რუსეთის მესამე კლასის სახელმძღვანელოდან, ზემოდან მიღებული განკარგულების საფუძველზე, ამოიღეს პუშკინის ცნობილი სტრიქონები, რომლებშიც პოეტი ჭიქასა და დალევაზე საუბრობს. როგორც გაირკვა, ცენზურას საკანონმდებლო საფუძველი ჰქონია და არც პუშკინი არ ყოფილა ერთადერთი, ვისაც ცენზორის მსახვრალი ხელი შეეხო.
პეტერბურგულმა გამოცემა „ფონტანკამ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ერთ-ერთი მკითხველის მონათხრობს ეფუძნებოდა. მკითხველმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ პოეტ ალექსანდრე პუშკინის ლექსი „ზამთრის საღამო“ მესამე კლასის სახელმძღვანელოში („ლიტერატურული კითხვა“) შემოკლებული სახით იყო დაბეჭდილი.
„პუშკინის ეს ლექსი მისცეს საშინაო დავალებად, სახელმძღვანელო კი მანქანაში დაგვრჩა, - ჰყვება პეტერბურგელი მოსწავლის მშობელი, - გადავწყვიტეთ, პუშკინის ლექსების კრებულიდან გვესწავლა. ამ სტრიქონებამდე რომ მივედით, შვილმა მტკიცება დაიწყო, სახელმძღვანელოში ეს არ წერია და არ მჯერაო. დავბრუნდი მანქანაში, ამოვიტანე სახელმძღვანელო და მართლაც ასე აღმოჩნდა. ახლა პუშკინი უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო“. კერძოდ, პუშკინის ლექსიდან ამოღებულია შემდეგი სტროფი:
Выпьем, добрая подружка
Бедной юности моей,
Выпьем с горя; где же кружка?
Сердцу будет веселей.
„შევსვათ! ვინ მყავს შენი მსგავსი
მეგობარი ბავშვობიდან?
ჩავკლათ დარდი, მომე თასი,
გაგიხარო გული მინდა“.
[თარგ.პაოლო იაშვილი]
ალექსანდრე პუშკინმა „ზამთრის საღამო“ 1825 წელს დაწერა, როცა გადასახლებაში იმყოფებოდა, ფსკოვის გუბერნიაში მდებარე თავის მიხაილოვსკოეს მამულში. თავისუფალი აზროვნების გამო წაყენებული ბრალდებების შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილ პოეტს ზედამხედველობა დაუწესეს. ლექსში პუშკინი თავის ძიძას, არინა როდიონოვნას, მიმართავს და მწუხარებას და დარდს იმ გადასახლებას უწოდებს, რომელშიც აღმოჩნდა.
პუშკინის ამ ლექსის "დაცენზურებას" ბევრი მკითხველი გამოეხმაურა. საბჭოთა კავშირის დროს “ზამთრის საღამო” შეტანილი იყო არა მარტო რუსეთის რუსული ენის, არამედ მოკავშირე რესპუბლიკების სკოლებისთვის განკუთვნილ რუსული ენის სახელმძღვანელოებში. ყველა საბჭოთა მოსწავლისათვის ნაცნობი იყო ლექსის დასაწყისი: „Буря мглою небо кроет, Вихри снежные крутя...“
საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტის, ეკატერინა ბარაბაშის თქმით, რუსეთის ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, რომ მესამეკლასელებმა არ უნდა იცოდნენ „დარდის გასაქარვებლად დალევის“ შესახებ, რადგან “თუ გაიგებენ, ისინიც მაშინვე დაიწყებენ სმას დარდის გასაქარვებლად. უბრალოდ, ამ ბრწყინვალე პედაგოგებმა პუშკინის სხვა ლექსი ვერ შეარჩიეს - პუშკინს ხომ სულ ორი-სამი ლექსი აქვს დაწერილი, ასარჩევი ხომ არც არაფერია”.
„ამ შემთხვევამ გამახსენა, როგორ ამოშალა სარიკ ანდრეასიანმა უბედური „ევგენი ონეგინის“ ეკრანიზაციისას ტატიანას წერილიდან სიტყვა „ვამთავრებ“, - დაწერა ეკატერინა ბარაბაშმა სოციალურ ქსელში, - სტრიქონები „ვამთავრებ. საშინელებაა ხელახლა წაკითხვა/სირცხვილისა და შიშისგან ვკვდები...“ - სარიკას ვერსიაში ასე ჟღერდა: „...საშინელებაა ხელახლა წაკითხვა და ა.შ.“ როგორც ხალხში ამბობენ, სცემს, ესე იგი უყვარსო. ჩვენთან პუშკინი უყვართ, თქმა არ უნდა”.
რუსი პოეტი და კრიტიკოსი ტატიანა ვოლტსკაია ასევე ირონიულად შენიშნავს, რომ სინამდვილეში, სავარაუდოდ, აზრი უფრო ღრმაა.
„ბოლოს და ბოლოს, ვინ არის პუშკინი მიხაილოვსკოეში? „მეხუთე კოლონა“, რომელიც ხელისუფლების საწინააღმდეგო სახიფათო ლექსების გამოა გადასახლებული და იმყოფება მამის ზედამხედველობის ქვეშ. თუმცა დღეს ასეთი ოთხი სტრიქონისთვის - “შენ, თვითმპყრობელს და ბოროტმოქმედსა,/ სიძულვილს გითვლი, მძულს შენი ტახტიც,/ შენს დაღუპვას და შვილთა სიკვდილსა/ ვუმზერ სასტიკი სიხარულითა”. (ოდა „თავისუფლება“) - ვფიქრობ, ძიძასთან მყუდრო გადასახლებას არ აკმარებდნენ და „ტერორიზმის გამართლებას“, „ტერორიზმისკენ მოწოდებას“ და „ტერორისტულ აქტში მონაწილეობის მომზადებას“ შეტენიდნენ. “კრუჟკის” ძებნაც “შიზოში” (საჯარიმო იზოლატორში) მოუწევდა”, - ამბობს ტატიანა ვოლტსკაია, რომელიც თავისი ვრცელი კომენტარის ფინალში ერთგვარ პროგნოზსაც აკეთებს:
“ასე რომ, ჩემი სიტყვები დაიხსომეთ: მალე ბავშვებს პუშკინის ამ გადასახლებების შესახებ არაფერი ეცოდინებათ და პუშკინის მთელი პროტესტიც, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლების დროს ასე განადიდებდნენ, აორთქლდება. ყველაფერი სპილენძის ტაშტივით დაეფარება „რუსეთის ცილისმწამებლებს“. სამაგიეროდ, გოგონებს სულ მუდამ შეახსენებენ ნატალია ნიკოლაევნას [პუშკინის ცოლი] მიერ პოეტისთვის გაჩენილ ოთხ შვილს, აი, ასე უნდა მოიქცეთ და არავითარი სულელური სწავლაო...”
„რუსეთის ცილისმწამებლებს“ - 1831 წელს პუშკინის მიერ დაწერილი ლექსი, პასუხია პოლონეთის აჯანყების ფონზე დასავლელი პოლიტიკოსებისა და პრესისადმი. პუშკინი ეჭვქვეშ აყენებს ევროპელ „ორატორთა“ უფლებას, ჩაერიონ რუსეთ-პოლონეთის დაპირისპირებაში, რომელსაც არა აჯანყებად, არამედ „სლავებს შორის ძველ, საშინაო დავად“ მოიხსენიებს. პუშკინი იხსენებს 1812 წლის ომსა და ნაპოლეონის დამარცხებას, რათა ახსნას ევროპის მტრობა. მისი თქმით, დასავლეთ რუსეთისთვის ვერ უპატიებია საკუთარი სისხლითა და მსხვერპლით მოპოვებული გამარჯვება. ტექსტი რუსული იმპერიული ძალის დემონსტრირებითა და მუქარით სრულდება:
„<…> მრისხანებთ სიტყვით, საქმით სცადეთ ჩვენდამი ძვირი!
დღეს თუ ლოგინში მოისვენებს მოხუცი გმირი,
ნუთუ დაკარგა ძალა, ისევ გაფეროს დაშნა?
ან როდის აქეთ გახდა ჩვენი სიტყვა უძლური,
ან ახალია ევროპასთან დავა და შური?
ან დაგვავიწყდა გამარჯვებულ დროშების გაშლა?
ან ცოტანი ვართ? პერმით ვიდრე თავრიდის ზღვამდე,
ცივ ფინეთიდან და მგზნებარე ძველ კოლხეთამდე.
იქედგან, საცა მძვინვარებს კრემლი,
ვიდრე ჩინეთს რომ კედელი იცავს,
გაფოლადებულ ჯაგარის ელვით
აღარ აღსდგება რუსული მიწა?
დაე, გზავნიდეთ, მზა მეტყველები
ბრაზიან შვილებს, რომ სცადონ ბედი,
მათაც დაიტევს რუსის ველები
მათთვის ახლობელ კუბოთა გვერდით“.
[თარგ. პაოლო იაშვილი]
სოციალური ქსლებით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის სახელმძღვანელოს გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ მოსკოვში, პუშკინის ძეგლთან მოქალაქეებმა დაიწყეს ფინჯნების („კრუჟკების“) მიტანა.
სოციალურ ქსელებში ასევე დაიწყეს პუშკინის ლექსების გარჩევა რუსეთში დღეს მოქმედი კანონმდებლობისა და კონიუნქტურის შესაბამისად. “ტუსაღი" - მხოლოდ ამ ერთი ლექსის გამო შეიძლება ავტორისთვის არაერთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება”, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი:
ტუსაღი
ვზივარ მე შერკინულ, სიბნელის შმორში,
საკანში აღზრდილი არწივი ნორჩი,
[პატიმართა ყოფითი პირობების ნეგატიური წარმოჩენა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დისკრედიტაცია.]
ჩემი ამხანაგი ზის ფრთების რხევით
და ლეშით ერთობა სარკმელის ქვევით.
[თავისუფლების შეზღუდვის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.]
გაძიძგნის საკვებს და უცქერის სარკმელს,
ნამდვილად მიმიხვდა სულიერ სათქმელს;
მიცქერს და ძახილით ირხევა არე,
სურს გამაგებინოს: „გავფრინდეთ ბარემ“.
[წინასწარ ჯგუფური დანაშაულის დაგეგმვა, გაქცევა თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან].
„ჩვენ ვართ ფრინველები; გავშალოთ ფრთები,
ხომ ხედავ ღრუბელში გამოჩნდნენ მთები,
გავფრინდეთ ზღვისკენ და ლაჟვარდის ფერთან,
სადმე და ნიავი ვსეირნობთ ერთად!“
[ციხიდან გაქცევის რომანტიზება, საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის არქონა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის უკანონოდ დატოვების სურვილი.]
რუსეთის განათლების სამინისტროში განმარტეს, რატომ დატოვეს პუშკინი ფინჯნის („კრუჟკის“) გარეშე. უწყებამ ლექსიდან ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტის გაქრობის მიზეზის განმარტებისას, ფედერალური კანონი (“ბავშვების ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის ზიანის მომტანი ინფორმაციისგან დაცვის შესახებ“) დაასახელა, რასაც სოციალურ ქსლების მომხმარებლებმა კვლავ სარკასტული კომენტარებით უპასუხეს. ერთ-ერთია პაროდია 1849 წელს შექმნილ ცნობილ ტილოზე „ალექსანდრე პუშკინის უკანასკნელი წუთები“, რომლებზეც ვასილი ჟუკოვსკი სასიკვდილო სარეცელზე მყოფ პოეტს მიმართავს: “გამაგრდი, საშა, “კრუჟკა” და ძიძა წაგართვეს.”
ცოტა ხნის წინ რუსეთში ასევე უხეშად დაარედაქტირეს საგამოცდო მასალაში შეტანილი ვასილი შუკშინის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელშიც „რუსი ადამიანი“ ჩაანაცვლეს „რუსეთელი ადამიანით“, რაც გამომცემლობამ ბავშვთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნით ახსნა.
“ვფიქრობ, რომ რუს ადამიანს რუსეთელ ადამიანს, მრავალი თვალსაზრისით, ეხმარება იმის გააზრება, რომ აქვს უკან დასახევი, სულის მოსათქმელი და ძალების მოსაკრები ადგილი”.
ვასილი შუკშინის მოთხრობის რედაქტირებამ აღაშფოთა მწერლის ქალიშვილი, მსახიობი მარია შუკშინა, რომელმაც სოციალ ქსელში ვრცელი კომენტარი გამოაქვეყნა:
“რუსეთელს?! სერიოზულად?! შუკშინამდეც მიაღწია თქვენმა ტოლერანტობის ცენზურულმა მაკრატელმა? იმ ჩინოვნიკებს, რომლებსაც მშობლიური ენის გეშინიათ, შეგახსენებთ ორიგინალურ ციტატას ნარკვევიდან „სიტყვა „მცირე სამშობლოზე“: “ვფიქრობ, რომ რუს ადამიანს, მრავალი თვალსაზრისით, ეხმარება იმის გააზრება, რომ აქვს უკან დასახევი, სულის მოსათქმელი და ძალების მოსაკრები ადგილი”. ვის ნაწარმოებს ატენით მოსწავლეებისთვის? შუკშინისას თუ „უცხოელი სპეციალისტების“ მეთოდურ სახელმძღვანელოს? კლასიკური რუსული პროზიდან, ცოცხალი ორგანიზმიდან ურცხვად ჭრით იდენტობას. ეს უკვე უბრალო დაუდევრობა აღარ არის. ეს ჩვენი კულტურის სისტემური კასტრაციაა, მოდური, მრავალვექტორული დღის წესრიგის სასარგებლოდ. აქ როგორ არ გაგვახსენდეს პეტრე სტოლიპინი: „ხალხი, რომელსაც ეროვნული თვითშეგნება არ გააჩნია, ნაკელია, რომელზეც სხვა ხალხები იზრდებიან“.
თუმცა თანამედროვე რუსეთში მხატვრულ ტექსტებზე მეტად და რადიკალურად, ისტორიის სახელმძღვანელოებს არედაქტირებენ.
2025 წლის ივნისში ეკატერინბურგელმა მასწავლებელმა და მკვლევარმა ალიონა შჩერბაკოვამ სკოლის მოსწავლეებს განუცხადა, რომ 1937-1938 წლების რეპრესიების დაწყებაზე პასუხისმგებელი იოსებ სტალინი არ ყოფილა და რომ მთელი პასუხისმგებლობა იმჟამინდელ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს, ნიკოლაი ეჟოვს, დააკისრა.
სოციალური ქსლებით გავრცელებულ ვიდეოში მასწავლებელი ალიონა შერბაკოვა სკოლის მოსწავლეებს ეკითხება:
- 1937-38 წლებში ქვეყნის ყველა რეგიონს გადაუარა დაპატიმრებების ტალღამ. ხალხი შუაღამით მიჰყავდათ და მათგან ცოტა თუ ბრუნდებოდა უკან. და ეს რეპრესიები დაიწყო სტალინის ბრძანებით. ბავშვებო, ეს სიმართლეა თუ სიცრუე?
ბავშვები: სიცრუეა! სიცრუეა!
- მართლაც სიცრუეა. როგორ მიხარია, რომ ეს იცით, ბავშვებო, განსაკუთრებით უმცროსებო, ძალიან ხშირად... სინამდვილეში კი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეპრესიები სტალინის ბრძანებით მოხდა, ძალიან გავრცელებული ინფორმაცია იყო ადრე. ოთხმოცდაათიან წლებში, როცა გაიხსნა საბჭოთა პერიოდის არქივები, ცნობილი გახდა, რომ ოცდაჩვიდმეტი–ოცდათვრამეტი წლების რეპრესიები დაიწყო არა სტალინმა, არამედ მაშინდელმა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ეჟოვმა.
ისტორიკოსთა შეფასებით, ეჟოვი მართლაც არის რეპრესიების განხორციელებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, თუმცა ყველა ისტორიკოსი თანხმდება იმაზე, რომ რეპრესიების მთავარი არქიტექტორი და იდეოლოგიური მამოძრავებელი ძალა თვითონ სტალინი იყო. სპეციალისტების განმარტებით, პასუხისმგებლობის სტალინიდან ეჟოვზე გადატანა ისტორიულ სინამდვილეს ამახინჯებს და სტალინის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ემსახურება. ამავე მიზანს ემსახურება რუსულ პროპაგანდაში ბოლო დროს გაჩენილი ნარატივი იმის შესახებ, რომ რეპრესიების მასშტაბი ხელოვნურად არის გაზვიადებული ანტისაბჭოთა (ანტირუსული) ძალების მიერ. ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს 1953 წლის 11 დეკემბრით დათარიღებული სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომელიც სამინისტროს პირველმა სპეციალურმა განყოფილებამ შეადგინა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში ინახება. საუბარია 1921–1953 წლების მონაცემებზე:
- კონტრრევოლუციური დანაშაულისთვის მსჯავრდადებულია 3 777 380 ადამიანი.
- დახვრეტა მიესაჯა 642 980 ადამიანს.
1954 წლის ცნობაში, რომელიც ხრუშჩოვს სსრკ-ის გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის ხელმოწერებით გაეგზავნა, მითითებულია:
- დახვრეტილია 642 980 ადამიანი;
- ბანაკებსა და ციხეებში პატიმრობა მიესაჯა 2 369 220 ადამიანს;
- გადასახლებასა და იძულებით განდევნას დაექვემდებარა 765 180 ადამიანი.
სპეციალისტების განმარტებით, ყველა ეს დოკუმენტი დღემდე ინახება რუსეთის სახელმწიფო არქივებში.
ფორუმი