Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიზეზები რუსეთის მიმართ ახალი სანქციის დაწესებისთვის, რომელსაც პუტინმა უშედეგო უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთმა გადალახა ეკონომიკური რეცესია.15 ივნისს გამართული ოთხსაათიანი სატელევიზო კითხვა-პასუხის დროს ვლადიმირ პუტინმა „რუსოფობია“ უწოდა მოსკოვის კვალზე საუბარს და კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ოთხსაათიანი პირდაპირი ეთერის დროს ვლადიმირ პუტინის მისამართით დასმული შეკითხვების უმრავლესობა შეეხებოდა აშშ-ში მიმდინარე გამოძიებას პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, სანქციების მოსალოდნელ გაფართოებას, ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ანტიკორუფციული მიტინგის მონაწილეთა დაპატიმრებას.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კვალზე საუბრის დროს ვლადიმირ პუტინმა „ძალიან უცნაური“ უწოდა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი უფროსის საქციელს, ჯეიმს კომი შეადარა სკანდალურ ინფორმატორ სნოუდენს და იხუმრა, რომ მზად არის მასაც შესთავაზოს „პოლიტიკური თავშესაფარი“.

„უცებ მან თქვა, რომ ჩაიწერა პრეზიდენტთან საუბარი და შემდეგ თავისი მეგობრის მეშვეობით გადასცა ეს საუბარი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. ეს ძალიან „უცნაურად“ ჟღერს, როცა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი იწერს საუბარს უმაღლეს მთავარსარდალთან და თანაც თავისი მეგობრის მეშვეობით მას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის. რით განსხვავდება მაშინ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ედუარდ სნოუდენისაგან?“- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ოთხსაათიანი ტელემარათონის დროს შეეხო ასევე ანტირუსული სანქციების გაფართოებას და განაცხადა, რომ ვერ ხედავს ამ ნაბიჯის მიზეზებს.

14 ივნისს სენატმა მხარი დაუჭირა შესწორებას სანქციების გაფართოებაზე. ახლა უკვე დოკუმენტს განიხილავს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, მხარდაჭერის შემთხვევაში კი საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მიიღებს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანქციებით დასავლეთი „რუსეთის შეკავებას“ და ეკონომიკურად დასუსტებას ცდილობს, თუმცა რუსეთის ეკონომიკამ გაუძლო დასავლეთის სანქციებს და, ვლადიმირ პუტინის თქმით, დაიწყო „რეცესიიდან“ გამოსვლა.

“რაზე მეტყველებს ობიექტური მონაცემები? მეტყველებს იმაზე, რომ გადაილახა რეცესია რუსეთის ეკონომიკაში და ჩვენ ზრდის პერიოდში შევედით,“- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობასთან პირდაპირი ეთერის მიმდინარეობის დროს.

რუსეთის პრეზიდენტს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს უკრაინისა და სირიის სამოქალაქო ომის თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ,მოსკოვი ესწრაფვის მყარი მშვიდობის უზრუნველყოფას სირიაში:

„ვაპირებთ მივაღწიოთ კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესს, კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარესთან ერთად. უახლოეს პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანაა ავამაღლოთ საკუთრივ სირიის არაბთა რესპუბლიკის არმიის ბრძოლისუნარიანობა და მშვიდად დავბრუნდეთ სირიაში განლაგების იმ პუნქტებზე, რომლებიც იქ გვაქვს შექმნილი: ჰმეიმიმის სამხედრო-საავიაციო ბაზასა და ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე“.

15 ივნისის ტელემარათონის დროს ვლადიმირ პუტინი შეეხო საპროტესტო აქციებს რუსეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფოს მეთაურის აზრით, ასეთი ღონისძიებები დასაშვებია „დემოკრატიული პროცედურის ჩარჩოებში“ და ისინი კანონიერ მოთხოვნებს შეესაბამებიან. ამასთან, პუტინმა დაუშვებელი უწოდა მიტინგებს, რომლებიც, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, გამოიყენება„საკუთარი თავის თვითრეკლამირებისა და პირადი საკითხების გადაჭრის“ ინსტრუმენტად“.

12 ივნისს რუსეთის პოლიციამ, დაახლოებით, 1 560 აქტივისტი დააკავა მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გამართული ანტიკორუფციული მსვლელობის დროს, რომლებიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიერ იყო ორგანიზებული. თავად ალექსეი ნავალნი დააკავეს მისივე სახლის სადარბაზოში, სანამ აქციაზე წავიდოდა. მოსკოვის სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, მიტინგის მოწყობის წესების დარღვევის ბრალდებით. თეთრმა სახლმა 12 ივნისს „დემოკრატიული ფასეულობის შეურაცხყოფა“ უწოდა დემონსტრანტების დაკავებას და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ, განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ლახავს „ გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG