Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 30 მაისი


დღევანდელი პრესა რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოტანის საკითხზე წერს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ”24 საათისთვის” უთქვამს: ”რაც ამ დღეებში ადმინისტრაციულ საზღვართან ხდება, სრულიად მიუღებელია და ბუნებრივია, რომ დიალოგის მონაწილეები, თუნდაც, ადამიანური თვალსაზრისით, ამ თემას გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით, მაგრამ პრობლემის საგნობრივი განხილვა ორმაგ ფორმატში ვერ მოხდება, რადგან ეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატითაა გათვალისწინებული”.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის 26 მაისის მოვლენებით დამძიმებაზე ორი წლის წინანდელი ამბების უშუალო მონაწილე ნონა გაფრინდაშვილი ”ახალ თაობას” ეუბნება: ”დღეს კონკრეტულად მერაბიშვილს აქვს ბრალი წაყენებული, მაგრამ დანარჩენების დროც მალე დადგება. ერთი კაციც არ გამოჩნდა ისეთი, რომელსაც გამბედაობა ეყოფოდა, გამოვიდოდა და ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს მოიხდიდა. აქეთ მაღალ ”გონორზე” არიან”.

”სახალხო კრების” კიდევ ერთი წარმომადგენელი კი, ირაკლი ბათიაშვილი, ”ალიას” უზიარებს ვარაუდს: ”2011 წლის 26 მაისი უახლოეს პერიოდში შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სერიოზული საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა, ამაზე ყველას ფიქრი გვმართებს. ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, იყო ლოგიკური და სამართლიანი, მაგრამ ახლა ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ, 26 მაისის სისხლიანი დარბევის უკან იდგა თუ არა მიხეილ სააკაშვილი, მოხდებოდა თუ არა ეს ვანდალური დარბევა პრეზიდენტის გარეშე? რა თქმა უნდა, არა!”, - თავისსავე კითხვას პასუხობს ბათიაშვილი და ვანო მერაბიშვილს ”ამ მიმართულებით გამოძიებასთან თანამშრომლობას” ურჩევს.

”რეზონანსი” წერს, რომ ”საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, კობა დავითაშვილის მიერ აზარტული თამაშების ყველა სახის რეკლამის აკრძალვის ინიციატივის პარალელურად, პარლამენტში ორი თვის წინათ შევიდა პეტიცია, რომლის ავტორები სათამაშო ბიზნესის საერთოდ აკრძალვას ითხოვენ. პეტიციის შესვლის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებს, აკრძალვის ავტორებსა და საპარლამენტო ჯგუფს შორის მოლაპარაკება დაიწყო. ერთ-ერთ ბოლო, რიგით მეოთხე, შეხვედრაზე პარლამენტარმა ზურაბ ტყემალაძემ შეხვედრაზე მყოფ ბიზნესმენებს განუცხადა, ან ბევრ რამეს დათმობს სათამაშო ბიზნესი და ბიზნესს ქალაქგარეთ გაიტანს, ან არადა, არსებობს ინვესტორი, რომელსაც ამ ბაზარზე შემოსვლა უნდა და ”ის მიხედავს ყველაფერს”, ახლა მოქმედი ბიზნესი კი ამით წაგებული დარჩებაო”. ზურაბ ტყემალაძეს ”რეზონანსისთვის” განუცხადებია: ”მე ვარ ის პიროვნება, რომელიც სათამაშო ბიზნესის საერთოდ დახურვის მომხრე ვარ და არა ის, რომ ამ სფეროში ვინმეს ლობირება გავუწიო. სახელმწიფო ამ ბიზნესის მონოპოლიზებას არ აპირებს”.

”ზუგდიდელები” საქართველოს პარლამენტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას სთხოვენ” - ამ სათაურით ”საქართველოს რესპუბლიკაში წაიკითხავთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ”17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენათა გამო, საზოგადოება ”ზუგდიდელის” ინიციატივითა და ძალისხმევით”, ზუგდიდში შეკრება გამართულა. მის ერთ ერთ მონაწილე სასულიერო პირს უთქვამს: ”ტრაგედიაა, როცა ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად არ მიიჩნევენ. ეკლესიაშიც მოდიან ასეთი ადამიანები და იკურნებიან კიდეც. ეკლესიას აქვს ამის ძალა. რატომღაც აბორტები ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე ამათი უფლებების შელახვა. შევაწუხოთ ჩვენი მთავრობა და მოვთხოვოთ მათ, რომ კანონით აიკრძალოს უზნეობის პროპაგანდა”. ზუგდიდის შეხვედრის მონაწილეებს მიუღიათ რეზოლუცია, რომელიც პარლამენტს გაუგზავნეს.
XS
SM
MD
LG