Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 7 იანვარი


შობა-ახალი წლის დღეებში ქართული პრესა არასტაბილურად გამოდის. დღეს სულ ორი ყოველდღიური გაზეთის პუბლიკაციებს მიმოვიხილავ.

„ახალი თაობა“ წერს, რომ „წლევანდელი წელიც პოლიტიკურად მეტად დატვირთული იქნება, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომლის მშვიდობიანად დასრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებისა“. „ახალი თაობის“ ავტორი თვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ბოლო შანსია „ნაციონალებისთვის“. რეგიონებში... თუ საარჩევნო შედეგები მათ სასარგებლოდ არ დაფიქსირდება, ნაციონალები რეგიონებსაც დაკარგავენ. სახელისუფლებო გუნდს რაც შეეხება, კოალიციას ჯერ საბოლოოდ არა აქვს გადაწყვეტილი, ერთიანად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში თუ კოალიციის სუბიექტები ცალ-ცალკე იყრიან კენჭს. როგორც პოლიტიკური ექსპერტები ვარაუდობენ, ცალკე თითოეული პარტია, რომელიც დღეს კოალიციის რიგებშია, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, არასაპარლამენტო პარტიებმა კი შესაძლოა საარჩევნო ბლოკად გაერთიანების შემთხვევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ“. „ახალი თაობა“ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის ალბათობაზეც წერს: „გამოითქვა ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლური ორიენტაციის პარტიების საერთო კანდიდატი გახდება ადგილობრივ არჩევნებზე. ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა, მაგრამ იმედია, მას თბილისის მერის არჩევნებისთვის მაინც არ დაუდებენ კვანტს“.

„ახალი თაობა“ მომავალი მთავარი პროკურორის ვინაობის შესახებ არსებულ მწირ ინფორმაციას აჯერებს და ასეთი რამ გამოსდის: „გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურა ირაკლი ღარიბაშვილს უკვე შერჩეული ჰყავს და ის კახა კახიშვილი არ არის. სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ ახალი პროკურორი საპარლამენტო უმრავლესობიდან ნამდვილად არ იქნება“.

ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ლაპარაკობს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე: „ჩვენ გვთხოვენ იმას, რომ რელიგიური, სექსუალური თუ სხვა მიზეზების გამო არ ხდებოდეს ქუჩაში ადამიანების ცემა, არ იყოს რეპრესიები და ა.შ., რაც პრაქტიკულად საქართველოში არ ხდება. ეს არის ხელოვნურად გაბუქებული პრობლემა. ეს არის შეფარვით თუ ღიად პრორუსული ძალების ქმედებები, რომ თითქოს, დავუშვათ, ერთსქესიანი ევროპა ისეთივე საშიშია ჩვენთვის, როგორც დამპყრობელი რუსეთი. ეს ერთმანეთის საპირწონე არ არის. ჩვენ არავინ გვაძალებს იმას, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინება დავუშვათ. არავინ გვაძალებს იმას, რომ ჩვენი უბიწოება არ დავიცვათ. ეს ჩვენი პირადი საქმეა“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ კი ქვეყნდება ინტერვიუ პროფესორ ბიძინა სავანელთან, რომელიც თვლის, რომ დღეს საქართველოსთვის გამოსავალი არის: „სამხედრო ბლოკებს მიუმხრობელ სახელმწიფოდ საქართველოს გამოცხადება და ევროკავშირში გაერთიანება, რასაც რუსეთი, სომხეთი და თურქეთი ეცდება, მაგრამ მაინც ვერ დააბრკოლებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ივანიშვილის და მისი გუნდის მოსვლით, რუსეთს, სომხეთს და თურქეთს საქართველოს სამი ნაწილის მათ მიერ მიტაცების, ანუ მთლიანად საქართველოს სააკაშვილის მეოხებით განადგურების გეგმა ემსხვრევა!!! ამიტომ „ნაცმოძრაობის“, ანუ შინაური მტრების, წინააღმდეგ გავერთიანდეთ და საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5-ის ძალით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოვითხოვოთ!“

„საქართველოს რესპუბლიკის“ ერთ-ერთი ავტორი საჯარო სამსახურებში კადრების რაოდენობისა თუ ხელფასების ზრდაზე წერს: „კოალიცია „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში ყოფნის დროს წინასაარჩევნო პერიოდში მუდამ აკრიტიკებდა „ნაციონალებს“ საჯარო სამსახურებში კადრების უაზრო გაბერვისა და სახელფასო განაკვეთების თვითნებური ზრდის გამო. მაგრამ გავიდა ხელისუფლებაში „მეოცნებეთა“ ყოფნის 1 წელი და, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება და მათი შრომითი ანაზღაურებაც“. ამავე სტატიის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურაში თანამშრომლების რაოდენობა მცირდება კიდეც, მაგრამ უწყების სახელფასო ხარჯი იზრდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG