Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოსტის ყოფილი თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან


პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში
პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში
”საქართველოს ფოსტის” ყოფილი თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობას შრომითი კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კომპანიაში მისულმა ახალმა გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ 500-მდე თანამშრომელს კოლექტიური ხელშეკრულებები გაუუქმა და ერთთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმა, რასაც რამდენიმე ხანში თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. ისინი შიშობენ, რომ თვის ბოლოს, ერთთვიანი კონტრაქტების ვადის ამოწურვის შემდეგ, სამსახურიდან სხვა თანამშრომლებსაც გაათავისუფლებენ. ინფორმაციას თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე კატეგორიულად უარყოფენ ”საქართველოს ფოსტაში”. კიდევ რა ბრალდებებს უყენებენ კომპანიის ახალ ხელმძღვანელობას ყოფილი თანამშრომლები?

ლელა სისაური, შპს ”საქართველოს ფოსტის” ყოფილი თანამშრომელი, ამბობს, რომ კომპანიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან შრომითი კანონმდებლობის დარღვევით გაათავისუფლა. მან და მისმა ხუთმა კოლეგამ 19 დეკემბერს დახმარებისათვის ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” მიმართა.

საზოგადოებრივი მოძრაობა ”ამომრჩეველთა ლიგის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ”საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის თანამდებობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბრის თვეში დაიკავა. ლელა სისაურის თქმით, ახალმა ხელმძღვანელმა მას და მის კოლეგებს
9 დეკემბერს, კვირა დღეს, დაგვიბარეს ხუთი ქვეგანყოფილების უფროსი და გვითხრეს, რომ ჩვენ გათავისუფლებულები ვართ სამსახურიდან. გვითხრეს, თითქოს სამსახურში არ დავდივართ. ცოტა ხნის მერე შემოგვთავაზეს, რომ გადაგვიყვანდნენ საკადრო რეზერვში...
ლელა სისაური

უსაფუძვლოდ გაუუქმა ერთწლიანი და უვადო შრომითი ხელშეკრულებები და 27 ნოემბერს ერთთვიან ხელშეკრულებებზე მოაწერინა ხელი. 4 დეკემბერს ერთთვიანი ხელშეკრულებები ფოსტის თანამშრომლებმა გააპროტესტეს და აქცია გამართეს. ლელა სისაურის თქმით, სწორედ ეს გახდა თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი.

”9 დეკემბერს, კვირა დღეს, დაგვიბარეს ხუთი ქვეგანყოფილების უფროსი და გვითხრეს, რომ ჩვენ გათავისუფლებულები ვართ სამსახურიდან. გვითხრეს, თითქოს სამსახურში არ დავდივართ. ცოტა ხნის მერე შემოგვთავაზეს, რომ გადაგვიყვანდნენ საკადრო რეზერვში. ვკითხეთ, რატომ გადავყავდით საკადრო რეზერვში, მაგრამ ამაზე პასუხი არ ჰქონდათ”, - ამბობს ლელა სისაური.

რაც შეეხება საკადრო რეზერვს, „საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ დაიწყო რეზერვის ფორმირება: რეზერვში ჩარიცხული პოტენციური კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან საკვალიფიკაციო მომზადებას, დასაქმდებიან „საქართველოს ფოსტის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.

ნათია ხუჭუა, ”საქართველოს ფოსტის” ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსი, გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა, ფოსტის ახალ ხელმძღვანელობას კანონდარღვევაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, იმ თანხისა და ფასიანი ნივთების გადაბარება, რაც პირადად მას ეკისრებოდა, მის გარეშე განხორციელდა:

”ათის თხუთმეტ წუთზე დამირეკა ოპერატორმა და მითხრა, რომ მოსულები იყვნენ გადაბარებაზე. ვუპასუხე, რომ ექიმთან ვიყავი. ორ საათში დავრეკე სამსახურში და მითხრეს, რომ ნივთების გადაბარება ჩემს გარეშე მიმდინარეობდა. მებარა ქვითრები, 10 000 ლარის ოდენობის მარკები, 1000 ლარი, ასევე 2000 ევრო და 5000 დოლარი”, - ამბობს ნათია ხუჭუა.
შაბათ-კვირასაც კი სამსახურში დავდიოდი, ამას ჩემი არაერთი თანამშრომელი დაადასტურებს. გარდა ამისა, არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც შეუძლია ნახოს, რომ მე სამსახური არ გამიცდენია...
ბესო გელენიძე


”საქართველოს ფოსტის” თბილისი-მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი ბესო გელენიძე თანამდებობიდან სამსახურის გაცდენის მიზეზით დეკემბრის დასაწყისში დაითხოვეს. ამ მიზეზით ”საქართველოს ფოსტიდან” კიდევ რამდენიმე ადამიანია გათავისუფლებული. ბესო გელენიძე ლევან ჩიკვაიძის ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას სამსახური არ გაუცდენია:

”3 დეკემბერს ძალიან ბევრ წერილზე მაქვს ხელი მოწერილი, ასევე მოხსენებით ბარათებზე. შევუთვალე ლევან ჩიკვაიძეს შეეცვალა ბრძანება, რადგან პირდაპირ ლახავდა ეს გადაწყვეტილება ჩემს თავმოყვარეობას. შაბათ-კვირასაც კი სამსახურში დავდიოდი, ამას ჩემი არაერთი თანამშრომელი დაადასტურებს. გარდა ამისა, არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც შეუძლია ნახოს, რომ მე სამსახური არ გამიცდენია”.

”საქართველოს ფოსტის” ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანიაში მათგან გათავისუფლებულ სამუშაო ადგილებს ახალი ხელმძღვანელობა ”ამომრჩეველთა ლიგის” აქტივისტებით ავსებს. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ”ამომრჩეველთა ლიგა” წინასაარჩევნო პერიოდში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნა.

”საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ყოფილ თანამშრომელთა ბრალდებებზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა კომპანიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნია ქირია, რომელსაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა, ამტკიცებს, რომ ”საქართველოს ფოსტის” ხელმძღვანელობას სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებია. როგორც ის ამბობს, რიგი თანამშრომლებისა გადავიდა საკადრო რეზერვში. რაც შეეხება
იმედი გვაქვს, რომ გათავისუფლებულ მუშაკებს სამსახურში აღადგენენ და, რაც მთავარია, დანარჩენ მუშაკებს, რომლებიც გადაიყვანეს ერთთვიან კონტრაქტებზე, ისევ დააბრუნებენ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე...
სულიკო მაშია

იმ თანამშრომლებს, რომლებმაც დახმარებისათვის ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” მიმართეს, ნია ქირიას სიტყვებით, მათ საკადრო რეზერვში გადასვლა არ ისურვეს და თავად დატოვეს სამსახური. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად ”საქართველოს ფოსტის” ხელმძღვანელობა ”ამომრჩეველთა ლიგის” ყოფილ აქტივისტებს ასაქმებს, ნია ქირია აბსურდულს უწოდებს. მისივე მტკიცებით, ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, 27 დეკემბრის შემდეგ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდება.

”საქართველოს ფოსტის” თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს კავშირგაბმულობის პროფკავშირიც. პროფკავშირის თავმჯდომარის სულიკო მაშიას თქმით, უახლოეს მომავალში ისინი სასამართლოს მიმართავენ ფოსტის ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან თანამშრომელთა კოლექტიური ხელშეკრულების დარღვევის გამო.

”იმედი გვაქვს, რომ გათავისუფლებულ მუშაკებს სამსახურში აღადგენენ და, რაც მთავარია, დანარჩენ მუშაკებს, რომლებიც გადაიყვანეს ერთთვიან კონტრაქტებზე, ისევ დააბრუნებენ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე - ერთი წლიდან სამ წლამდე და განუსაზღვრელი ვადით”, - ამბობს სულიკო მაშია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო ანდრიაშვილის თქმით, მიუხედავად ახალი ხელისუფლების ღია დაპირებისა, რომ სამსახურიდან არ გათავისუფლდებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სისხლისსამართლებრივი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ცენტრს არაერთი ადამიანი მიმართავს, რომელმაც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სხვადასხვა უწყებაში ხელმძღვანელობის შეცვლის შედეგად, სამსახური დაკარგა. ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას თავი აარიდოს ადამიანის შრომითი უფლებების მასობრივ დარღვევას.
XS
SM
MD
LG