Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 29 იანვარი


„ქალაქში ავი ინვესტორებია! ხეების ჩეხა ბევრ ადგილას იგეგმება“ – „რეზონანსი“ აქტივისტი მოქალაქეების მიერ შექმნილი პლაკატის წარწერას იყენებს სათაურად. პლაკატზე კი ასეთი წარწერაა - „ფრთხილად! ეზოში ავი ინვესტორია!“. „რეზონანსი“ ვაკის პარკის ერთ-ერთ დამცველს, პარტიზან მებაღე ნატა ფერაძეს გაესაუბრა. ფერაძე ამბობს: „პროტესტი გაგრძელდება, სანამ კანონი მშენებლობას ერთმნიშვნელოვნად არ აკრძალავს. ამბობენ, რომ სასტუმროს აშენებენ, თუმცა არქიტექტორებმა ჩახედეს და სასტუმრო კი არა, სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლია, რადგან ოთახში გაზქურები დგას. დღე-დღეზე სასამართლოშიც შევიტანთ სარჩელს“.

„რეზონანსშივე“ დღეს სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეზე ვრცელ ინტერვიუს წაიკითხავთ ადვოკატ მაგდა კოტრიკაძესთან. ის ამბობს, რომ პროკურატურა გააპროტესტებს თეთრაძის მკვლელობის ეპიზოდში მეგის ქარდავას გამართლების შესახებ გადაწყვეტილებას: „საინტერესოა, რითი ახსნის სასამართლო ქარდავას გამართლებას და რა იქნება მათი პოზიცია. ახლა ამბობენ, მტკიცებულებები არ იყოო, მაგრამ სინამდვილეში საკმარისზე მეტი იყო. ქარდავას ამ საქმეში გამართლება, რა თქმა უნდა, დაცინვაა. წარმოუდგენელია, მას რომ ამაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდეს“.

„ვერსიას“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ეუბნება: „როცა ოპოზიცია იმ კომპრომისებზეც ისაუბრებს, რომლზეც უმრავლესობა წავიდა, მათ პრეტენზიებსაც მოვისმენ, რატომ არავინ ამბობს, რომ გამგებლისა და მერის თანამდებობა რეგიონებში არჩევითი გახდა? როცა ოპოზიციაში ვიყავით, თბილისის მერის პირდაპირი არჩევის დაკანონებასაც მძიმე ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ“.

„ვერსიაშივე“ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის „პოლიტიკური იდილიის“ შესაძლო არსებობაზე, ასე პასუხობს: „ჩვენს შორის პოლიტიკური იდილია ნამდვილად არ არსებობს, პირიქით, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სრულიად ნათელი სიგნალი გამოგვიგზავნა - პროკურატურაში არსებული რიგების შეჩერება „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებულიო. ახლა ეს ადამიანი, არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, საზოგადოებრივი აზრის დამორჩილებას ცდილობს. ბიძინა ივანიშვილმა გამოჩენა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო სექტორი მთავრობით უკმაყოფილოა და კრიტიკულ შენიშვნებსაც არ ერიდება“.

„ახალი თაობა“ წერს 2011 წლის 26 მაისის საქმეზე: „2011 წლის 26 მაისი არა მარტო საქართველოს ისტორიის შავ ლაქად, არამედ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთ-ერთ გამორჩეულ ფაქტად შეიძლება დარჩეს საქართველოს ოსტორიაში. გამორჩეულად იმიტომ, რომ მთავარი პროკურატურა ისეთ თვალნათელ და აშკარა დანაშაულს ვერ უმტკიცებს მის მთავარ შემოქმედს ვანო მერაბიშვილს, რომელი დანაშაულიც პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში მოხდა და რომელსაც არათუ ათობით, არამედ ათასობით რეალური მოწმე და თვითმხილველი ჰყავს. უფრო მეტიც, დღეს იხატება სურათი, რომ ვანო მერაბიშვილი 26 მაისის სასაკლაოსთან დაკავშირებით სრულიად უმანკო ყოფილა და იმ ავბედით ღამეს რუსთაველის გამზირზე ადგილი მხოლოდ პოლიციელთა მიერ ძალის ინდივიდუალური გადამეტების შემთხვევებს ჰქონია“.

„ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია საქართველოში მომავალი წლიდან დაგეგმილ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერებაზე ლაპარაკობს: „ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ამასთან, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რომელიც ხელისუფლებას უნდა დავუსვათ: თუ ერთი კომპანია იქნება, ხომ არ იქნება ის მონოპოლიურ მდგომარეობაში? თანაც, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება და რამდენად შეძლებს 22 ობიექტი მათ მომსახურებას? ჩემი აზრით, 22 ტესტირების ცენტრი ამ საქმეს არ ეყოფა“.

„ყველა სიახლე“ თბილისის გზების უხარისხობაზე წერს. გაზეთისთვის ერთ-ერთ მძღოლს უთქვამს: „ზოგჯერ მგონია, რომ ის ხალხი, ვისაც ამ გზების მოწესრიგება ევალება, პროფილაქტიკების წილშია. ნორმალური გზა ჯერ არ გვღირსებია. ვოცნებობ, ოდესმე ხარისხიან გზაზე გავატარო მანქანა. ვითომ აგებენ ამ გზებს, მილიონებს ყრიან და ერთ თვეში ეს მილიონიანი გზები კაპიკად არ ვარგა“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG