Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო „ჰერეთი“ კონკურსის შედეგების გაუქმებას ელის


რადიო „ჰერეთისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლების პრესკონფერენცია
რადიო „ჰერეთისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლების პრესკონფერენცია
რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მხარედ ჩართვას ითხოვენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაწყებულ საჯარო ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის სიხშირეზე გამოცხადებულ კონკურსში, სადაც რადიო „ჰერეთიც“ იღებდა მონაწილეობას, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი ჯგუფი“, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილია. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავად დაიწყო საქმის წარმოება თანამდებობრივი შეუსაბამობის გამო, რადიო „ჰერეთი“ კი საქმის წარმოებაში მხარედ ჩართვას ითხოვს, ვინაიდან ეს მეტ უფლებას ანიჭებს მას. რას პასუხობს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რამაზ სამხარაძეს და მისი ინტერესების დამცველებს?

კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ 20 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც, „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე დაყრდნობით, ნათქვამი იყო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ეკრძალება მაუწყებლის წილის მესაკუთრეობა ან სხვა ინტერესის ქონა სამაუწყებლო კომპანიაში. ამით კოალიცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებდა გადაეხედა 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ენერჯი ჯგუფის“ საკითხისთვის, ვინაიდან „ენერჯი ჯგუფის“ ბენეფიციარული მესაკუთრე სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილია. საკითხს გამოეხმაურა „ჟურნალისტთა საერთაშორისო
მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი კორუფცია, როცა საჯარო პირები თავის უფლებამოსილებას იყენებენ ბოროტად, აფუძნებენ კომპანიებს და იგებენ ტენდერებს, იგებენ კონკურსებს...
რამაზ სამხარაძე
ფედერაციაც“ და შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კომისიის მიერ მაუწყებლის ლიცენზია სამართლიანობის პრინციპის დარღვევით გაიცა ისეთ ორგანიზაციაზე, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს პოლიტიკურ პირებთან. მოგვიანებით კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სამართლებრივი დეპარტამენტის მოთხოვნით, საკითხის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაშიც მხარედ ჩართვას ითხოვენ რადიო „ჰერეთი“ და მისი უფლებადამცველები. მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე ამბობს, რომ ასე მხარეს მეტი უფლებები ექნება:

„დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საჯარო წარმოების სხდომებში, დასვას შეკითხვები, მიიღოს პასუხები, მას უფლება აქვს დააყენოს შუამდგომლობები საქმის გარემოებების გამოკვლევასთან დაკავშირებით; ასევე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს სხდომის ოქმს მის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე, წარადგინოს, შენიშვნები თუ ექნება ოქმთან დაკავშირებით, და ეს ყევლაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და დასაბუთებული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ“.

რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის სიტყვებით, ის, რომ კახა ბაინდურაშვილი აფუძნებს რადიოკომპანიებს და შემდეგ კონკურსსაც იგებს, კორუფციაა:

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი კორუფცია, როცა საჯარო პირები თავის უფლებამოსილებას იყენებენ ბოროტად, აფუძნებენ კომპანიებს და იგებენ ტენდერებს, იგებენ კონკურსებს“.

რამაზ სამხარაძის სიტყვებით, ამ თემით პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროც უნდა დაინტერესდეს. მისივე სიტყვებით, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ საქმე წინ არ წასულა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაციაში ლიცენზიის მაძიებელმა საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომ ის არ არის პირი, ვისაც, საქართველოს კანონმდებლობით, ეკრძალება სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა. დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ კომპანია „ენერჯი ჯგუფის“ ბენეფიციარი მესაკუთრეა კახა ბაინდურაშვილი, თუმცა მაშინაც და შემდეგაც, მარეგულირებელი კომისიისთვის მიწერილ წერილში, როცა უკვე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, კახა ბაინდურაშვილმა განმარტა, რომ ის, როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი კი ამბობს, რომ, მისი აზრით, ლიცენზიის გაცემის მართლზომიერების საკითხის გადახედვის საფუძველი, მართლაც, არსებობს და ამიტომაც დაიწყო საქმის საჯარო ადმინისტრაციული განხილვა:

კახი ყურაშვილი
კახი ყურაშვილი
„წარმოება დაწყებულია. ჯერ გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიას არ მიუღია, ჯერ კომისიას არ მოუსმენია „ენერჯი ჯგუფის“ პოზიცია ზეპირი მოსმენის სხდომაზე, თუმცა წარმოება დაიწყო. წარმოების დაწყების საფუძველი გახდა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოსაზრება და აღნიშნული სამართლებრივი გარემოების შეფასება. სამართლებრივმა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გახლავთ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი და ეს კონფლიქტს ქმნის ლიცენზიის ფლობასთან, ანუ ამ შემთხვევაში ლიცენზია უნდა გაუქმდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობს, ეს არის მხოლოდ ერთი დეპარტამენტის პოზიცია და პოზიციას გაიზიარებს თუ არა კომისია, ჯერჯერობთ გაურკვეველია“.

ამასთან, კახი ყურაშვილის სიტყვებით, კომისია რადიო „ჰერეთს“ უარს ვერ ეტყვის მხარის სახით საქმის წარმოების პროცესში ჩართვაზე, ვინაიდან ამას კანონი ავალდებულებს. ზეპირი მოსმენის დროს, რაც 8 იანვარს იგეგმება, კომისია მხარეთა მოსაზრებების გაცნობის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით. „ენერჯი ჯგუფისთვის“ ლიცენზიის გაუქმებისა და ხელახალი კონკურსის გამოცხადების მოლოდინი აქვს რადიო „ჰერეთსაც“.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG