Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტის ყოფილი სიძე ავსტრიის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს


რახათ ალიევი
რახათ ალიევი

ვენის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს რახათ ალიევი - ყაზახეთის ლიდერის, ნურსულთან ნაზარბაევის, ყოფილი სიძე, რომელიც შემდგომში მის მწვავე ოპონენტად იქცა. ავსტრიის ოფიციალური პირების ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ალიევის ადვოკატი თვითმკვლელობის თაობაზე ეჭვს გამოთქვამს და აცხადებს, რომ ჩატარდება „ძალიან მასშტაბური“ გამოძიება.

ალიევის თვითმკვლელობის შესახებ ავსტრიის სასამართლოს პრესმდივანმა 24 თებერვალს განაცხადა. რახათ ალიევი მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული - თავად ის ამ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.

ციხის მესვეურების განცხადებით, ალიევი, მისი თხოვნით, ციხის სამედიცინო განყოფილებაში იყო გადაყვანილი და იქ, ერთკაციან საკანში, პალტოს საკიდზე ჩამოიხრჩო თავი.

თუმცა ავსტრიის მედია ავრცელებს ალიევის ადვოკატის, კლაუს აინედტერის, სიტყვებს, რომ მას „სერიოზული ეჭვები“ აქვს 52 წლის პატიმრის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. ადვოკატი ამბობს, რომ მან თავისი კლიენტი წინა დღეს მოინახულა და თვითმკვლელობის საფრთხის არანაირი ინდიკატორი არ შეუნიშნავს.

ციხის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ პატიმარი არ აღიქმებოდა თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ და ამიტომ ნებართვა ჰქონდა მარტო დარჩენილიყო საკანში. როგორც ამბობენ, საკნის შემოწმება რეგულარულად ტარდებოდა, თუმცა სააბაზანო ოთახს თვალს არ ადევნებდნენ.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი აცხადებს, რომ სამინისტრო ამოწმებს ცნობებს ალიევის სიკვდილის შესახებ.

ალიევი წლების განმავლობაში ნაზარბაევის უფროს ქალიშვილ დარიღაზე იყო დაქორწინებული და ყაზახეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა ნაზარბაევის პირობებში - ნაზარბაევისა, რომელიც ენერგიის მწარმოებელ ამ ქვეყანას საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდე უდგას სათავეში.

შემდეგ ალიევი ავსტრიაში წავიდა, სადაც ელჩად მსახურობდა იმ დროს, როცა მიმდინარეობდა გამოძიება 2007 წელს ორი ყაზახი ბანკირის გატაცებისა და მკვლელობის საქმეზე.

2009 წელს ალიევი რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ასე ხსნიდა ყოფილ სიმამრთან დაპირისპირების მიზეზებს:

„[ნაზარბაევი] დაშორდა იმ პირობებს, რომლებიც დადებული ჰქონდა ქვეყნისა და კონსტიტუციის წინაშე, როცა ოპოზიციის ლიდერების მკვლელობები დაიწყო. ჩემთვის წყალგამყოფად იქცა 2006 წლის თებერვალი - სწორედ ამ მომენტიდან გაიყარა ჩვენი გზები, ასე ვთქვათ. თავს უფლებას ვერ მივცემდი გამეგრძელებინა ისეთი ლიდერის გვერდით დგომა, რომელიც თავის მმართველობაში ყველა დაშვებულ და დაუშვებელ მეთოდებს გასცდა. შეიძლება ითქვას, ამ მომენტიდან კონკრეტულად, დე-იურე გაფორმდა ქვეყნის ბანალურად კრიმინალური მართვის სტილი“.

ავსტრიის მთავრობამ რამდენჯერმე თქვა უარი ალიევის ექსტრადიციაზე, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ მას ყაზახეთში სამართლიანად არ გაასამართლებდნენ. მაგრამ ავსტრიამ თავად დაიწყო გამოძიება 2011 წელს და ალიევს ბანკირების მკვლელობაში ბრალდება 2014 წლის დეკემბერში წაუყენა.

ალიევი ივნისში ჩაბარდა ავსტრიის ოფიციალურ სტრუქტურებს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა.

2008 წელს ყაზახეთის სასამართლომ ალიევს დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 40 წლის ვადით მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნო მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულების მოწყობის მცდელობაში და ადამიანების გამტაცებელი კრიმინალური ჯგუფის შექმნაში.

2013 წელს ყაზახეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ალიევი ეჭვმიტანილი იყო ოპოზიციის ლიდერის, ალტინბეკ სარსენბაილისა, და მისი ორი მოკავშირის მკვლელობის შეკვეთაში.

ავსტრიაში გაქცევის შემდეგ ალიევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფაქსით მიიღო ყახაზეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მისი ქორწინება დარიღა ნაზარბაევასთან. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

ალიევის სიკვდილის შესახებ ყაზახეთში ინფორმაციის გავრცელების დროს მისი ყოფილი ცოლი, ამჟამად დეპუტატი, ხელმძღვანელობდა 2015-2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვას.

ყოფილი ქმრის სიკვდილის შესახებ რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მიერ პარლამენტის შენობაში დასმული კითხვა ნაზარბაევამ უპასუხოდ დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG