Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი გაეროს: საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა ოკუპაცია და მოსკოვის ანექსიური პოლიტიკა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე

რუსეთის ოკუპაციის შედეგები, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი დახმარების საჭიროება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული რეფორმები, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა თუ 8 ოქტომბრის არჩევნები – ასეთი იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრის გამოსვლის ძირითადი აქცენტები 21 სექტემბერს, როცა ის საერთაშორისო თანამეგობრობას, 71-ე სესიის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მიმართავდა. გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტების წრეებში – თუკი ერთნი მეტი კონკრეტიკის, მეტი სიმწვავისა თუ მეტი ადეკვატურობის აუცილებლობას ხედავენ, მეორენი ფიქრობენ, რომ პრემიერს „დაბალანსებული“ გამოსვლა ჰქონდა და ამჟამინდელი რეალობა მეტი სიმწვავის საშუალებას არ იძლევა.

მდგრადი განვითარების მიზანი, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის უმთავრეს თემას წარმოადგენს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 21 სექტემბრის გამოსვლაში არაერთი კუთხით განიხილა. ითქვა, მაგალითად, რომ მდგრადი განვითარება შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, ხალხის გააქტიურების, მათი განათლებისა თუ ჯანდაცვის პრობლემების მოგვარების გარეშე. ხაზი გაესვა თითოეული ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და საგანგებოდ აღინიშნა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელობა, რაც გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას, მეწარმეობის ხელშეწყობას, ეფექტიან მმართველობას, რეგიონალურ განვითარებასა და განათლების სისტემის რეფორმირებას უკავშირდება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მდგრადი განვითარება შეუძლებელია „ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების გარეშე“. პრემიერი ამ კუთხითაც ქვეყნის პროგრესზე ლაპარაკობს:

„მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ ძირეული რეფორმები სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობის მიმართულებებით. ჩვენ გავაფართოეთ ბრალდებულთა უფლებები და დავასრულეთ თანამდებობის პირთა დაუსჯელობა. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით, რომელმაც გამოიარა რეფორმების რამდენიმე ტალღა დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ სასამართლო სისტემის რეფორმირებას, რათა მივაღწიოთ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს“.

ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს...
გიორგი კვირიკაშვილი

დემოკრატიული განვითარების პროცესზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოახლოებულ არჩევნებზე და დადო პირობა, რომ8 ოქტომბერს საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდება. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდის სამი თვით ადრე დაწყება მოწმობს, რომ საქართველო „რეალურად დემოკრატიულად ვითარდება“. პრემიერმა საგანგებოდ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს „სტრატეგიები, ინსტიტუტები და საბაზრო ნორმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს“ და რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი ორიენტირებულია ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში კვლავაც დათბობისა და კონსტრუქციული ურთიერთობების პოლიტიკაზე ილაპარაკა, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე გამოსვლისას მან 20 წუთიდან თითქმის 5 წუთი დაუთმო რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკასა და ოკუპაციის სავალალო შედეგებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მდგრადი განვითარება შეუძლებელია უსაფრთხოების გარეშე, არადა საქართველოში არსებული „მწარე რეალობა ყოველდღიურად შეგვახსენებს, რომ ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ“. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და რეალობა შემდეგნაირად აღწერა:

„ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს. ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად განიცდის ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ. მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარების ბოლოდროინდელ ფაქტს. ეს არის მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება“.

პრემიერის თქმით, მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც საქართველოს მთავრობამ „მემკვიდრეობით მიიღო“. აღინიშნა, რომ 2008 წლის ომის შედეგები მხოლოდ მშვიდობიანად უნდა აღმოიფხვრას და რომ აუცილებელია ნდობის აღდგენა და შერიგება:

„ჩვენ მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გავაერთიანებთ საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთისგან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას. ერთიანი საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა იქნება ნდობის აღდგენისა და შერიგების კიდევ ერთი სტიმული“.

პრემიერის სიტყვაში გათვალისწინებულია ყველა ის მომენტი, რომელიც საჭირო იყო, რომ დაფიქსირებულიყო გაეროში გამოსვლის ფარგლებში. ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე დგას ქვეყნის დღის წესრიგში, იყო შესაბამისად ასახული პრემიერ-მინისტრის სიტყვაში...
გიგი გიგიაძე

გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლაში ძირითადად რეფორმებით ტრაბახი დაინახა ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც თვლის, რომ პრემიერი არაადეკვატურად აფასებს შიდა პოლიტიკურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებს და უგულებელყოფს ხალხის პრობლემებს:

„ძალიან სამწუხაროდ, ეს გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება საერთოდ აცდენილია იმ მდგომარეობას, რომელშიც არის ხალხი. ქვეყანაში არის გაჭირვება, ქვეყანაში არის ბევრი პრობლემა... ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ინვესტიციების მოზიდვაზე და არა ასეთი არარეალისტური შეფასებების გაკეთებაზე რეფორმებთან მიმართებით“.

უკმაყოფილებასა და შენიშვნებს, რომლებიც სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც გამოითქვა, არ იზიარებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ აღნიშნა 22 სექტემბერს, გაეროს ტრიბუნაზე პრემიერის გამოსვლას არაფერი ჰქონდა დასაწუნი:

„პრემიერის სიტყვაში გათვალისწინებულია ყველა ის მომენტი, რომელიც საჭირო იყო, რომ დაფიქსირებულიყო გაეროში გამოსვლის ფარგლებში. ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე დგას ქვეყნის დღის წესრიგში, იყო შესაბამისად ასახული პრემიერ-მინისტრის სიტყვაში. რაც შეეხება სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მდგომარეობა უცვლელია, მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და, შესაბამისად, ამაზე, რასაკვირველია, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში ყოველთვის. რუსეთის მიერ ანექსირებულ ამ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის არჩევნები არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა“.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს არ უკვირს, რომ გიორგი კვირიკაშვილის „დაბალანსებულმა“ გამოსვლამ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების წრეებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. როგორც ზაალ ანჯაფარიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, თავად მასზე პრემიერის გამოსვლამ „მეტ–ნაკლებად“ პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა – მართალია, აქვს გარკვეული შენიშვნები, მაგრამ, მთლიანობაში, თვლის, რომ შესაძლებლის მაქსიმუმი გაკეთდა:

„ყოველთვის არსებობს რაღაც უკეთესის სურვილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ, ისევ და ისევ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელშიც საქართველო იმყოფება დღეს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გამოწვევების კუთხით, რაც არსებობს რეგიონში, რაც არსებობს საერთაშორისო არენაზე, საქართველოს წარმომადგენელს თავისი გამოსვლის გამწვავება ამაზე უფრო მეტად არ შეეძლო“.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, პრემიერის გამოსვლა ძირითადად გარე აუდუტორიაზე იყო გათვლილი, საქართველოს მოწონებას ისახავდა მიზნად და სწორედ ამიტომ გამოვიდა ასე „ზედმეტად ოპტიმისტური“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG