Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 25 მარტი


პარლამენტის გასული ხუთშაბათის სხდომის ნიუანსებზე დღევანდელი პრესაც წერს. ჟურნალ ”ლიბერალის” გარეკანზე სათაურია: ”უსუფაშვილი ყველას წინააღმდეგ”. ავტორი წერს: ”დრო გვაჩვენებს, იყო თუ არა გასული საპარლამენტო კვირა სააკაშვილის ეპოქის დასასრული, მაგრამ დღეს სრულიად ცხადია, რომ, დავით უსუფაშვილის სახით, საქართველოში სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკოსი დაიბადა”.

”ლიბერალში” ევროპის სახალხო პარტიის სახელით ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილი წერილის ერთ-ერთ ხელმომწერ იოაჰიმ ცელერთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ცელერს უთქვამს: ”გაკვირვებული დავრჩი, რომ ასეთი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა თავად პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. ერთი გერმანული ანდაზა მახსენდება - ”ის ძაღლები ყეფენ, ვისაც მოხვდა””.

”კვირის პალიტრას” თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ეუბნება, რომ ის და ბიძინა ივანიშვილი დღეს ”უფრო ძლიერი პარტნიორები” არიან: ”მადლიერი ვარ იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც იჩენს თავდაცვის სამინისტროსა და ჩემს მიმართ. ჩვენ კარის ინტრიგებზე მაღლა უნდა დავდგეთ. როგორც კი ვიღაცაზე რამეს იტყვი და გაბრაზდები, საქმეს ვეღარ გააკეთებ, ინტრიგებში უნდა ჩაება. მე კი არმია მაქვს შესაქმნელი”, - განუცხადა ირაკლი ალასანიამ ”კვირის პალიტრას”.

ამავე გაზეთში დღეს კახა ბენდუქიძესთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მომავალში პოლიტიკურ ძალებს დაქსაქსავს ისე, რომ ”პრემიერ-მინისტრები მის მერე დანიშნონ მრავალპარტიულმა კოალიციებმა”, - ამბობს კახა ბენდუქიძე და დასძენს, ”ამის შედეგად აღარ იქნება საფრთხე, რომ მის შემდეგ მოსული პრემიერი გაუსწორდეს საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანსო”.

”კვირის ქრონიკა” წერს, რომ ”არჩილ კბილაშვილი შავ დღეშია...”: ”ცალკე მისი გამომძიებლები და პროკურორები უშლიან ხელს გამოძიებას და ცალკე - მოსამართლეები. ასე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილის ”ჯიბის პროკურორებს” არ დაითხოვს სამსახურიდან, ხოლო ”უბის მოსამართლეები” ჩადენილი უკანონობისთვის პასუხს არ აგებენ”.

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძეც ლაპარაკობს არჩილ კბილაშვილზე. მთავარ პროკურორს მეტი გამოცდილება უნდა ჰქონდეს და პროკურატურაში ბევრი ვინმე უნდა შეიცვალოსო, ამბობს ის.

”ვერსია” ცდილობს ინფორმაციის შეგროვებას შუალედურ არჩევნებში ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” სავარაუდო კანდიდატებზე. გაზეთის ინფორმაციით, ”ქართულ ოცნებას” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ ჰყავს, თუმცა გამორიცხული არ არის ”ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ორბიტამ მხარი, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენმდივანს, სოსო მანჯავიძეს დაუჭიროსო”. ”ვერსიის” ავტორი კიდევ რამდენიმე სავარაუდო კანდიდატს ასახელებს, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატად კი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის დასახელებაზე აქვს ინფორმაცია. დეპუტატობის მსურველთა შორის სტატიაში დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, კობა ნარჩემაშვილი და ვაჟა ლორთქიფანიძეც სახელდება.

დღევანდელი ”ვერსიიდან” შეიტყობთ, რომ ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ოთარ ჭილაძის ლექსზე ნიკა მემანიშვილის მიერ დაწერილი მუსიკა ჩაუწერია.

აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს დააინტერესებთ ინტერვიუ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან. ის ”რეზონანს/მთელ კვირას” ეუბნება, რომ აბიტურიენტების რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყება და სამ კვირას გასტანს. ეროვნული გამოცდები კი, სავარაუდოდ, 27 ივნისს დაიწყება. მაია მიმინოშვილი კიდევ ერთ სიახლეზე ლაპარაკობს: აბიტურიენტებს შეუძლიათ მხოლოდ ჩასაბარებელი საგნები აირჩიონ და ფაკულტეტის საბოლოო არჩევანი მას შემდეგ გააკეთონ, როცა შედეგებს გაიგებენ.

”ასავალ-დასავალი” დღეს 90-იანი წლების ერთ გახმაურებულ ამბავს - ეროვნული ბანკის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის დემურ დვალიშვილის სიკვდილის საქმეს უბრუნდება. ”დემურ დვალიშვილის მეუღლე და მდივანი 20 წლიან დუმილს არღვევენ!” - წერს გაზეთი და მათთან ინტერვიუებს სთავაზობს მკითხველს. დვალიშვილის მეუღლე ”ასავალ-დასავალს” ეუბნება, ”დემურ დვალიშვილის მკვლელობა დაიგეგმა შოთა კვირაიას კაბინეტში, სადაც ძალიან ბევრი ბნელი საქმე იგეგმებოდაო”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG