Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 19 სექტემბერი


„რეზონანსი“ აქვეყნებს ინტერვიუს მოძრაობა „ერთიანი ჯავახკის“ ყოფილ ლიდერ ვაჰაგან ჩახალიანთან, რომელიც ამბობს: „ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯავახეთში არანაირი ექსტრემიზმი არ არსებობს. ეს არავის უნდა - არც სომხეთს, არც საქართველოს და არც ჯავახეთის მოსახლეობას. სომხეთსა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვთ. ბოლოს და ბოლოს, ამ თემაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ხალხს აქ ნორმალურად, ცივილიზებულად ცხოვრება სურს“. ვაჰაგან ჩახალიანი „რეზონანსს“ აგრეთვე ეუბნება: „ჩვენი სურვილია თვითმმართველობას ადგილობრივები მართავდნენ და ის პრეზიდენტის კანცელარიიდან არ იმართებოდეს“. ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის ცოდნაა: „თუკი სახელმწიფოს სურს, რომ ქართული ენა ვისწავლოთ, დაამატონ ქართული ენის საათები, სომხური სკოლები კი აღგვიდგინონ. ასევე, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე სომხურ სკოლებში სომხეთის ისტორია კვირაში ერთი საათით ისწავლებოდა, სააკაშვილმა კი ეს აკრძალა დ ამ ისტორიის სწავლების აღდგენას ვითხოვ“.

„24 საათი“ წერს, რომ „კონსტიტუციაში დაგეგმილი შესწორებები პარლამენტში კვლავ პოლიტიკური შეთანხმებების აუცილებლობას ბადებს. საგაზაფხულო სესიის ბოლოს ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებიდან რამდენიმე უმრავლესობამ დღის წესრიგიდან მოხსნა. გუშინდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი აღარ განიხილავს დაზღვევის მიზნით (პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევას ითვალისწინებდა) მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის ამოქმედების საკითხს აზუსტებდა, და არც ორმაგი მოქალაქისთვის დაწესებული თანამდებობრივი შეზღუდვების გაუქმების მიზნით ინიცირებულ პროექტს. გუშინდელ დღის წესრიგში მხოლოდ პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონპროექტები იყო შესული“.

ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ეუბნება „ალიას“: “ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ „ნაციონალებს“ პროვოკაციების მოწყობის ნაკლები შანსი ექნებათ. მათ არ ეყოლებათ თავიანთი პრეზიდენტი, ასევე აღარ ეყოლებათ გუბერნატორები, გამგებლები შეიცვლებიან, საკრებულოები დაიშლება და „ნაციონალური მოძრაობაც“ ნელ-ნელა აორთქლდება, როგორც სახელისუფლებო ძალა. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი შანსია, რომ კოჰაბიტაცია დამთავრდეს. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლის შემოდგომაზე თვითონ სიტუაცია მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე“.

„ალიას“ ავტორი წერს პრემიერ-მინისტრობის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატზე. გაზეთი ერთ-ერთ ექსპერტზე - ვაჟა ბერიძეზე - დაყრდნობით, წერს: „თურმე, მომავალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, უჩა მამაცაშვილი იქნება. ბერიძის თქმით, ის ივანიშვილის აქტივების, ანუ ბიზნესის მართვაში მონაწილეობს და ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ არ არის პოლიტიკური ფიგურა“.

ამავე თემაზე „ახალ თაობას“ „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ეუბნება: „მე ძალიან უხერხულად და შეურაცხმყოფელად მიმაჩნია მემკვიდრეზე ლაპარაკი. ეს არის სახელმწიფოს უპატივცემულობა, უპატივცემულობაა ქართველი საზოგადოების და მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ივანიშვილი არის პრემიერ-მინისტრი და, მიუხედავად მისდამი ჩემი დიდი პატივისცემისა, მინდა ვთქვა, რომ ის არ არის იმპერატორი, რომ მემკვიდრეები დატოვოს. თუ ვინ შეცვლის მას, ამას გადაწყვეტს ხალხი არჩევნების გზით და არა თვალის პაჭუნით, ინტრიგებით, კულუარული გარიგებებით და ასე შემდეგ“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG