Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 24 აპრილი


დღევანდელი პრესა მკითხველს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის დეტალებსა და პოლიტიკურ შეფასებებს აცნობს. "რეზონანსს" ასეთ მოსაზრებას უზიარებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია: "პოლონელი დეპუტატის შეკითხვის პასუხისას უფრო კორექტული და დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. აშკარად ჩანდა, რომ ეს დეპუტატი სააკაშვილის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ის საქართველოს მეგობარია და მკვახე პასუხებით გაუცხოება ქვეყნის ინტერესებს ავნებს".

"ყველა სიახლეში" დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ინტერვიუ ქვეყნდება. საუბარი დათა ახალაიასაც ეხება. ჟურნალისტი ღარიბაშვილთან იმ ვერსიის შემოწმებას ცდილობს, რომლის თანახმადაც, დათა ახალაია ბოლო დრომდე საქართველოში იმყოფებოდა და სულ ცოტა ხნის წინ სასულიერო პირების დახმარებით შეძლო ქვეყნის დატოვება. შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ვერსიას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს. დათა ახალაიაზე კი ამბობს, რომ თუ მას "აქვს სურვილი თავის ქვეყანასა და ხალხს უთხრას სიმართლე, რა ხდებოდა რეალურად და რა დავალებებს აძლევდნენ მას, ეს დაეხმარება გამოძიებას იმ მრავალი საქმის გახსნაში, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული, საბოლოო ჯამში კი, ეს ქვეყანას წაადგება. არ გამოვრიცხავ მასთან თანამშრომლობას, გამოძიებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეო", აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ამავე გაზეთში დღეს გია ხუხაშვილთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ჟურნალისტი მას ეუბნება, რომ ბოლო ხანს "ახალი ხელისუფლების "რუხ კარდინალად"" მოიხსენიებენ. ხუხაშვილი კი პასუხობს, ამ და ჩემ შესახებ სხვა "მითებს" ქმნის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც "რაღაც ახალი დაავადება შეეყარა. ამას პირობითად "ხუხოფობია" ვუწოდოთო".

"ვერსიის" საშუალებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს ნესტან კირთაძე: "ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ მინდა ვუთხრა - დღეს მისი ყველაზე დიდი გამოწვევა სოციალური სამართლიანობის აღდგენაა!" ამავე ინტერვიუში ნესტან კირთაძე ივანიშვილს ურჩევს სასწრაფოდ მოიწვიოს თავისი ეკონომიკური ბლოკი და "დადოს არა ისეთივე მარქსიზმ-ლენინიზმის თხზულება, როგორიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდა, არამედ რეალური ანტიკრიზისული პროგრამა! თუ არადა, სააკაშვილის დახმარების გარეშე დაითხოვოს მთავრობა და შექმნას პროგრამული ანტიკრიზისული ჯგუფი!".

"ვერსიაში" დღეს ირმა ინაშვილის ვრცელი წერილი ქვეყნდება, სადაც ის საქართველოს წინაშე არსებული საშინაო და საგარეო საფრთხეებზე თავის მოსაზრებას აყალიბებს. წერილის სათაურია - "ძმაო, თქვენ ალაოდ ხომ არა ხართ?!".

"ახალ თაობაში" ქვეყნდება დღეს სტატია, სათაურით - "ორი ნაგავსაყრელი ქუთაისში". სტატიის ავტორი ხელისუფლებას ქუთაისელთა პრობლემების მიმართ უყურადღებობის გამო აკრიტიკებს და წერს: "ქუთაისში, როცა პარლამენტის შენობა საზამთროსავით წამოაგორეს (მაპატიეთ, ააშენეს!), გამეორედედაქალაქებულში სასწრაფოდ დააპროგნოზირეს: სიმონ, ქუთაისში ნიკეაზე ხო გვქონდა ერთი ნაგავსაყრელი, ახლა ბიტონის ზაოდთან მეორე გვექნება და რაღა გვიჭირსო. ეს მეორე ნაგავსაყრელი მწარეენიანი იმერლებისთვის, არ გაგიკვირდეთ, პარლამენტის შენობაა. უწმინდური ძველი ჩინოვნიკის გულივითო - უთქვამს ილიას. უწმინდურების ადგილი კი ჯოჯოხეთში ან ნაგავსაყრელზეა", - წერს "ახალი თაობის" ავტორი.

დღევანდელი "რეზონანსი" წერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N16 დაწესებულების დახურვისა და მისი თანამშრომლების პროტესტის შესახებ. "ძველი კადრებისგან ციხეების "გასუფთავებამ" მასშტაბური ხასიათი მიიღო" - ასე ასათაურებს ავტორი სტატიას, რომელშიც წაიკითხავთ როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ისე უფლებადამცველების მოსაზრებებს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ირაკლი კორძაიას კი "რეზონანსისთვის" განუმარტავს, რომ რუსთავის დაწესებულება რემონტის გამო დაიხურა. "რემონტის პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან. კონკრეტულად რამდენი თანამშრომლის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ თუ არ დადასტურდება ამ ადამიანების ბრალეულობა, ისინი სამუშაო ადგილებს ჩვეულებრივ დაუბრუნდებიანო", განუცხადა ირაკლი კორძაიამ "რეზონანსს".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG