Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აკრიტიკებს დასავლეთს, უკრაინის კონფლიქტში ადანაშაულებს კიევს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს ბრალი დასდო ახალი, „ვირტუალური“, ბერლინის კედლის აგებაში და პირობა დადო, რომ რუსეთის ეკონომიკა აუცილებლად გაჯანსაღდება, რითიც შეეცადა, უცხოეთიდან მომდინარე მტრული დამოკიდებულების ფონზე შეერბილებინა გაუფასურებული რუბლის თაობაზე შეშფოთება და წარმოეჩინა სიძლიერის იმიჯი.

ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელიც ახალი წლის დღესასწაულის წინ იმართება ხოლმე, პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება „გარდაუვალია“ და ამას, ყველაზე ბევრი, ორი წელიწადი დასჭირდება.

წლევანდელი პრესკონფერენციის ფონია გაუფასურებული რუბლი, მოახლოებული რეცესია და დასავლეთთან ღრმა დაძაბულობა უკრაინის თაობაზე.

კრემლში, ასობით ჟურნალისტის წინაშე გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რუსეთის ფინანსური სირთულეების „პროვოცირება“ უმეტესწილად გარეშე ფაქტორებმა მოახდინაო - მათ შორის, ნავთობის გლობალური ფასების ვარდნამ. პუტინის თქმით, რუსეთი თავისი ენერგეტიკაზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციას მოახდენს:

“რასაკვირველია, დღევანდელი ვითარება, უწინარესად, საგარეო ფაქტორებითაა პროვოცირებული, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ გაკეთებულა ბევრი რამ, რის შესახებაც პრაქტიკულად ბოლო 20 წელიწადია ვსაუბრობთ და ვგეგმავთ, ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ამის გაკეთება საკმაოდ რთული იყო, თუკი საერთოდ იყო შესაძლებელი”.

პრესკონფერენცია სამ საათს და 20 წუთს გაგრძელდა და პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა. პუტინმა აგრესიულ რიტორიკას მიმართა და უკრაინის კონფლიქტში კიევს დასდო ბრალი. ამასთან, პუტინის თანახმად, მოსკოვსა და დასავლეთს შორის ზოგად კონფრონტაციაში მთავარი აგრესორი აშშ-ია.

ევროპაში ახალი ბარიერების აგების მცდელობის მაგალითად პუტინმა მოიტანა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის პროექტი:

„ბერლინის კედლის შემდეგ ჩვენ განა არ გვეუბნებოდნენ, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ მოხდებოდა? მაგრამ ეს პროცესი მყისიერად დაიწყო, გაფართოების ორი ტალღა იყო. განა ეს კედელი არ არის? დიახ, ეს კედელი არ გაუთხრიათ, ის ვირტუალურია, მაგრამ მისი აგება დაწყებულ იქნა. და აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემა ჩვენს საზღვრებთან ახლოს?! განა ეს კედელი არ არის?“

პუტინის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებით რუსეთის პოზიცია დასავლეთისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ ის უნდა შეჩერდეს. მან კიევს დასდო ბრალი ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტში და განაცხადა, რომ კიევი იქ „სადამსჯელო ოპერაციას“ ატარებს:

„ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში ის, რაც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ხდება, მართლაც წარმოადგენს სადამსჯელო ოპერაციას. მას კიევში დღევანდელი მთავრობა ახორციელებს და არა პირიქით“.

პუტინმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა „პირდაპირი, თანასწორი“ დიალოგი გამართოს ყველა რეგიონთან, მათ შორის, იმ რეგიონებთან, რომლებსაც ნაწილობრივ პრორუსულად განწყობილი მეამბოხეები აკონტროლებენ. პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, სურს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას, მაგრამ სხვები, ვისაც ბრძოლის გაგრძელება უნდა, წინაღობას უქმნიან ომის დასრულების მცდელობებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ძალებსა და პრორუსულად განწყობილ მეამბოხეებს შორის კონფლიქტს აპრილის შემდეგ 4,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნატო აცხადებს, რომ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები რუსეთიდან პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერით სარგებლობენ.

საქართველოს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პუტინმა განაცხადა, თუ საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლად ჩათვლის, მოხარული ვიქნებით საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი ვიხილოთ მოსკოვშიო. ამასთან, პუტინის თქმით, საქართველოში, სადაც არ მთავრდება პოლიტიკური ბრძოლა, რუსეთს პრაქტიკულად კონტაქტები არ აქვს. პუტინის განცხადებით, რუსეთმა თავის დროზე საქართველოს პროდუქცია თავის ბაზარზე დაუშვა როგორც პასუხი საქართველოს პოზიციაზე, არ დაებრკოლებინა რუსეთის გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. პუტინის თქმით, ეს სწორი და კარგი გადაწყვეტილება იყო და ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება.

პუტინის თქმით, ის თავის დროზე არწმუნებდა მიხეილ სააკაშვილს, - რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მთელ მსოფლიოში ერეკება, „როგორც ტილიანს აბანოში“ და აშშ-შიც არ აძლევენ სამუშაო ვიზას, - არ დაეწყო საომარი მოქმედებები, თუმცა სააკაშვილმა ეს მაინც გააკეთა და ახლა ამ ვითარებიდან გამოსვლა ძალიან ძნელია.

პრესკონფერენციაზე პუტინმა დასავლეთს დასდო ბრალი წარსულში „ტერორისტების პირდაპირ, სრულ მხარდაჭერაში“ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში და მიანიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი არასოდეს შეწყვეტენ რუსეთის შეზღუდვის მცდელობებს. პუტინის აზრით, დასავლეთი ცდილობს მოსკოვს უკარნახოს როგორ მოიქცეს საკუთარ ტერიტორიაზე. მან განაცხადა, დასავლეთის „თითქმის ოფიციალური ფიგურები“ ამბობენ, უსამართლობაა, რომ ციმბირის მდიდარი მინერალური რესურსები მხოლოდ რუსეთს ეკუთვნისო.

ეს ყოველწლიური პრესკონფრენცია ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც პუტინი იყენებს შიდაპოლიტიკურ არენაზე თავისი იმიჯის გასაძლიერებლად და დასავლეთისთვის შეტყობინებების გასაგზავნად. პუტინი ხელისუფლებაში 1999 წლიდანაა პრეზიდენტის თუ პრემიერ-მინისტრის პოსტებზე.

კითხვას, ეშინია თუ არა შიდაპოლიტიკური გადატრიალების, პუტინმა უპასუხა განცხადებით, რომ მას მისი გარემოცვა არ დაამხობს - პუტინის თქმით, ის გრძნობს ხალხის მხარდაჭერას და რუსებს ესმით, რომ ის მათ ინტერესებს იცავს.

კითხვას, იყრის თუ არა კენჭს მეოთხე ვადით პრეზიდენტად 2018 წელს, 62 წლის პუტინმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით მისთვის - ან სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის - ძალიან ადრეა მომავალი არჩევნებისთვის გეგმების დაწყობა.

XS
SM
MD
LG