Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო - თანამედროვე მედიასაშუალება


რადიო არის მნიშვნელოვანი და მზარდი მედიასაშუალება, რომელიც კარგადაა ადაპტირებული თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან - ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა TNS-ისა და IREX-ის კვლევის შედეგები. რადიოს მოხმარების სრული სურათის წარმოსაჩენად კვლევა ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 14 ქალაქში ჩატარდა. გამოირკვა, რომ გასულ წელს რადიოს მოსმენა 8 პროცენტით გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, თუ ერთი წლის წინ რადიოს საშუალო სტატისტიკური რადიომსმენელი 68 წუთის განმავლობაში უსმენდა, ახლა ის რადიოს 91 წუთის განმავლობაში უსმენს - IREX G-MEDIA-ს კონსულტანტს რიჩ მაკქლეარს მიაჩნია, რომ რადიოს მსმენელთა რაოდენობის ზრდა შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, პროგრამებისა და პლატფორმების მრავალფეროვნებით იყოს განპირობებული:

“კვლევა ვერ გვეუბნება, რატომ იზრდება მსმენელთა რაოდენობა. კვლევა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ იზრდება. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ რადიომაუწყებლები უფრო დაიხვეწნენ. ასევე ახალგაზრდობა ძალიან ეტანება ახალ ტექნოლოგიებს, რადიო კი ახალი ტექნოლოგიების სფეროს განეკუთვნება. მაგრამ ხარისხობრივი კვლევის გარეშე მაინც ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილად ეს არის მიზეზი.

რიჩ მაკქლეარი ფიქრობს, რომ რადიოს მოსმენა მობილური ტელეფონით, აიპოდით და პლანშეტით, მანქანაში მოსმენასთან კომბინაციაში, აჩვენებს, რომ რადიო არის მედიასაშუალება, მორგებული იმ მსმენელზე, რომელიც გადაადგილდება. მისივე შეფასებით, რადიო ძალიან თანამეროვე და აქტიური მედიაა, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მის მომხმარებელთა საშუალო ასაკი 25-54 წელია.

როდესაც არ არის გაზომვები, ბევრი მსხვილი რეკლამის დამკვეთი, განსაკუთრებით საერთაშორისო, თუმცა მსხვილი ლოკალური კომპანიებიც რადიოს საერთოდ არ მოიაზრებდნენ მედიამიქსში. შესაბამისად, რადიო, როგორც მედია, ცოტა უკანა პლანზე იყო დაწეული...
ნანა მორბედაძე
IREX G-MEDIA-ს პროგრამის მხარდაჭერით, რადიოკომპანიებსა და სააგენტოებთან კონსულტაციების საფუძველზე, IREX-მა კვლევა საერთაშორისო კომპანია TNS-ის ლიცენზირებულ წარმომადგენელს საქართველოში, “Market Intelligence Caucasus“-ს დაუკვეთა. კვლევის მიზანი იყო რადიოს რეიტინგების გაზომვა, მათ შორის, ბაზარზე სარეკლამო ფასების დარეგულირებისა და რადიოსადგურების უკეთესი პროგრამირებისათვის. TNS “Market Intelligence Caucasus“-ის დირექტორის ნანა მორბედაძის თანახმად, კვლევა იძლევა იმის სრულ ინფორმაციას, რა დემოგრაფიული პროფილისა თუ ასაკის ადამიანები უსმენენ ამა თუ იმ რადიოსადგურს დროის ამა თუ იმ მონაკვეთში:

“როდესაც არ არის გაზომვები, ბევრი მსხვილი რეკლამის დამკვეთი, განსაკუთრებით საერთაშორისო, თუმცა მსხვილი ლოკალური კომპანიებიც რადიოს საერთოდ არ მოიაზრებდნენ მედიამიქსში. შესაბამისად, რადიო, როგორც მედია, ცოტა უკანა პლანზე იყო დაწეული. და, აი, ამ სიტუაციის გამოსწორებას ემსახურება სწორედ ეს კვლევა“.

ამას აქვს ორმაგი ბენეფიტი, ამ კვლევებს. პირველი, რომ ის ეხმარება პროგრამირებაში, ანუ ეხმარება რადიოსადგურებს სწორად წარმართონ თავიანთი პროგრამინგი...
თამარ ჩიგოგიძე
ნანა მორბედაძე ამბობს, რომ ეს კვლევა ღირებული იქნება ყველასთვის, ვინც კონკრეტულ ჯგუფებზე გათვლილ კამპანიას ატარებს. კვლევის თანახმად, რადიოს მსმენელებში ჭარბობენ ადამიანები, რომლებიც არიან დასაქმებულნი, ჰყავთ მანქანა და მიეკუთვნებიან 25-დან 55 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს. და მეორე, რადიო არის მზარდი მედია და თანამედროვეც იმ თვალსაზრისით, რომ მის მოსასმენად მსმენელთა მესამედი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს - კერძოდ, რადიოს უსმენს მობილური ტელეფონით ან ისეთი მოწყობილობით, როგორიცაა აიპოდი და პლანშეტი.

რაც შეეხება რადიორეიტინგებს, რეიტინგი განსხვავებულია როგორც სამიზნე ჯგუფების, ისე მაუწყებლობის არეალის მიხედვით. ნაციონალური მაუწყებლობის მიხედვით, პირველ ადგილზეა რადიო „არ დაიდარდო“, რომელსაც მოჰყვებიან „ფორტუნა პლუსი“, „ავტორადიო“, „ფორტუნა“, „აფხაზეთის ხმა“ და რადიო „იმედი“. რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე კვლევის შედეგებით კმაყოფილია და მის მნიშვნელობას გამოკვეთს:

“ამას აქვს ორმაგი ბენეფიტი, ამ კვლევებს. პირველი, რომ ის ეხმარება პროგრამირებაში, ანუ ეხმარება რადიოსადგურებს სწორად წარმართონ თავიანთი პროგრამინგი და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთაშორისო ბრენდები შემოვიყვანოთ და უფრო გავაფართოოთ რადიობაზარი“.

თამარ ჩიგოგიძე ამბობს, რომ კვლევის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენი რადიოსადგური ჩაერთვება მისი წარმოების პროცესში. მიმდინარე წელს კვლევაში 20-მდე რადიო და 5 სარეკლამო სააგენტო იყო ჩართული.
XS
SM
MD
LG