Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცენტები და პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

შეძლო თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ქვეყნისთვის სასარგებლო მესიჯების გავრცელება და რა პრიორიტეტები გამოკვეთა მან თავის მოხსენებაში?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე 1 ოქტომბერს თითქმის 20 წუთის განმავლობაში ილაპარაკა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა როგორც ქვეყნის მიღწევებს, ისე გამოწვევებს და საქართველოს როლსა და ადგილს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება შეაჩერა ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების რეფორმებზე, ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, აღნიშნა კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების უპირატესობა, ისაუბრა თავის ქართულ ოცნებაზე, რომელიც, მისი განმარტებით, გულისხმობს ეკონომიკური ზრდის მიღწევას, მმართველობის ინსტიტუტების განმტკიცებას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და ხალხისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას:

“ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ისეთ ადგილად, სადაც ბიზნესის წარმოება ხელსაყრელია და უცხოური ინვესტიციების განხორციელება - მიმზიდველი. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ შევქმენით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით. საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია. უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კონკრეტულ გარემოში, რომელშიც კერძო საკუთრების დაცვა გარანტირებულია. მსოფლიო ბანკის რეიტინგების თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაშიგამოკვეთა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობა, ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, აბრეშუმის გზის ფორუმის, როგორც უკვე განხორციელებული იდეის, მხარდაჭერის პოზიტიურ ასპექტებს და სხვა.

გასაგები მიზეზების გამო, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების ის ნაწილი გახდა განსაკუთრებული ინტერესის საგანი, რომელიც რუსეთსა და მასთან ურთიერთობებს შეეხებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობათა განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და მსმენელის ყურადღება შეაჩერა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა რუსეთთან სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და ტურიზმის მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ძალაში რჩება მიჯნაც: რუსეთთან ურთიერთობები ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე ვერ მოგვარდება.

“ნება მიბოძეთ მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენი ურყევი ნებაა ეს კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული მცოცავი ანექსია და, საერთო კეთილდღეობის იმედით, მიმართა აფხაზ და ოს ხალხებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე წარმოთქმული სიტყვა, „დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის გიორგი რუხაძის აზრით, საუკეთესო იყო იმ მოხსენებებს შორის, რომლითაც იგი აქამდე წარმდგარა საერთაშორისო ტრიბუნებზე. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ორ ასპექტს გამოყოფს: პრემიერ-მინისტრი არ მოერიდა რუსეთის მიმართ შედარებით თამამი განცხადებების გაკეთებას და არ ილაპარაკა წარსულზე, სააკაშვილის „სისხლიან რეჟიმზე“. თუმცა გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში პრემიერ-მინისტრის მოხსენება, მთლიანობაში, სუსტი იყო, რამდენიმე გარემოების გამო:

“როდესაც რუსულ აგრესიაზე საუბრობდა პრემიერი, მას არ უთქვამს, თუ რატომ ხდება ეს, ანუ რას ებრძვის ამით რუსეთი. ასევე არ უთქვამს, თუ რას ელის საქართველო მსოფლიო ლიდერებისგან. არ უხსენებია ვლადიმირ პუტინი, როგორც პრობლემების წყარო. ქართული პრობლემატიკა კვლავაც არ დააკავშირა იმ პრობლემებთან, რომლებიც დღეს მსოფლიო ლიდერთა დღის წესრიგში დგას -მაგალითად, აგრესია უკრაინაში, რუსეთის სამხედრო ჩართულობა სირიაში“.

გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გაეროში გამოსვლისას არ უხსენებია ნატოს 2016 წლის სამიტის მოლოდინები და არ უცდია საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერისათვის. იმ „მომავლის საქართველოში“ კი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი მოხსენებაში საუბრობდა, გიორგი რუხაძის აზრით, არ გაკეთებულა აქცენტი იმაზე, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი იქნება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია კი ფიქრობს,რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა აცდენილი იყო იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია:

“სერიოზული შეკითხვები არსებობს დემოკრატიის ხარისხთან, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასთან, მედიის შეზღუდვასთან, იმ ძირითად ფასეულობებთან დაკავშირებით, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასთან და ის, რასაც ბატონი პრემიერი საუბრობდა, არ არის თანხვედრაში და საერთაშორისო თანამეგობრობას სულ უფრო მეტი და მეტი შეკითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით. ეს არის ძირითადი პრობლემა და მეორე პრობლემა, რაც მე დავინახე მის გამოსვლაში, ის არის, რომ აქცენტები არ იყო სწორად დასმული“.

ბათუ ქუთელიას აზრით,რადგან სახელმწიფოს მშენებლობა სწორედ უსაფრთხოების პოლიტიკაზეა დამყარებული, აქცენტები უნდა დასმულიყო უპირველესად რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციაზე და ამაზე უნდა აგებულიყო დანარჩენი პრიორიტეტები.

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, თავის მხრივ, ცალსახად პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით შეაფასეს პოლიტიკოსებმა: მმართველი კოალიციის რიგებში ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სრულფასოვნად შეძლო როგორც მიღწევებზე, ისე გამოწვევებზე საუბარი, ოპოზიცია კი შენიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო აუდიტორიის წინაშე საქართველოს პრობლემები და საჭიროებები ადეკვატურად ვერ წარმოაჩინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG