Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰალსტუხიანი ქალები


ინიციატივის ავტორმა ქალებმა პერფორმანსიც მოაწყვეს
ინიციატივის ავტორმა ქალებმა პერფორმანსიც მოაწყვეს

არლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც პარლამენტში ქალების კვოტებით მიღებას ითვალისწინებს. ინიციატივა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა. ეს თაოსნობა გულისხმობს არჩევნებში პარტიების მიერ პროპორციული სიის 50 პროცენტის ქალებით დაკომპლექტებას. იმ შემთხვევაში, თუ პარტია მაინც მამაკაცებს მიანიჭებს უპირატესობას, ის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებას მხოლოდ ამ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ შეძლებს.

ჰალსტუხიანი ქალები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00
გადმოწერა

საკომიტეტო განხილვაზე ინიციატივის ავტორმა ქალებმა პერფორმანსიც მოაწყვეს. ისინი სხდომაზე შარვალ-კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილნი მივიდნენ. როგორც სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იდა ბახტურიძემ განმარტა, პარლამენტში მამაკაცური ტანსაცმლით მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა, სადაც 62 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ორია.

„ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ სპეციალური რეგულაციის გარეშე ამ ქვეყანაში პარლამენტშიც ვერ ხერხდება გენდერული თანასწორობის მიღწევა. მით უფრო, ეს გაჭირდება სხვა სტრუქტურებში“.

იყო შემთხვევები სხვა ქვეყნებში, რომ ბოროტად იყენებდნენ ამ პრაქტიკას, რათა მანდატი ქალიდან ქალზე არ გადასულიყო. სია შედიოდა დადგენილი წესით და შემდეგ ქალბატონები წერდნენ განცხადებას და გამოდიოდნენ სიიდან ...
მერაბ ქვირაია

როგორც „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ განაცხადა, დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება შეეხება მხოლოდ პროპორციულ სიებს და არა მაჟორიტარ დეპუტატებს. შესაბამისად, ქალების რიცხოვნება პარლამენტში, დაახლოებით, 25 პროცენტს გაუტოლდება.

ამ ცვლილებითვე, თუ დეპუტატს ვადაზე ადრე შეუწყდება მანდატი, მას ჩაანაცვლებს პარტიის იმავე სქესის წარმომადგენელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, მერაბ ქვარაიამ შენიშვნაც გამოითქვა:

„თუ არ დარჩება პროპორციულ სიაში იგივე სქესის წარმომადგენელი, ამ დროს თქვენ მიუთითებთ, რომ უნდა გაუქმდეს მანდატი. ხომ არ ჯობია, რომ სხვა სქესის წარმომადგენელზე გადავიდეს“?

ამასთან დაკავშირებით, გაკეთდა განმარტება, რომ მსგავსი ინიციატივა რეალურ ცხოვრებაში არ ამართლებს, რადგან:

„იყო შემთხვევები სხვა ქვეყნებში, რომ ბოროტად იყენებდნენ ამ პრაქტიკას, რათა მანდატი ქალიდან ქალზე არ გადასულიყო. სია შედიოდა დადგენილი წესით და შემდეგ ქალბატონები წერდნენ განცხადებას და გამოდიოდნენ სიიდან“.

წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება აქვს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გედევან ფოფხაძეს. ის მიიჩნევს, რომ პარლამენტში ქალიც და კაციც საკუთარი დამსახურების მიხედვით უნდა ხვდებოდეს და არა კვოტების მეშვეობით. ფოფხაძე აპირებს პლენარულ სხდომაზე ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს.

„ერთადერთი სტანდარტი, რომლითაც ადამიანი უნდა ხვდებოდეს პარლამენტში, ეს არის საპარლამენტო ცხოვრებისადმი მისი მზაობა და მისი პროფესიონალიზმი“.

თუკი ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა, კვოტირების წესი სავალდებულო იქნება როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე მომავალში თვითმმართველობის არჩევნებზეც.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG