ასამბლეის ფრაქციების წარმომადგენლებს მისცა, შემდეგ კი - ინდივიდუალურ წევრებს. თანაც, აგრამუნტი მკაცრად ადევნებდა თვალს, რომ ყველა შეკითხვით გამომსვლელი 30 წამში ჩატეულიყო. როგორც ზემოთ ითქვა, შეკითხვები იყო მწვავე, თუმცა კორექტული, და შეეხებოდა მართლმსაჯულების ნაკლოვანებებს, ქსენოფობიური მედიის არსებობას, ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სტალინის ძეგლების დადგმის რამდენიმე შემთხვევას, რომლის უკანაც, ზოგიერთი ევროსაბჭოელი პარლამენტარის აღქმით, შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენლებიც იდგნენ.

ამ შეკითხვების პასუხად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სტალინის რამდენი ბიუსტი თუ ძეგლიც არ უნდა დადგან ინდივიდუალურმა პირებმა თუ ცალკეულმა ჯგუფებმა, სტალინი ვეღარასოდეს გახდება საქართველოს პოლიტიკის განმსაზღვრელი ფიგურა.

წელს ჩვენს მეგობრებსა და ოპონენტებთან ერთი სათხოვარი გვაქვს: მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორითაც თქვენ იამაყებთ. გვაკრიტიკეთ, მაგრამ დახმარების ხელიც გამოგვიწოდეთ...

კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პირობა მისცა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს თავისუფალ მედიას ვერავინ შეზღუდავს, დაცული იქნება ადამიანის უფლება და მკაცრად დაისჯებიან პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერების ავტორები და გამავრცელებლები, რომლებმაც, კვირიკაშვილის თქმით, ყველაზე დიდი ზიანი სწორედ საქართველოს ხელისუფლების იმიჯს მიაყენეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას დარბაზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკლებლივ ყველა წევრი ესწრებოდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ბოლო სამი წლის ყველაზე საუკეთესო გამოსვლა უწოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის პირველი ნაწილი მოეწონა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს. მეორე ნაწილმა, რომელშიც მიღწევებზე იყო საუბარი, მასზე „სხვის მიერ დაწერილის“ შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო დებატების დროს კვირიკაშვილის მიერ წინა ხელისუფლების „რეჟიმად“ მოხსენებას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა „კონფრონტაციული“ უწოდა. თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის რეჟიმად მოხსენებაში ვერანაირ კონფრონტაციას ვერ ხედავს საქართველოს პარლამენტის მმართველი კოალიციის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ უნდა შეეგუოს იმას, რომ მათი მოღვაწეობის დიდ ნაწილს საქართველოს ისტორია უმკაცრესად შეაფასებს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG