Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შესაბამიშობაშია პარტიების შემოსავლები მათ მიერ მიღებულ ამომრჩეველთა ხმათა რაოდენობასთან?


ავტორი: გიორგი წიქარიშვილი

დღეს უკვე არავინ დაობს იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ დემოკრატოულ სახელმწიფოში აუცილებელია ორი ან მეტი პოლიტიკური პარტიის არსებობა, რათა არ მოხდეს ერთი პარტიის ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრა. შემდეგი პირობა რაც უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ეს არის, პარტიებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა, ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო რეგულაციები და ამ რეგულაციებს შორის უმთავრესი პარტიების დაფინანსების საკითხია.

პარტიის ქმედითუნარიანობა, პოპულარობა, წარმატება, ყოველდღიური საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე თუ რა ფინანსებს ფლობს იგი. პარტიები შემოსავლებს სხვადასხვა გზებით და საშუალებებით იღებენ, ეს შემოსავლები კი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ათეულ და ასეულ ათასსაც კი აღემატება, ასეთი დიდი თანხების მოძრაობა პარტიულ პოლიტიკაში ქმნის ეჭვებს და ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ ეს თანხები შესაძლოა მიღებულ და გამოყენებულ იქნას ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც პირდაპირ კანონის დარღვევასთან იქნება დაკავშირებული. პარტიები დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან, კერძო პირებისგან და ყველაზე მთავარი კი მაინც ბიზნეს სექტორია. ჩვენ თუ შევადარებთ სახელმწიფოსგან მიღებულ შემოსავლებს ბიზნესისგან მიღებულ შემოსავლებს დავინახავთ, რომ ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის და ბიზნესი აშკარად დომინანტურ პოზიციას იკავებს. აქედან გამომდინარე ყურადღებას გავამახვილებ შემოწირულობებზე, რომელსაც პარტიები იღებენ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, ეს შემოწირულობები კი მხოლოდ თანხებთან არ ასოცირდება და ეს შეიძლება იყოს საწევროები, არაფულადი შემოწირულობები, სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთები, ავტომობილები და ა.შ.

საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ცუდი და მანკიერი პრაქტიკა არის დამკვიდრებული, რაც გულისხმობს პარტიულ პოლიტიკაში სხვა გარე აქტორების ჩარევას, რომლებიც უზრუნველყოფენ პარტიის ფინანსების შევსებას და ამ პარტიების ფინანსურ გაძლიერებას, სანაცვლოდ კი იღებენ ხელისუფლებაში მყოფი პარტიისგან თავისუფალ სამოქმედო არეალს ქვეყნის შიგნით თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის. ასე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ასე არის ახლაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. სხვაობა მხოლოდ ბიზნეს სექტორთან მიდგომაში გამოიხატება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნეს სექტორს ტერორის ქვეშ ამყოფებდა, ქართული ოცნება ამას უფრო უხმაუროდ და რბილად აკეთებს, თუმცა გავლენა ნათელია და ბიზნესს კვლავ დიდი როლი აკისრია.

რაც შეეხება შესაბამისობას, პარტიების შემოსავლებსა და მათ მიერ მიღებულ ამომრჩეველთა ხმათა რაოდენობას შორის, ნამდვილად არ არის პროპორციული. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ არცერთი პარტია არ იღებს არჩევნებში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას და უმეტეს შემთხვევაში მეორე ტურის ჩატარებაც კი არის ხოლმე საჭირო, უსამართლო იქნება ფინანსების განაწილების ასეთი რადიკალური განსხვავების არსებობა. არც ეს არის ახალი მოვლენა და ამასაც ფესვები 2003 წლიდან აქვს გადგმული. პარტია, რომელიც არჩევნებში პირველ ადგილზე გადის და სულ რამდენიმე % ით ჯობნის მეორე ადგილზე გასულ პარტიას იღებს ფინანსების 10 ჯერ და 20 ჯერ მეტ რაოდენობას მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ თუ შევადარებთ მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ პარტიასა და პირველ ან მეორე ადგილზე გასულ პარტიას. შესაბამისობა მიღებულ ხმებსა და ფინანსებს შორის ნამდვილად არ არსებობოს. ვინაიდან და რადგანაც ეს წელი ჯერ დამთავრებული არ არის, რთული იქნება პარტიების ფინანსებზე, რომ ვისაუბროთ, ავიღოთ წინა წლის, 2016 წლის, პარტიათა დაფინანსების ანგარიში, სადაც ნამდვილად, კარგად და ნათლად ჩანს შემოწირულობების უზარმაზარი მაჩვენებელი. მთლიანობაში შემოწირულობებმა ფულადმა თუ არაფულადმა, რამდენიმე ათეულ მილიონსაც კი მიაღწია. თუ მხედველობაში მივიღებთ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობას, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის ძალიან დაბალ მაჩვენებელს და ხმათა გადანაწილების არათანაბარ მაგრამ არც ძალიან განსხვავებულ შედეგებს, მივხვდებით, რომ ეს თანხები ძალიან დიდია. არ შეიძლება არ აღინიშნოს პაატა ბურჭულაძის „პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა -სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი მიიღო შემოწირულობა, ვერ მიიღო ამომრჩეველთა ხმათა დიდი რაოდენობა თუმცა თითქმის 5 ჯერ მეტი თანხა აიღო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით, რომლისთვისაც 2016 წელი დიდი ფინანსური მოგებით ვერ გამოირჩეოდა და შემოწირულობებით დაახლოებით 700 000 ლარი დააგროვა.

სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში და მითუმეტეს პარტიულ პოლიტიკაში, ფინანსების მიღების და გადანაწილების პრობლემა კვლავაც აქტუალურია. შეიცვალა მთავრობა გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალები, ახალი პარტიები თუმცა პრობლემის აღმოფხვრაზე არავინ მუშაობს, არავინ აკეთებს აქცენტს ასეთ შეუსაბამობაზე ფინანსებსა და არჩევნებში მიღებული ხმათა რაოდენობას შორის. ეს ალბათ ასე კიდევ დიდ ხანს იქნება სანამ მაღალი პოლიტიკური კულტურა არ ჩამოუყალიბდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი , ამ გაზაზე კი მოგვიწევს გამდიდრებული პარტიების ყურება 1 და 2 მილიონს, რომ ფულად არ თვლიან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG