Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 7 სექტემბერი


საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლება იმ შენობას ანგრევს, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდაო, წერს დღევანდელი ”რეზონანსი” სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”დანგრეული პარლამენტი”. გაზეთი განმარტავს: ”პარლამენტში პლენარულ სხდომათა დარბაზი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, აღარ არსებობს. ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზების შემდეგ სასესიო დარბაზიც დაშალეს. თანაც, ამის მიზეზი არავის განუმარტავს და ჟურნალისტებს პარლამენტის მანდატურის სამსახური დარბაზის დაშლის პროცესის გადაღების საშუალებას არ აძლევდა”. რაც შეეხება ნგრევის მიზეზებს, ამაზე ”რეზონანსი” წერს: ”ჯერჯერობით შენობა არ გაყიდულა და ძნელი სათქმელია, რატომ ჩქარობს ხელისუფლება მის დაშლას. ივლისში პარლამენტის დაცლას პარლამენტის ხელმძღვანელობა პარლამენტის ქუთაისში გადატანას უკავშირებდა და ცალსახად ითქვა, რომ შენობის დანგრევა არ იყო განზრახული. მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტს დასანგრევად ამზადებდნენ და ისიც ითქვა, ეს ინვესტორმა მოითხოვაო. მაგრამ არც ინვესტორი გამოჩენილა და არც რამე დოკუმენტი არსებობს, რომ მოქმედი პარლამენტი გაიყიდა".

ისე, ყველაზე მეტს ქართული გაზეთები დღეს წერდნენ ამერიკელი სენატორების და ნაოს გენერალური მდივნის ვიზიტებზე. ”ახალი თაობა” წერს, ”ჯონ მაკკეინი საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ითხოვსო”. ”24 საათმა” ყველაზე მნიშვნელოვნად ანდერს ფოგ რასმუსენის ეს ფრაზა მიიჩნია: ”ნატოში მეგობარი გყავთ”. - სწორედ ეს გამონათქვამია მოწინავე სტატიის სათაურად გამოტანილი. ”რეზონანსისთვის” კი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნატოს გენერალური მდივნის სხვა გამონათქვამი: ”არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ტესტია”. ამ ფრაზას რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: ”ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ თუ ხელისუფლება აპირებს არჩევნების გაყალბებას 100 პროცენტით, შესაძლოა 20 პროცენტით შეამციროსო”.

”ვერსია“ კი წერს, თეა წულუკიანი მერაბ სამადაშვილს დაუპირისპირდაო. გაზეთი გვაუწყებს, ”ქართული ოცნების” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ამავე რაიონის ”ნაციონალების“ კანდიდატს უჩივის, რადგან სამადაშვილის მხარდამჭერები თეა წულუკიანის მხარდამჭერ ახალგაზრდას დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენო.

აქვე წაიკითხავთ პუბლიკაციას, სათაურით ”ვაჰაბიტი ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ამხელს”. აქ უცნობი რესპონდენტი ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე არსებულ ვითარებას თავისი ხედვის შესაბამისად აღწერს და ასახელებს ამ ამბის, მისი თქმით მონაწილეებს, მათ შორის ვინმე დიშნას, გუსლიკას, დუშმანას, ზოონს და სანდროს. მათი ვინაობა თუ გაინტერესებთ, ამას „ვერსიაში” ნახავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG