Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 26 დეკემბერი


„რეზონანსი“ ლარის გაიაფების შესახებ წერს: „ლარი დიდი სისწრაფით ისევ დაბლა დაეშვა. წინასაახალწლოდ მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. გაქცეულ ლარს მიყოლილი ფასები ბევრ ადამიანს დატოვებს საახალწლო სამზადისის გარეშე. არადა, დეკემბერში ლარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, როდესაც ლარი ამ მოთხოვნის პირობებშიც კი უფასურდება, რაღა იქნება იანვარში? გამოდის, რომ 2014 წლიდან კურსის კიდევ უფრო მკვეთრ ვარდნას უნდა ველოდოთ“.

„რეზონანსშივე“ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიასთან ინტერვიუს წაიკითხავთ. გამზარდია ამბობს: „“ოცნებას“ ხარისხიანი ადმინისტრირება არ აქვს. კოალიცია, ფაქტობრივად, დაშლილია და ერთადერთი - სტატუსი აერთიანებთ. გარდა ამისა, მათ ადამიანური რესურსების მართვაში სერიოზული ჩავარდნები აქვთ, ნეპოტიზმიც მაღალია, ინფორმაციის გადინება და ერთგული ადამიანების საკითხიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ სისუსტეებს „ნაცმოძრაობა“ კარგად იყენებს“.

დღევანდელი „ალია“ წერს: „დასრულდა ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, რომელიც „ნაციონალების“ „კეთილი სურვილებით“ იყო მოკირწყლული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვალი ჩავუკრათ ხელისუფლებაში მოკალათებული თაღლითების თავხედურ გამოხტომებს, „ბის“-ზე გამოვიძახოთ პროკურატურა და უჩინმაჩინის ქუდს ამოფარებული მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ყაჩაღური ქურდობისთვის ნასამართლობის ცნობა ამოუღეს გერმანიის არქივიდან. არ უნდა გაგვაბრუოს ბიძინას „თრილერების“ წყალობით „განმიშებულ“ საქართველოში თავისუფლებამ, რადგან ზღვარგადასულ თავისუფლებას სიგიჟე მოჰყვება, რაც შემდეგ ხალხის აგრესიაში გამოიხატება. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ოქროს შუალედის მოძებნა და სამართლის მაძიებელი ხალხის დაშოშმინება“.

მთავარი პროკურორის საკითხს ეხება პოლიტიკის ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის „ახალი თაობისთვის“ ნათქვამიც: „ეს-ეს არის გამოვედით ტოტალიტარული, ავტორიტარული მმართველობიდან, ახლა ყალიბდება მმართველობის სხვა ფორმა, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა სახეს შეიძენს. ამ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ პიროვნებებს, რადგან მათზეა დამოკიდებული და არა სტრუქტურებზე ჩვენ დემოკრატიული მიმართულებით წავალთ, ახალ ღირებულებებზე გადავალთ, თუ ვრჩებით ძველში. ასეთივე მნიშვნელობა აქვს მერაბიშვილის განცხადებასაც. ჯერჯერობით გაურკვეველია გამოიყვანეს ციხიდან თუ არა, არსებობს ეს ფირები თუ არა. ეს თემაც ფარცხალაძეს უკავშირდება. ხელისუფლებას დღემდე არ გაუკეთებია დამაჯერებელი კომენტარი, რა ხდება ამ საკითხთან მიმართებაში“.

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „საქართველოს რესპუბლიკაც“ ეხმაურება: „მძინარე თბილისს მერი მოჰპარესო! ვითომ ის არაფერი, მოპარულ მერს ქვეყნის ბიუჯეტიდან, თურმე, 40 თუ სულაც 70 მილიონი ლარი რომ აქვს მოპარული. მაგრამ ეს მთავარი მაინც არ არის. მთავარი ის გახლავთ, რომ, სავარაუდოდ, ოთარ ფარცხალაძეს ამ 13 წლის წინათ რაღაც ფათერაკი უდავოდ შეემთხვა გერმანიაში, მაინცდამაინც ძარცვა-ქურდობა თუ არა, როგორც მინიმუმ, პოლიციასთან ჩხუბი მაინც! და თუ კანონი მას დროის ხანდაზმულობის გამო უქარწყლებს ნასამართლეობას და არ უკრძალავს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნას, ავბედითად რჩება მორალური მხარე. ისიც, ამ საყოველთაო სკანდალის ფონზე თავის თავს თუ აძლევს უფლებას დარჩეს თანამდებობაზე?!“, - „საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორი იხსენებს შემთხვევას, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაკების დაპატიმრების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე სწორედ მორალური მოტივით გადადგა.

პარლამენტის ყოფილ წევრ მარინა მოლოდინს „ალია“ მკითხველს წარუდგენს ზურაბ ჟვანიას მეგობრად, რომელიც ახლა ალაპარაკდა. მოლოდინი იხსენებს, რომ ჟვანიას სიკვდილის ამბის გაგებისთანავე თვლიდა, რომ ის მოკლეს: „რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ მართალი ვარ. იმ განცხადებებით და იმ აფორიაქებით, რამაც „ნაციონალების“ აფუთფუთება გამოიწვია კობა ხარშილაძის დაჭერით, ვრწმუნდები, რომ მართალი ვარ“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG