Accessibility links

ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო ბუფეტებში მოსწავლეები ვეღარ იყიდიან არაჯანსაღი საკვებ პროდუქტებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მოზარდების ჯანმრთელობას. ლაპარაკია შაქრისა და მარილის ჭარბი შემცველობის მქონე წასახემსებელ საკვებზე, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით იღებდნენ. განათლების სამინისტროს ახალი რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულება გაუუქმდებათ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ამა თუ იმ სკოლაში კვების პროცესზე არიან პასუხისმგებელი. რა არ გაიყიდება სასკოლო ბუფეტებში და რით ჩანაცვლდება არაჯანსაღი საკვები? თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

15 სექტემბრიდან საქართველოს მასტაბით მოქმედ 2085 საჯარო სკოლაში აღარ გაიყიდება არაჯანსაღი საკვები (მაგალითად, ე.წ. ჩიფსები, მარილიანი ჩხირები, ჟელატინის კანფეტები, შოკოლადები, ტკბილი გაზიანი სასმელები, კრემიანი ნამცხვრები და მავნე დანამატებისა და კონსერვატების შემცველი პროდუქტები ). აიკრძალება ასევე საღეჭი რეზინის გაყიდვაც.

ახალ სასწავლო წელს ასევე არაჯანსაღი საკვების გარეშე შეხვდებიან თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაშიც და როგორც სკოლის დირექტორი – ხათუნა ბარაბაძე ეუბნება რადიო „თავისუფლებას“, განათლების სამინისტროს ეს ახალი ინიციატივა კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ფეხმოკიდებული პრობლემა დაიძლიოს:

„არაერთხელ მოგვმართეს მშობლებმა თხოვნით, რომ იქნებ აიკრძალოს ჩიფსების მოხმარება და ასევე, ვთქვათ, ტკბილი გაზიანი სასმელების, საღეჭი რეზინებისა და არომატიზებული ტკბილი შოკოლადების გაყიდვა... ხშირად მოგვმართავდნენ ასეთი თხოვნით, თუმცა ჩვენ ჯერ ხელ არ გვეწიფება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, რადგანაც არ იყო აკრძალული რეგულაციების დონეზე. კი ვთხოვდით ბიზნესოპერატორებს, მაგრამ მაინც ეს იყო მხოლოდ თხოვნის დონეზე... მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ეს რეგულაცია (განათლების) მინისტრის მხრიდან, უკვე სასწავლო წლის ბოლოს განვახორციელეთ ჩვენ ეს ცვლილება“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული მეთოდური რეკომენდაციის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპები უნდა დამკვიდრდეს. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ჯანსაღი საკვები დაეხმარება მოსწავლეებს, კონცენტრირება მოახდინონ სასწავლო პროცესზე, უკეთ დაძლიონ სასკოლო პროგრამა და უფრო კარგად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. პირველმა ექსპერიმენტულმა სკოლამ ახალი რეგულაციების შესახებ აპრილში შეიტყო და ცვლილებაც ამის შემდეგ დანერგა. არაჯანსაღ საკვებთან ბრძოლის ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა, პრეტენზია არავის ჰქონია და გამოჩნდა, რომ არაჯანსაღ პროდუქტებს მოსწავლეებიც ადვილად შეელევიან:

„(გიორგი მოდებაძე – მე-8 კლასის მოსწავლე) მშობლები მეუბნებოდნენ: არ შეჭამოო, ცუდი არისო შენთვისო, მაგრამ რომ მშიოდა, ვჭამდი ხოლმე... თუ არ იქნება, არ შევჭამ და აღარც მომწამლავს;/ (ეკა პაქსაშვილი – მე-10 კლასის მოსწავლე) ჩემი აზრით, არ უნდა გაიყიდოს, რადგან ეს არის არაჯანსაღი პროდუქტები, არ არის სასარგებლო და ხელმისაწვდომი თუ არ იქნება, უკეთესი იქნება ბავშვებისთვის;/ (სანდრო ცომაია – მე-9 კლასის მოსწავლე) მაგან გამასუქა მე... მერჩივნა, რომ აეკრძალათ და არ მიმეღო ეს პროდუქტები, რადგან არაჯანსაღია“.

ალერგიული ფონის განვითარება, იმუნიტეტის დაქვეითება, სიმსუქნე, ინფექციური დაავადებები, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი – ეს იმ პრობლემათა მხოლოდ ნაწილია, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მოზარდების ჯანმრთელობას. შესაბამისად, ხელშეკრულება გაუუქმდება ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელიც განათლების სამინისტროს ახალ მითითებებს არ შეასრულებს. ბიზნესოპერატორებს, რომლებიც სკოლებში კვების პროცესს უძღვებიან, უწყებამ უკვე ჩაუტარა შესაბამისი ტრენინგები. როგორც განათლების სამინისტროს პროექტების მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა უთხრა რადიო „თავისუფლებას“, მათ შესაბამისი რჩევებიც მიეცათ:

„რეკომენდაციას ვუწევთ ყველა ბიზნესოპერატორს, რომ უფრო მეტი დაჭრილი ხილი და ბოსტნეული მიაწოდონ მოსწავლეებს. შეუძლიათ გააკეთონ კომპოტები, ჯანსაღი წესით დაამზადონ სენდვიჩები... ანუ იქვე, სკოლაში მომზადებულ საკვებზე კეთდება უფრო მეტი აქცენტი. ჯანსაღი კვების დანერგვის პროცესს მონიტორინგს გაუწევს ჩვენი მონიტორინგის სამსახური და ასევე სკოლის ადმინისტრაცია. შემოწმების პროცესი პერმანენტულ სახეს მიიღებს“.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციები გამიზნულია კერძო სკოლებისთვისაც, თუმცა განათლების სამინისტრო, ამ შემთხვევაში, არ ფლობს ბერკეტებს, რომ მონიტორინგი განახორციელოს ჯანსაღი კვების დანერგვის პროცესზე კერძო სკოლებში.

ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისა და მოზარდებში კვებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით დაწყებული კამპანიის ნაწილია განათლების მინისტრის ინიციატივა, რომლის თანახმადაც – საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან ვაშლი უნდა დარიგდეს. ბოლო ინფორმაციით, საპილოტე პროექტი განხორციელდება თბილისის 10 საჯარო სკოლაში და ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში (სექტემბრიდან დეკემბრამდე) ხილი კვირაში ერთხელ ხელმისაწვდომი იქნება თბილისის ყველაზე მასშტაბური სკოლების 20 ათასი მოსწავლისთვის. მათ შორის არის პირველი ექსპერიმენტული სკოლაც. სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარაბაძის თქმით, სავარაუდოდ, ხილით სავსე სპეციალური კალათები დერეფნებში განთავსდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG