Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 23 ნოემბერი


დღევანდელი პრესა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 22 ნოემბრის პრესკონფერენციას ეხმაურება: “რეზონანსი” – “ივანიშვილი საქართველოს მარტოს ვერ ტოვებს. უცვლელი საგარეო პოლიტიკა და შესაცვლელი კონსტიტუცია”, “24 საათი” – “პრესკონფერენცია - დაპირებების კორექცია”, “ახალი თაობა” – “ბიძინა ივანიშვილი - “ტარიფები არ განახევრდება””. - ასეთია ამ თემაზე გამოქვეყნებული ზოგიერთი სტატიის სათაური.

“რეზონანსი” ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის იმ მონაკვეთზეც ამახვილებს ყურადღებას, სადაც მან “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და “მე-9 არხის” შეერთების იდეაზე ილაპარაკა. “რეზონანსს” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ უთხრა: “შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრემიერის სიგნალები მოცემულ საკითხთან მიმართებით სრულიად ადეკვატური და შინაარსიანია. თუმცა რამდენად მიჰყვება მას მედია ან ხალხი, ეს რთული საკითხია”. გამზარდია დასძენს, რომ “ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებლის” შექმნას საქართველოში უტოპიურად თვლის.

დღევანდელი პრესა “ვარდების რევოლუციის” მე-9 წლისთავსაც ეხმაურება. “ვერსიაში” ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: “რევოლუცია თავისი მიზნებით იყო მართლაც ძალიან სწორი და პოზიტიური. ეს იყო, უპირველესად, სამართლიანობის აღდგენა და ბედის ირონიაა, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა სწორედ იმ ხელისუფლებამ მოიტანა, რომელიც მოვიდა სათავეში. შემდეგ იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სოციალური რეალობის გაუმჯობესება და სამწუხაროა, რომ წლების შემდეგ იგივეს ითხოვს მოსახლეობა და იმავე მიზნებისთვის იბრძვის”.

“ვერსიაშივე” წაიკითხავთ - “მისცემს თუ არა გეგი ქელბაქიანი ჩვენებას გიგი უგულავას წინააღმდეგ”: “მთავარ პროკურატურაში “ნადირობის სეზონი”, როგორც ვარაუდობენ, ლიფსიტებიდან ვეშაპებზე გადავა. მიმართულების ვექტორი რამდენიმეა. მათ შორის, ქალაქის მერიც, რომელიც გამოძიების სამიზნე უკვე რამდენიმე მიმართულებით გახდა: გეგი ქელბაქიანის დაკავება და რიყის სკანდალი, რომელშიც ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ კითხვად - მისცემს თუ არა ჩვენებას უგულავას წინააღმდეგ ქელბაქიანი, აღმაშენებლის რეკონსტრუქციაში მონაწილე კონტრაქტორ ფირმებში საგადასახადოს შესვლა და ახლა უკვე “ჰერმესის” და სასაფლაოების სკანდალიც. ამჯერად ქალაქის მერს ღარიბაშვილის უწყებიდან შეუტიეს”, - წერს “ვერსია”.

ჟურნალ “არსენალის” რედაქტორი თავდაცვის სფეროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ დასავლეთის რეაქციას ეხმაურება: “ნუთუ ალიანსის წევრი ქვეყნების არმიებში არავის სჯიან არასაწესდებო ქცევისათვის, თუნდაც ის გენერლის სამხრეებს ატარებს? ნატოს წევრი ქვეყნების არმიებშიც არ არის იშვიათი დანაშაულები და ამისთვის ისჯებიან დამნაშავენი, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უკავიათ და რა წოდება აქვთ. მაშინ რატომ უნდა იყოს გამონაკლისი ქართული არმია, რომელიც ალიანსისკენ მიისწრაფვის?”

“თავდაცვის ახალი მინისტრის გეგმები” - ამ სათაურით “არსენალის” დღევანდელ ნომერში ირაკლი ალასანიასთან კიდევ ერთი ინტერვიუ ქვეყნდება. “რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ეს ვალდებულება მათ შეთანხმებით აქვთ აღებული”, - აცხადებს ალასანია და იქვე აზუსტებს: “ვადებზე ლაპარაკი ნაადრევია. ჯერ საქართველო ჭეშმარიტად ევროპული ოჯახის ნაწილი უნდა გახდეს”.

“ახალ თაობაში” ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების პროცესზეც ლაპარაკობს: “აქ ლაპარაკია იმაზე - ამ ადამიანის დაპატიმრების მოტივი იყო პოლიტიკური თუ კრიმინალური. ზოგიერთ მათგანს დანაშაული ჩადენილი არ აქვს, ზოგიერთს აქვს ჩადენილი ან ხელოვნურად აქვს დამძიმებული მუხლები. მაგრამ მთავარი არის ის, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური მოტივი, ეს ადამიანები ციხეში არ აღმოჩნდებოდნენ”.

დღეს გამოვიდა ყოველკვირეული “უიკენდი”. მასში ქვეყნდება მოსაზრებები ახალი მთავრობის უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა თუ გამოცხადებულ გეგმებზე. გაზეთში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კულტურას. ქვეყნდება ინტერვიუ რუსთაველის თეატრის მმართველ ზაალ ჩიქობავასთან. ის იხსენებს, რომ როდესაც კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა, მან გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო და რობერტ სტურუასთვის რეჟისორის სტატუსში თეატრთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად ხელშეკრულება შესთავაზა. ახლა კი, რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნების შემთხვევაში, ზაალ ჩიქობავა სხვა რეჟისორებთან წასვლაზე, ახალი თეატრის შექმნაზე ლაპარაკს იწყებს და აგრძელებს: “მაგრამ არც იმას ვიტყვი, რომ მე დღეს განცხადებას დავწერ და თეატრიდან შეშინებული გავიქცევი. ამას არ გავაკეთებ. ძალიან ძნელია ამ გარემოში, მენტალიტეტში, რაც ჩვენს საზოგადოებაში დღეს ტრიალებს, რაღაცნაირად გააღწიო და გაჭრა ეს ყველაფერი. მოვლენებთან დაკავშირებით ყველას ჩვენი აზრი და დამოკიდებულება გაგვაჩნია. ალბათ, დრო თავისას იტყვის”, - ამბობს ზაალ ჩიქობავა “უიკენდისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG