Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და ბრიტანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტს არ დაუგეგმავს შეხვედრა 23 რუს დიპლომატთან, რომლებიც ბრიტანეთიდან გააძევეს ამ ქვეყანაში ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლის შემდეგ. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა 20 მარტს, როცა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონში რუსეთის საელჩოდან გაემგზავრა სამი ავტობუსი დიპლომატიური ნომრებით. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ავტობუსები, რომლებშიც დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები ისხდნენ, პატრიოტული მარშის ფონზე გაეშურნენ აეროპორტისაკენ.

პუტინი და ბრიტანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები

  • სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსი დიპლომატები „ჯაშუშებად“ მოიხსენია.
  • 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია ახლაც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.
  • ბრიტანეთის განცხადებით, ისინი მოიწამლნენ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით - ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში სამხედრო დანიშნულებისათვის შექმნილი „ნოვიჩოკით“.
  • ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების გარდა, ლონდონის რეაქცია გამოიხატა მოსკოვთან მაღალ დონეზე ორმხრივი კონტაქტების შეჩერებით.

4 მარტს ქალაქ სოლსბერიში სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსი დიპლომატები „ჯაშუშებად“ მოიხსენია და მათ ერთკვირიანი ვადა მისცა ქვეყნის დასატოვებლად.

როცა ჟურნალისტებმა მოსკოვში პესკოვს ჰკითხეს, აპირებს თუ არა პუტინი გაძევებულ დიპლომატებთან შეხვედრას, პასუხად მოისმინეს, რომ „მოცემულ მომენტში“ ასეთი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია ახლაც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. ბრიტანეთის განცხადებით, ისინი მოიწამლნენ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით - ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში სამხედრო დანიშნულებისათვის შექმნილი „ნოვიჩოკით“. მათ მოწამვლაში ლონდონი ადანაშაულებს მოსკოვს, რომელიც ბრალდებას უარყოფს. ამასობაში, ავტორიტეტიანი საერთაშორისო ჯგუფი, „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ შეუდგა სკრიპალების მოწამვლის მიზეზად მიჩნეული ნივთიერების დამოუკიდებლად შემოწმებას.

​ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების გარდა, ლონდონის რეაქცია გამოიხატა მოსკოვთან მაღალ დონეზე ორმხრივი კონტაქტების შეჩერებით და გადაწყვეტილებით, რომ ბრიტანელი მინისტრები და სამეფო ოჯახის წევრები არ დაესწრებიან ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც წელს, ზაფხულში, რუსეთი უმასპინძლებს. ამასობაში, 17 მარტს, რუსეთმა ბრიტანეთს უპასუხა 23 დიპლომატის გაძევებით, სანქტ-პეტერბურგში ბრიტანეთის საკონსულოს გახსნაზე შეთანხმების გაუქმებით. გარდა ამისა, კრემლმა დახურა „ბრიტანეთის საბჭო“ - გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში.

საპროტესტო წარწერა ლონდონში რუსეთის საელჩოსთან
საპროტესტო წარწერა ლონდონში რუსეთის საელჩოსთან

ზოგადად, სკრიპალების მოწამვლამ კიდევ უფრო დაძაბა რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობა, თუმცა ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია რუსეთში 18 მარტის არჩევნებში ქვეყნის სტაჟიანი ლიდერის, ვლადიმირ პუტინის, გამარჯვებისათვის: მან კიდევ ექვსი წლით გაიხანგრძლივა მმართველობა. კენჭისყრის დროს ვრცელდებოდა მრავალი ცნობა დარღვევების შესახებ, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის ელექტორატს არ მისცემია „რეალური არჩევანი“ პუტინსა და დანარჩენ კანდიდატებს შორის.

სერგეი სკრიპალი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი - 2006 წელს დამნაშავედ ცნეს სახელმწიფოს ღალატში მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია რუსი ჯაშუშების ვინაობაზე. 2010 წელს რუსეთმა ის და კიდევ სამი პატიმარი გაცვალა აშშ-ში გამოაშკარავებულ 10 რუს აგენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG