Accessibility links

თავად დაკავებული რეპერები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ დაკავების ფაქტი წარმოადგენს სამართალდამცველთა ანგარიშსწორებას იმ მუსიკალური კლიპის გამო, რომელიც 4 ივნისს გამოქვეყნდა youtube-ზე და რომელშიც პოლიციელები არიან გაშარჟებული. მათივე მტკიცებით, დაკავებულ რეპერებს, რეპჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრებს - გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს - ნარკოტიკული ნივთიერებები წინასწარ გამიზნულად ჩაუდეს. შეკითხვებსა და ეჭვებს აჩენს საქმესთან დაკავშირებული არაერთი გარემოება. რეპერების საქმით დაინტერესდა სახალხო დამცველი. ის მიიჩნევს, რომ რეპერების დაკავების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით საქმის გამოძიება პროკურატურამ უნდა დაიწყოს.


რეპჯგუფ „ბირჟა-მაფიის“ წევრებს - 21 წლის გიორგი ქებურიასა და 28 წლის მიხეილ მგალობლიშვილს - გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. ლაპარაკია ნარკოტიკულ ნივთიერება ემდიემეიზე (MDMA), რომელიც, შს სამინისტროს ინფორმაციით, მგალობლიშვილის შემთხვევაში 1,4965 გრამს, ხოლო ქებურიას შემთხვევაში 2,3342 გრამს შეადგენს. წაყენებული ბრალი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ანდა უვადო პატიმრობას.

9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, რომელზეც აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, „ბირჟა მაფიის“ წევრებმა თავიანთი დაკავება პირდაპირ დაუკავშირეს მუსიკალურ კლიპს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა youtube-ზე და რომლის თავდაპირველ ვერსიაშიც პოლიციელის როლის შემსრულებელ მსახიობს ძაღლის საყელური ეკეთა. დაკავებულების განმარტებით, მას შემდეგ, რაც მათ გარკვეული პირების საშუალებით პოლიციელთა გაღიზიანების შესახებ შეიტყვეს, კლიპში პრობლემური ადგილი დაფარეს, თუმცა მათ ამან უკვე ვეღარ უშველა.

მისი დაკავება დარღვევებით მოხდა: არ წაუყენეს ბრალი, არ წარუდგინეს თავი, არ მისცეს უფლება არც დარეკვის, არც ადვოკატის მოთხოვნის. 3-4 საათის განმავლობაში ადვოკატს არ მიეცა საშუალება შესულიყო და ენახა...
ლელა რეხვიაშვილი

ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა ადგილას დაკავებული რეპერები, რომლებსაც სისხლისა და შარდის გამოკვლევის შედეგად არ დაუდგინდათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, ნარკოტიკული საშუალებების ჩადებასა და პოლიციელების მხრიდან უხეშ მოპყრობაზე ლაპარაკობენ. მომხდარის მუსიკალურ კლიპთან კავშირსა და სამართალდამცველების ანგარიშსწორებაზე აკეთებენ აქცენტს ადვოკატები და დაკავებულთა ოჯახის წევრებიც. 10 ივნისს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ქებურიას დედამ, ლელა რეხვიაშვილმა, განმარტა, რომ თავდაპირველი აღიარება პოლიციამ მისი შვილისგან ზეწოლის შედეგად მოიპოვა:

„ნებისმიერი ასაკის კაცისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებით უთხრეს: აი, ასე გიზამთ და მერე იმღერე, თუ ამას ხელს არ მოაწერო... მისი დაკავება დარღვევებით მოხდა: არ წაუყენეს ბრალი, არ წარუდგინეს თავი, არ მისცეს უფლება არც დარეკვის, არც ადვოკატის მოთხოვნის. 3-4 საათის განმავლობაში ადვოკატს არ მიეცა საშუალება შესულიყო და ენახა“.

„ეს არის დარტყმა გამოხატვის თავისუფლებაზე და ანგარიშსწორება იმ ადამიანებზე, რომლებმაც გაბედეს და აჩვენეს სისტემის ნამდვილი სახე“, - აცხადებს ბექა წიქარიშვილი, წარმომადგენელი „თეთრი ხმაურის“ მოძრაობისა, რომელიც დაკავებული რეპერების მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზატორია. როგორც ბექა წიქარიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქალაქო სასამართლოს 9 ივნისის გადაწყვეტილება დაკავებულთა ადვოკატებმა უკვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში და იმედია, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, თუმცა არსებობს სხვა მოთხოვნებიც:

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ, პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების შეცდომის ნაწილობრივ გამოსწორების მიზნით, თავდებში ჩაუდგნენ მათ ხელისუფლების, პარლამენტის წარმომადგენლები და ნებისმიერი გზით დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს ადამიანები. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, კანონმდებლობა არ იქნება სხვა შემთხვევებშიც გამოყენებული ადამიანების შანტაჟის მექანიზმად და, შესაბამისად, ვითხოვთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით დამტკიცებას, რომლებზეც უკვე დაწყებულია მუშაობა“.

ის ფაქტი, რომ როგორც სასამართლოზე, ასევე, დაკავებულების თქმით, პოლიციის განყოფილებაში და, ასევე, ხელისუფლების განცხადებაში ძირითადი აქცენტი „ბირჟა მაფიის“ მუსიკალურ კლიპზე კეთდება, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობისთვის იმის დასტურია, რომ დაკავებაც სწორედ მუსიკალურ კლიპს უკავშირდება.

როგორც ბევრისთვის მოსალოდნელი იყო, რეპერების დაკავების ფაქტზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ:

„ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი - მე პირადად ასე ვფიქრობ. თუმცა ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ, ასე ვთქვათ, და საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, მოკლედ, მე მგონი, არასერიოზულია“.

გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე

გამოძიებამ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს იმ სამართალდამცველთა სახელები და გვარები, ვისგანაც მოდიოდა თავდაპირველი აგრესია რეპერების მიმართ, რის გამოც მუსიკოსები იძულებული გახდნენ კლიპში გარკვეული ადგილები დაეფარათ, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ძალიან ბევრი უპასუხო შეკითხვა არსებობს, მაგრამ ნათელია ერთი რამ:

„ნათელია, რის გამო მოექცნენ ეს ადამიანები სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ: აქ ადგილი ჰქონდა ცენზურის დაწესების მცდელობას და კონკრეტული შინაარსის მატარებელი კლიპის დადებას, შესაძლოა, მოჰყვა საპოლიციო რეპრესიული მექანიზმების გამოყენება“.

„ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. 10 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში უჩა ნანუაშვილი მეტად საყურადღებოდ მიიჩნევს დაკავებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციის მხრიდან ცენზურის არსებობას და დაკავების ფაქტის შემხებლობას კონკრეტულ მუსიკალურ კლიპთან. სახალხო დამცველი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ამ მიმართულებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს. 10 ივნისსვე, ოდნავ მოგვიანებით, განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს პროკურატურამ. უწყება გამოხატავს მზადყოფნას შეისწავლოს ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG