Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 25 სექტემბერი


„სქემა, რომლითაც ქართველმა თაღლითებმა ამერიკელი ცოლ-ქმარი „გადააგდეს““ – „ვერსიაში“ წაიკითხავთ ამ სათაურით სტატიას, რომელშიც აღწერილია ამბავი, თუ როგორ გადაურიცხეს 2010 წელს ამერიკელმა ცოლ-ქმარმა რიტერებმა 400 ათასი დოლარი ქართველ მეგობრებს და როგორ აღმოჩნდნენ რამდენიმე წლის შემდეგ მოტყუებულები. „ვერსიის“ ინფორმაციით, დაზარალებული ბენჯამენ ჩარლზ რიტერი ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის კოლეგის, ბენჯამენ რიტერის შვილია. ნინა ჭანტურია-რიტერი „ვერსიას“ უამბობს, როგორ მოისურვეს მან და მისმა მეუღლემ საქართველოში ბიზნესში თანხის დაბანდება და ეს, დიდი ხნის მეგობრისადმი ნდობის გამო, მათთვის თანხის დაკარგვით დასრულდა: „მინდა ამ თაღლითების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და კუთვნილი თანხა დავიბრუნოთ. უნდა დაისაჯონ და კანონის წინაშე პასუხი აგონ. ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ, მაგრამ ახლა ვერაფერს ვამბობ, მრცხვენია“.

„რეზონანსს“ წინასაარჩევნო კამპანიის თავისებურებებზე ელაპარაკება პიარსპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი: „საზოგადოებას უნდა მეტი რადიკალიზმი. სწორედ ამიტომ არის პოპულარული ნინო ბურჯანაძის მესიჯი, რომ ის აღადგენს სამართლიანობას. ბურჯანაძემ ამ მესიჯით ანკესი გადაუგდო იმ საზოგადოებას, რომელიც უკმაყოფილოა ამჟამინდელი და წინა მთავრობის ქმედებებით“. ამავე ინტერვიუში პირმისაშვილი ამბობს, რომ „საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა და დღეს ეს არ იგრძნობა. რატომღაც კანდიდატები კონკრეტულ დაპირებებს არ იძლევიან, რადგან დაინახეს, რომ დაპირებების ასრულება შემდგომ პრობლემურია. არადა, სწორედ ასეთი დაპირებებით იგებდნენ „ნაციონალები“ არჩევნებს“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი სოსო მანჯავიძე „ალიას“ კორესპონდენტს არჩევნების შედეგებსა და შემდგომ მოვლენებზე თავის პროგნოზს აცნობს: „აპრიორი გაიმარჯვებს მარგველაშვილი, მეორე ადგილზე გავა ბაქრაძე, მესამეზე - ბურჯანაძე. პარლამენტს რაც შეეხება, არავითარი დაშლა პარლამენტისა არ მოხდება. ბაჩანა ახალაიას არჩევნებიდან სულ ცოტა ხანში გამოუშვებენ. მიდის მუშაობა და გამოვა ვანო მერაბიშვილიც, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. სააკაშვილს არავითარი სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემუქრება, ის გავა დამსახურებულ პენსიაში, პარლამენტში კი მხოლოდ ძალების გადაჯგუფება მოხდება და უკვე ღიად დაუკავშირდებიან ერთმანეთს „რესპუბლიკელები“, „ნაციონალები“ და გარკვეული დეპუტატები. „ქართული ოცნება“ დაიშლება და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისთან ერთად დაიწყება ნდობის კრიზისიც“, - ამბობს სოსო მანჯავიძე და დასძენს: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რაც მიგვიყვანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე“.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის აზრს გაეცნობით ინტერვიუში, რომელიც „ახალ თაობაში“ ქვეყნდება. ზურაბიშვილი ამბობს: „მე, როგორც პოლიტიკის მეცნიერი, ვიტყვი, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, რადგან ლეგიტიმურობა ეცლება პარლამენტს, პრემიერს, მთავრობას, ყველას, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდის, ვთვლი, რომ ვადამდელი არჩევნები კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. არ არსებობს პარტიები, ივანიშვილმა ჩაყლაპა, გააქრო, რეალურად არც არსებობდა, მაგრამ რაც იყო... უკვე გითხარით, რომ სასამართლო არ არსებობს. ცესკოში რა ხდება. საპარლამენტო არჩევნები ნორმალურად რომ ჩატარდეს, ამის საფუძველი არ არსებობს“.

„ყველა სიახლეში“ უმრავლესობის წევრ ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. საუბრის დასასრულს ჟურნალისტი მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობისადმი საზოგადოების ინტერესის თემას წამოჭრის. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ „ჯერჯერობით კოალიციის შიგნით ამ საკითხზე კონსულტაცია არ დაწყებულა. როგორც ჩანს, ჯერ თვითონ პრემიერსაც არ შეურჩევია სავარაუდო კანდიდატი თუ კანდიდატები. არ ვიცი, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, მაგრამ შემიძლია საიდუმლოდ გაგიმხილოთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება“.

„ყველა სიახლეს“ პარტიზანული მოძრაობის დაწყების საჭიროებაზე ელაპარაკება ანონიმი რესპონდენტი, რომელიც, როგორც ამბობს, თამარაშენიდან არის. „უკვე დროა, აფხაზეთსა და ცხინვალში პარტიზანული მოძრაობა დაიწყოს. აბა, მაშინ ველოდოთ, სანამ სახლში არ შემოგვიცვივდებიან. თუმცა შეიძლება ვცდებოდე კიდეც და ისეთი ქმედება იყოს საჭირო, როგორც ახლა ვიქცევით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მუდამ ასე არ გაგრძელდება და ერთხელაც მოთმინების ფიალა აგვევსება. მხატვრულად რომ ვთქვა, მე უკვე მიზანში მყავს ამოღებული რუსები და დროს ველოდები, ჩახმახს რომ გამოვკრა“, ეუბნება ანონიმი რესპონდენტი „ყველა სიახლეს“. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე გამორიცხავს ამ ეტაპზე პარტიზანული მოძრაობის დაწყებას, რადგან ასეთს ერთდროულად სჭირდება მოსახლეობისა და ხელისუფლების მხარდაჭერა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG