Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 13 თებერვალი


გაზეთი ”ვერსია” საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ერთ-ერთი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებია. დავით ბერძენიშვილი აცხადებს: ”დედას გეფიცებით, ნატო-ში შევალთ და დსთ-ში არ დავბრუნდებით, კონსტიტუციური ტექსტი არ არის. ამიტომ ჩვენ მოვძებნეთ ფორმა, რომლის მიხედვითაც, პრეამბულაში ჩაიწერება, რომ, ისტორიულად, საქართველო წარმატებული იყო მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი დასავლური არჩევანი რეალიზებული გვქონდა”.

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი ამავე საკითხზე ”ყველა სიახლეს” უცხადებს: ”პოზიცია ნამდვილად არ შეცვლილა. ის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლურია, არაერთხელ განვაცხადეთ. ეს წერია ჩვენს პროგრამაშიც. იმის თქმა, რომ ეს კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ, შეურაცხმყოფელი მგონია კონსტიტუციისთვის”. საგანელიძე იმასაც ამბობს: ”ღმერთმა დაგვიფაროს, რომ კოალიციაში ყველა ერთნაირად ვფიქრობდეთო”.

”ყველა სიახლეშივე” დღეს ყოფილ დეპუტატ კობა ხაბაზთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. 8 თებერვლის ამბავი დღეს არაერთი სხვა პუბლიკაციის თემაც არის. კობა ხაბაზი ამბობს: ”თუ ჩემს ქვეყანას, ჩემს პრეზიდენტს დასჭირდება, თუ დავინახავ, რომ შეეხებიან ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, მუშტს კი არა, იარაღსაც ამოვიღებ დასაცავად!”. ხაბაზი აცხადებს - კორიდორიც რომ ყოფილიყო, არ ვისარგებლებდი. ”არ ვაპირებ პრეზიდენტთან შეხვედრაზე უკანა შესასვლელებით ვიაროო”.

”რეზონანსი” წერს: ”კაცი, ვინც ჩიორას ხელი გაარტყა, ყოფილი პოლიციელია და ამჟამად ტაქსის მძღოლად მუშაობს”. გელა მამალაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ თავდაცვის სამინისტროშიც მუშაობდა და აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა, 2011 წლის 26 მაისს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ყოფილა და აქციის დარბევაზე უარის თქმის გამო სამსახურიდან დაუთხოვიათ. მამალაძე ”რეზონანსთან” საუბრისას 8 თებერვალს მომხდარს იხსენებს: ”მე ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, როგორ მომქაჩა ვიღაცამ მარცხენა მხარზე და, შემოტრიალებულმა, გამწარებულმა, ხელი დავარტყი. გვიან გავაცნობიერე, რომ მანდილოსანს მოხვდა ჩემი ხელი და ამას ვნანობ. კიდევ ერთხელ ვუბოდიშებ”.

8 თებერვლის აქციის კიდევ ერთი მონაწილე, პოლიტმატიმრად აღიარებული ზაზა დავითაია, ეუბნება ”ახალ თაობას”: ”მე, როგორც ქართველი მამაკაცი, ვგმობ სიტუაციას, როცა ქალი ხდება დაზარალებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩიორა იყო პროვოკატორი. რელსებზე მიგაბრტყელებს მატარებელი, თუ წინ გადაუდგები, ქალი ხარ თუ კაცი, ამის მიუხედავად. კეთილი ინებოს, იმ მატარებელს წინ ნუ გადაეღობება, რომელსაც ქართველი საზოგადოება ჰქვია”.

”ახალ თაობაში” გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს, რომ სხვადასხვა საქმეზე გასამართლებულ უკვე 11 პატიმარს აქვს ნათქვამი გამოძიებისთვის, რომ თავის დროზე აიძულებდნენ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. ”ერთ-ერთი საბაბი, რის გამოც სააკაშვილი და მისი დამნაშავე რეჟიმის მაღალჩინოსნები გასამართლდებიან, ვიქნები მე”, - აცხადებს ხაინდრავა.

”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტს ირაკლი ბათიაშვილი ეუბნება: ”მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ, უაღრესად ვიწრო წრეში, რომელთაგან გარკვეული ნაწილი დღეს საზღვარგარეთ იმყოფება და ზოგიერთი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი მაღალჩინოსანია, აქტიურად განიხილავენ, უფრო სწორად, ჯერჯერობით მიდის მხოლოდ ლაპარაკი და მსჯელობა ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შესაძლებლობის თაობაზე”.

დასასრულ, არაპოლიტიკურ თემაზე: ”24 საათის” კორესპონდენტი ბერლინალეზე ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის, ”გრძელი ნათელი დღეების”, ჩვენებაზე მოუთხრობს. ”რეჟისორებმა, მგონი, შეძლეს ეთნოგრაფიულობასა და ვიწრო საზღვრებს გაქცეოდნენ. დიახ, ეს საქართველოს 90-იანი წლებია - უახლოესი წარსული, ყველაზე გულწრფელად და დამაჯერებლად აღქმული, მაგრამ ამ ჩვენი წარსულის ეპიცენტრში დააყენეს ადამიანები, ადამიანები გარდაქმნისა და ომის ფონზე - ეს კომპოზიცია კი ყველგან და ყოველთვის აქტუალურია”, - წერს ”24 საათის” კორესპონდენტი ბერლინიდან.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG