Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი?


ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში
ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში

ქუთაისთან ახლოს, 140 ჰექტარ ტერიტორიაზე, სახელმწიფო, ფონდ „ქართუს“ სრული ფინანსური მხარდაჭერით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს იქნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ცენტრი, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სტუდენტებს ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდი ევროა. სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს იგეგმება.

გადმოწერა

12 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, საქართველოს მთავრობამ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება დააანონსა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მუხნარის ტყის მიდამოებში აშენდება და მსოფლიოს წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქებისათვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს ქალაქი რეგიონში უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„აქ აშენდება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე, შენობების საერთო ფართი კი მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. აქ იქნება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის“.

ასევე კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფეები, სპორტული ინფრასტრუქტურა და ეს ყველაფერი გაკეთდება ისე, პირობა დადო კვირიკაშვილმა, რომ ბუნებას ზიანი არ მიადგება. საუნივერსიტეტო ქალაქის გასაშენებლად არც ქუთაისი შერჩეულა შემთხვევით: მთავრობის მეთაურმა გელათის აკადემია გაიხსენა და განაცხადა, რომ ამ ადგილს უნდა დაუბრუნდეს თავისი ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქცია. ახალი უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება:

„აქ ისწავლება სხვადასხვა დარგის ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აგრომიმართულებები, ინტერდისციპლინური პროგრამები. უნივერსიტეტს ამ მისიის განხორციელებაში დასახმარებლად გვერდში დაუდგებიან აშშ-ის, გერმანიის, იაპონიის და მსოფლიო სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტები. ბევრ მათგანთან უკვე დაწყებულია ინტენსიური თანამშრომლობა. იმედი გვაქვს, აქ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიც ბევრ დასავლურ სახელგანთქმულ უნივერსიტეტშია“.

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მთელ ციკლს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. კვირიკაშვილმა 12 სექტემბერს თავის გამოსვლაში თქვა კიდეც, რომ ეს იდეა ბიძინა ივანიშვილისგან ჯერ კიდევ მისი პოლიტიკაში მოსვლის პირველ დღეებში გაისმა.

ასეთი კამპუსი არც დსთ-ს ტერიტორიაზეა, არც ახლომახლო ქვეყნებში და, ვფიქრობთ, ეს იქნება ჩვენი ცენტრალური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ლიდერი უმაღლესი განათლების კუთხით...
ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას იმედი აქვს, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შესამჩნევად მზარდი მოთხოვნა უმაღლეს განათლებაზე პირდაპირ კავშირში იქნება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის წარმატებასთან. ჯეჯელავამ ამ პროექტს „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის ფარგლებში ქუთაისის სახელოვანი საგანმანათლებლო წარსული და მომავალი ერთმანეთს შეხვდება:

„ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე დიდი და ყველაზე კარგად განვითარებული საუნივერსიტეტო ცენტრი. ასეთი კამპუსი არც დსთ-ს ტერიტორიაზეა, არც ახლომახლო ქვეყნებში და, ვფიქრობთ, ეს იქნება ჩვენი ცენტრალური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ლიდერი უმაღლესი განათლების კუთხით“.

ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის თაობაზე უკვე გაჩნდა კითხვები - არის თუ არა საჭირო ამ მასშტაბის საუნივერსიტეტო სივრცის შექმნა საქართველოში, საიდან უნდა მოვიდეს 60 000 სტუდენტი, არის თუ არა ამხელა მოთხოვნა შესაბამის პროფესიებზე. განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, მიუხედავად ტექნოლოგიური მიმართულების რამდენიმე უნივერსიტეტის არსებობისა, სურათი აჩვენებს, რომ დღეს საქართველოში არცთუ ისე ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ამ მიმართულებით ცოდნის მიღება სურს. ამ ფონზე კი, მისი აზრით, ამ მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნება, თუ, ცხადია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებს არ შეზღუდავენ, არარეალისტურია:

„დღეს, ვიცით, რომ უნივერსიტეტები ამ მიმართულებებზე, უბრალოდ, ვერ აგროვებენ სტუდენტებს და უცნაურია, რომ ასეთ პირობებში, იმის მაგივრად, რომ მოქმედ უნივერსიტეტებს დაეხმარონ, სრულიად ახალ უნივერსიტეტებს და ახალ სისტემებს ქმნიან. აი, თუნდაც, ჩვენ დღეს უმაღლესი განათლების ორი სისტემა გვაქვს: ერთი, რომელიც ეხება ყველა უნივერსიტეტს და მეორე, ცალკე კანონი დაიწერა იმ უნივერსიტეტისთვის, იმ სამეცნიერო ცენტრისთვის, რომელსაც გია დვალი უხელმძღვანელებს. ეს ცოტა უცნაურია, რადგან მაშინ გამოდის, რომ სისტემას არ ენდობა სახელმწიფო, რომელსაც ყოველწლიურად თავად აფინანსებს მრავალი მილიონით და თან ცდილობს პარალელური სისტემის აშენებას, იმის მაგივრად, რომ უკვე არსებულის გაუმჯობესებაზე იზრუნოს“.

თეორიულად, ცხადია, შესაძლებელია საქართველოში საუკეთესო კადრების მოზიდვასა და უცხოეთიდან პროფესორების მოწვევაზე დაამყარო იმედი, ამბობს სიმონ ჯანაშია, თუმცა იქვე მოჰყავს მაგალითად მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, სადაც ასეთი უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა წარუმატებლად დასრულდა. ასე იყო ჩინეთში, სადაც, როგორც სიმონ ჯანაშია მოგვითხრობს, უნივერსიტეტმა, უბრალოდ, ვერ შეძლო სტუდენტების მიზიდვა:

სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია

„ამ გეგმაში, რომელშიც, ახლა გაცხადდა, არ ჩანს, თუ როგორ აპირებენ ამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრას. საეჭვოა ის ვადებიც,რომელშიც აპირებენ გახსნას, რადგან ეგ ვადები, საკმარისი იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურის აშენებისთვის და ეგეც სათუოა. მაგრამ ადამიანი რომ აღზარდო კარგ მეცნიერად, პროფესორად, სამი წელი არ არის, უბრალოდ, საკმარისი. და კიდევ ერთი, მე მგონია, რომ ხელისუფლება დღეს საკუთარ გეგმებს ეწინააღმდეგება, რადგან ბოლო რამდენიმე თვეა, პრემიერიც და განათლების მინისტრიც სულ იმაზე ლაპარაკობენ, რომ ჩვენთან გაცილებით მეტი ადამიანი სწავლობს უმაღლესში, ვიდრე საჭიროა, და ამ ფონზე როდესაც ამხელა უნივერსიტეტს ამატებ და ამბობ, რომ სტუდენტების 30%-იანი ზრდა იქნება, ძალიან უცნაურად გამოიყურება ეს პროექტი“.

სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ საქართველოს დღეს კარგი უნივერსიტეტები სჭირდება, თუმცა ასეთი უნივერსიტეტები არ ჩნდება ხელოვნურად, მხოლოდ კარგი ადგილის მონიშვნით. იბადება კიდევ ერთი კითხვა: თუ ამხელა ძალისხმევა მიმართული იქნება მხოლოდ ერთი უნივერსიტეტისაკენ, ვისგან უნდა ელოდონ მხარდაჭერას დანარჩენი უნივერსიტეტები, რომლებსაც ხელოვნური კონკურენტი უჩნდება?

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენების იდეას წინასაარჩევნო აგიტაციის ნაწილად აფასებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რადგან, მისი თქმით, როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე „ქართულ ოცნებას“ ამ იდეის გახმაურება გაცილებით ადრეც შეეძლო. ზოგადად, უნივერსიტეტის დაფუძნებაში კაკაჩია ცუდს ვერაფერს ხედავს, თუმცა მის მასშტაბებთან დაკავშირებით კითხვები მასაც უჩნდება:

„ჩემი აზრით, მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ღარიბ ქვეყანაში, რომელსაც ამის საშუალება არა აქვს და, როგორც წესი, მსგავსი პროექტები საზოგადების ჩართულობით უნდა თანხმდებოდეს, წინ დისკუსია უძღოდეს და რაღაც კონსენსუსი მიიღწეს, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ვიცი, არ ყოფილა და, მთლიანობაში კი, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ რაც ითქვა, შესრულდება და არ მიიღებს რიგითი საარჩევნო დაპირების ხასიათს“.

მთავრობა კი მილიონევროიანი პროექტის დაახლოებით სამ წელიწადში დასრულებას გეგმავს - 2019 წელს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქმა სტუდენტების პირველი ნაკადი უნდ მიიღოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG