Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრობლემები ფსიქიატრიის სფეროში


„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, ასევე „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პაციენტთა მიმართვიანობა ერთი მესამედით გაიზარდა, ამის თაობაზე განცხადება სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა. მატება გამოიწვია ორიოდე თვის წინ საავადმყოფოებში მწვავე განყოფილებების დახურვამ. ფსიქიატრები აცხადებენ, რომ განყოფილებების დახურვა არასწორი ნაბიჯი იყო და ამან სფეროს განვითარება შეაფერხა.

პრობლემები ფსიქიატრიის სფეროში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:51 0:00
გადმოწერა

„საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარის, ეკა ჭყონიას თქმით, პაციენტები ამ ორ ცენტრს მას შემდეგ მოემატა, რაც დაფინანსების პოლიტიკა შეიცვალა და კერძო საავადმყოფოებმა მწვავე განყოფილებები დახურეს. საუბარია თბილისში არსებულ ორ განყოფილებაზე. ეკა ჭყონია ამბობს, რომ მწვავე განყოფილებები, შესაძლოა, უნაკლოდ არ მუშაობდა, მაგრამ მათი არსებობა მაინც აუცილებელი იყო:

„ეს განყოფილებები არის მულტიპროფილურ საავადმყოფოებში და, სტიგმიდან გამომდინარე, პაციენტი უფრო თამამად მიდის იქ, ვიდრე დიდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მაშინაც კი, როცა ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს და თვითონაც აცნობიერებს, რომ უნდა იმკურნალოს, მისთვის სერიოზული შემარფერხებელი ფაქტორია ის, რომ საგიჟეთში უნდა წავიდეს (ძალიან ცუდი სიტყვაა, მაგრამ ასე ეძახის ხალხი)“.

ეკა ჭყონია
ეკა ჭყონია

ეკა ჭყონია ამბობს, რომ მწვავე განყოფილებებს მიმართავდნენ როგორც მწვავე ფსიქოზის მქონე პირები, ასევე ისინიც, ვისაც შედარებით ადვილად განკურნებადი ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ, მაგალითად, დეპრესია. ჭყონიას თქმით, ასეთი ადამიანები განყოფილებების დახურვის შემდეგ დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში აღარ წასულან და პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ:

„ასეთი ადამიანები აღარ მიდიან დიდ საავადმყოფებში, რადგამ მათ არა აქვთ ე. წ. ფსიქოზები. მათ აქვთ ფსიქიკური პრობლემები, ფსიქიკური აშლილობები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ქრონიკული ფსიქოზი“.

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ მათ ცენტრში მომართვიანობა ყოველთვის დიდი იყო და არც ახლანდელი ციფრია შემაშფოთებელი, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ცენტრს, ადრინდელთან შედარებით, დაბალი დაფინანსება აქვს:

მაშინაც კი, როცა ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს და თვითონაც აცნობიერებს, რომ უნდა იმკურნალოს, მისთვის სერიოზული შემარფერხებელი ფაქტორია ის, რომ საგიჟეთში უნდა წავიდეს (ძალიან ცუდი სიტყვაა, მაგრამ ასე ეძახის ხალხი)...
ეკა ჭყონია

„ჩვენს დაწესებულებას რეალურად შეუმცირდა თანხები, წინა წელთან შედარებით“.

მისივე თქმით, აუცილებელია სათემო სერვისების განვითარება და, ასევე, ხელი უნდა შეეწყოს იმასაც, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები ზოგადი პროფილის საავადმყოფოებშიც იყოს ხელმისაწვდომი.

სახალხო დამცველი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ყველა დაინტერესებულ მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა მოიძებნოს არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები, უშუალოდ სამინისტრომ კი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG