Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 22 მაისი


დღევანდელი პრესა ცდილობს მკითხველს მიაწოდოს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ის დეტალები, რაც გუშინ არ გახმაურებულა. "ყველა სიახლე" წერს, რომ ვანო მერაბიშვილს დაკავებამდე ერთი დღით ადრე ძალოვან უწყებებში მომუშავე პირებმა, "რომელთა კონტროლს მერაბიშვილი ახერხებს", აცნობეს, რომ 21 მაისს მისი დაკავება იგეგმებოდა და ინფორმაცია მიაწოდეს მისთვის წასაყენებელ ბრალდებებზეც. "ყველა სიახლისთვის", კონფიდენციური წყაროს თანახმად, მერაბიშვილს უთქვამს, "რა სისულელეა, ჩემს დაკავებას ვერ გაბედავენ, თორემ ივანიშვილის მთავრობა თავს აიფეთქებსო". "ყველა სიახლის" ინფორმაციით, მერაბიშვილს დაკავების დროსაც არ სჯეროდა, რომ აკავებდნენ. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, "მერაბიშვილი გამომძიებლებს დაემუქრა და უთხრა, რომ მალე დადგებოდა დრო, როდესაც მათ სხვა გარემოებებსა და სხვა ვითარებაში შეხვდებოდა. სხვათა შორის, მერაბიშვილს "პატივი სცეს" და ხელბორკილი არ დაადესო", - წერს "ყველა სიახლე".

ამავე გაზეთის ერთ-ერთი სტატიის ავტორისთვის "ერთ-ერთ მაღალჩინოსან სამართალდამცველს" უთქვამს, რომ უახლოეს დღეებში თბილისის მერ გიგი უგულავას დააკავებენ. უგულავასთვის, უკვე წაყენებულ ბრალდებებთან ერთად ახალი ეპიზოდებიც იქნებაო, უთქვამს წყაროს "ყველა სიახლისთვის".

დღევანდელი "ალია" მკითხველს ამ გაზეთსა და ამავე რედაქციის მიერ გამოცემა "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ იმ ინფორმაციას შეახსენებს, რომელიც ვანო მერაბიშვილისთვის ახლა წაყენებულ ბრალდებებს ეხმიანება. ამასთან, "ალიას" ავტორი წერს: "ვანო მერაბიშვილი "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი და, ამავდროულად, თბილისის ვიცე-მერია. გიგი უგულავამ და ვანო მერაბიშვილმა უკვე 2013 წელს ერთობლივად დაასაქმეს მერაბიშვილის "ზონდერები" მერიის სტრუქტურებში, მათი უმეტესობა კი გამგეობების სოციალურ სამსახურებში". ამავე სტატიაში წაიკითხავთ: "მერიას შეაფარეს მერაბიშვილმა და უგულავამ სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილი სადისტები, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც პატიმრების წამება-გაუპატიურებაში მონაწილეობდნენ".

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე "ვერსიის" კორესპონდენტს "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის იმ კანდიდატთა ოფიციალურ ჩამონათვალს აცნობს, ვინც პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. "ვერსიის" ჟურნალისტი დავით ბაქრაძეს ეუბნება: "ამ ჩამონათვალში არ არის ვანო მერაბიშვილი და ბოლო დროს გავრცელდა ვერსია, თითქოს პრემიერთან გარიგების შედეგად პრეზიდენტი სწორედ მერაბიშვილი გახდებაო". ბაქრაძე ჟურნალისტს პასუხობს: "ვანო მერაბიშვილს ბევრი ნიჭი აქვს და, ალბათ, მისი ერთგვარი ნიჭია ისიც, რომ მის ირგვლივ ყველაზე ორიგინალური ჭორები ტრიალებს. იგი პარტიის ერთ-ერთი ძირითადი ლიდერია და მის მიღწევებსაც ვერავინ უარყოფს. ამიტომ, ალბათ, ვანო მიიღებს მონაწილეობას პრაიმერში! თუმცა ამ ჭორზე ღიმილის გარეშე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ".

"ახალი თაობა" წერს: "ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლებას შესაძლოა კომპრომატები დათა ახალაიამაც მიაწოდოს. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში მერაბიშვილის მოადგილე და მარჯვენა ხელი იყო. მათ ბევრი საქმე აქვთ ერთად გაკეთებული. და თუ ახალაია მართლაც ალაპარაკდა, მერაბიშვილი შავ დღეში ჩავარდება".

"საქართველოს რესპუბლიკის" პირველ გვერდზე მსხვილი შრიფტით წარწერაა - "სამართალმა პურის ჭამა დაიწყო!..".

"რეზონანსის" სტატიის სათაური - ""პრეზიდენტო, ინსტინქტებიც დაგჩლუნგებია" - მომხრეები სააკაშვილის წინააღმდეგ". - ავტორმა "ტაბულის" რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის "ფეისბუკის" ერთ-ერთი სტატუსიდან ამონარიდი გამოიყენა. "რეზონანსში" პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტ კახაბერ ჯაყელთან ინტერვიუ ქვეყნდება: "რადგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კარგავს პოზიციებს და ჩამქრალ ვარსკვლავს ემსგავსება, ის თავის გარშემო აუცილებლად შექმნის გარკვეულ ვაკუუმს და სწორედ ამ სიცარიელის შესავსებად და ადგილის დასამკვიდრებლად ერთმანეთს უნდა შეებრძოლონ ნამდვილი ოპოზიციური პარტიები, თუ ისინი ბუნებაში ნამდვილად არსებობენ". ამავე ინტერვიუში კახაბერ ჯაყელი ამბობს: "მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობა", როგორც პარტია, გაქრება ან უკიდურესად დასუსტდება პოლიტიკურ ბაზარზე, "ქართული ოცნება" დარჩება ერთადერთი პასუხისმგებელი ძალა დასაქმებისა და სოციალური საკითხების მიმართ და ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაამართლებენ. შედეგად, ხალხი 3 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დასავლეთისკენ მოტრიალდება და ამ შემთხვევაში ისინი გაჰყვებიან პროდასავლურ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელიც შეიძლება იმ პერიოდში იყოს "ნაციონალების" ბაზაზე აღმოცენებული ახალი ძალა ანდა "რესპუბლიკელების" პარტია".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG