Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 1 აგვისტო


დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი მთავარი თემა ამომრჩეველთა სიაა. “მილიონამდე ამომრჩეველმა არჩევნებში შესაძლოა მონაწილეობა ვერ მიიღოს” - ეს “რეზონანსის” სათაურია. გაზეთის ავტორი წერს: “საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის „კარდაკარის“ შედეგით გადამოწმებული სიების მიხედვით, მილიონამდე ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ „კარდაკარის“ პრინციპით 3483142 ამომრჩეველი შეამოწმა. აქედან ზუსტი მონაცემები 2160608 ამომრჩეველთან მიმართებაში დაფიქსირდა”, - წერს “რეზონანსი”, რომლის კორესპონდენტსაც რამაზ საყვარელიძემ უთხრა, “მარტო ერთი სიით მსჯელობა ძნელია, სასურველია, შედარებები გაკეთდესო”.

ამავე თემაზე წერს დღეს “24 საათიც” და სათაურში საქართველოს პარლამენტის სპიკერის სიტყვები გამოაქვს – “ ‘სიებით სპეკულაცია დასრულდა’ ”. სტატიაში ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძის კომენტარია: “ეს არჩევნები ახალი სიებით ჩატარდება და იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე ადრე. იმ პარტიებმა და ორგანიზაციებმა, რომლებმაც პარალელური „კარდაკარი“ დაიწყეს, თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. ივანიშვილს ფული გამოართვეს და “კარდაკარით”, უბრალოდ, უნდოდათ ამ ფულის ხარჯვა გაემართლებინათო”.

“ყველა სიახლის” კორესპონდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს ივან იესტრაბს ესაუბრა. ჩეხი დიპლომატი აცხადებს: “პოლიტიკური ცხოვრების პრობლემად მიმაჩნია ის, რომ აქ მოწინააღმდეგეს უყურებენ არა როგორც ოპონენტს, ვისაც სხვა აზრი და გეგმები აქვს, არამედ როგორც პოლიტიკურ მტერს”. ივან იესტრაბი აგრეთვე აცხადებს: “ეს საპარლამენტო არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის”.

დაყადაღების თემა კვლავაც აქტუალურია - “”ყადაღსტანად” გადააქციეს საქართველო”” - ეს უშიშროების ყოფილ მინისტრ, ამჟამად ანგარიშებდაყადაღებულ ლაშა ნაცვლიშვილთან ინტერვიუს სათაურია. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დღემდე ვერ მოახერხა გასაჩივრება, რადგან ივნისში მიღებული გადაწყვეტილების დამადასტურებელ დოკუმენტს, განჩინებას არ აძლევენ.

კიდევ ერთი დაყადაღებული, “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი ალექსანდრე შალამბერიძე “ახალ თაობას” ეუბნება: “დღეს ყადაღა ყველას გვაერთიანებს. სააკაშვილი საერთაშორისო დონის აფერისტია. ის არის უმაღლესი კლასის მოთამაშე. ისე გაგვაცურებს, აზრზე ვერ მოვალთ. ამიტომ, სანამ დროა, რაღაც უნდა ვიღონოთ. სანამ ყველანი დავუყადაღებივართ, გარეთ გავიდეთ და აქციები გავმართოთო”.

“აურზაური ნაციონალურ სალხინეთში” – “ვერსია” წერს, რომ მიმდინარე კვირაში “ნაციონალური მოძრაობა” დაასახელებს მაჟორიტარებს და ამ კვირაშივე “თანამდებობას დატოვებს ყველა პირი, ვინც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს”. რაც შეეხება სათაურში ნახსენებ “აურზაურს”, “ვერსია” წერს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი კარბელაშვილის დასახელების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და, კერძოდ, გივი თარგამაძე ყოფილა ამით უკმაყოფილო.

“საქართველოს რესპუბლიკა” საქართველოს საგარეო ვალის შესახებ წერს: “ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების მოცულობას ყოველწლიურად თითო მილიარდით ზრდის. გამონაკლისი არც 2012 წელია. ხელისუფლება წელს 946 მილიონი ლარის კრედიტს აიღებს... წლევანდელი ვალების თითქმის ნახევარს რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარჯავს. დანარჩენს ხელისუფლება ენერგეტიკული სისტემებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დახარჯავს”... - ამას “საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი წერს “პი-ემ-ესის” კვლევითი ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG