Accessibility links

ქსენია სობჩაკი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი


ქსენია სობჩაკი და ​​ალექსეი ნავალნი

ქსენია სობჩაკი რუსეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნება - რომ იტყვიან, ცნობილი სახეა: გარეგნობით შთამბეჭდავი ტელეწამყვანი, ოპოზიციონერი აქტივისტი, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის ქალიშვილი. ამდენად, ბუნებრივია, რომ მან მთელი რუსეთი და არამარტო რუსეთი აალაპარაკა, როცა გამოაცხადა, რომ აპირებს თავისი კანდიდატურა წამოაყენოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქალი კონკურენციას გაუწევს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს - კაცს, რომლის კარიერული წინსვლაც თავის დროზე მჭიდროდ უკავშირდებოდა ქსენია სობჩაკის მამის, ანატოლი სობჩაკის, სახელს.

  • რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი პრეზიდენტობისათვის ბრძოლას აპირებს
  • ქსენია სობჩაკი რუსეთის ელიტურ-ურბანული წრეების ერთ-ერთ ცნობილ სახედ ითვლება
  • სობჩაკის მამა იყო სანქტ-პეტერბურგის მერი 1991-96 წლებში, ანატოლი სობჩაკი
  • ალექსეი ნავალნის აზრით, კრემლის მიზანია ქსენია სობჩაკის სახით იარსებოს „კარიკატურულმა ლიბერალმა კანდიდატმა“

ქსენია სობჩაკმა 18 ოქტომბერს თავის ვებსაიტზე და ინსტაგრამზე დადო მოკლე ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ უკვე ხუთი წელია, ოპოზიციონერებსა და „ათიათასობით სხვა ადამიანთან“ ერთად გამოდის მიტინგებზე და მოითხოვს ცვლილებებს, არადა, ცვლილებები არ ხორციელდება. ქურდები და კორუმპირებულები კვლავაც ცრუობენ, ძალაუფლების მქონენი კვლავაც იპარავენო, ამბობს 36 წლის ტელეჟურნალისტი. ის განმარტავს, რომ პრეზიდენტობისათვის იბრძოლებს, რადგან სურს ამომრჩევლებს დაუბრუნოს „ყველას წინააღმდეგ“ ხმის მიცემის შესაძლებლობა. საარჩევნო ბიულეტენებზე „ერთ დროს საამისოდ იყო გრაფა „ყველას წინააღმდეგ“ - გარანტია იმისა, რომ თქვენს ხმას არც ერთ კანდიდატს არ მისცემდნენ. მაგრამ ეს გრაფა წაგვართვეს, რათა უფრო გაადვილდეს ჩვენი ხმების მოპარვა, რათა რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ხელისუფლების სათავეში, - ამბობს სობჩაკი. „ქსენია სობჩაკი - კანდიდატი ყველას წინააღმდეგ“ - ასეთი ლოზუნგით მთავრდება 18 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ქსენია სობჩაკის შესაძლო ჩართვაზე რუსეთში ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ალაპარაკდნენ. ზოგი მედიასაშუალების თანახმად, ელიტურ-ურბანული წრეების ეს ერთ-ერთი ცნობილი სახე კრემლთან შეთანხმებით გააქტიურდა. თავად სობჩაკი უარყოფს, რომ პოლიტიკურ ელიტასთან არის მოლაპარაკებული, თუმცა ტელეარხ „დოჟდთან“ საუბრისას მან აღიარა, რომ „გარკვეული ხნის წინ“ შეხვდა პუტინს და უთხრა, რასაც აპირებს.

თავად პუტინს ჯერ არ გამოუცხადებია 2018 წლის არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის მორიგი - მეოთხე - ვადით წამოყენების შესახებ. მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამას გააკეთებს და იოლად გაიმარჯვებს კიდეც. ბევრი ფიქრობს, რომ ქსენია სობჩაკის კანდიდატად დასახელება, შესაძლოა, მართლაც კრემლის პროექტი იყოს საიმისოდ, რომ შეიქმნას პუტინის „რეალური კონკურენტის“ ილუზია არჩევნებისათვის ლეგიტიმურობის შესაძენად და ელექტორატის გასააქტიურებლად - ეს მაშინ, როცა პუტინის მართლაც პოპულარულ კონკურენტსა და ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, - სხვათა შორის, ქსენია სობჩაკისა და მისი ოჯახის მეგობარს, - არ აძლევენ კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას. ამჟამად ნავალნი იხდის 20-დღიან პატიმრობას, რომელიც მოსკოვის სასამართლომ შეუფარდა უსანქციო დემონსტრაციებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის.

ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი და მისი ორგანიზაცია - „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ - ჯერ არ გამოხმაურებიან სობჩაკის 18 ოქტომბრის განცხადებას, მაგრამ გასულ თვეში ოპოზიციონერს, როცა ტრადიციულ ვიდეოპროგრამაში პასუხობდა მისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, არ დაუმალავს, რომ სობჩაკს დაუპირისპირდება, თუ ის მართლაც გადაწყვეტს პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ჩაერთოს. ალექსეი ნავალნის ეჭვი არ ეპარება, რომ კრემლის მიზანია სობჩაკის სახით იარსებოს პრეზიდენტობის „კარიკატურულმა ლიბერალმა კანდიდატმა“ და მმართველ ელიტას ის განსაკუთრებით გამოადგება მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადაწყვეტს, არ დაუშვას არჩევნებში თავად ნავალნის მონაწილეობა.

სექტემბერში გამოთქმულ ამ ვარაუდს დამაჯერებლობას მატებს განცხადება, რომელიც 17 ოქტომბერს გააკეთა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ: მისი თქმით, ალექსეი ნავალნის 2028 წლამდე არ ექნება არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება. მანამდე რუსეთის პოლიტიკური ელიტა, როგორც ჩანს, მხოლოდ ლიბერალი კანდიდატების „კარიკატურებს“ დაუშვებს.

2010 წელს, როცა ქსენია სობჩაკი საქართველოში შეხვდა ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ინტერვიუს ასაღებად, ჟურნალისტს, ცნობების თანახმად, პუტინის გამოსახულებიანი მაისური ეცვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG