Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ სურს ტრამპს გენერალ ნიკოლსონის შეცვლა


გენერალი ჯონ ნიკოლსონი
გენერალი ჯონ ნიკოლსონი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც იმედგაცრუებულია ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში შექმნილი ჩიხური ვითარებით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო უწყების ხელმძღვანელებს შესთავაზა თანამდებობიდან გადააყენონ აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, რომელსაც, ტრამპის სიტყვებით, არ შეუძლია ომი მოიგოს.

გადმოწერა

დონალდ ტრამპის უკმაყოფილების ფონია მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო ავღანეთში, სადაც თალიბანისა და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმის შედეგად იზრდება მსხვერპლი როგორც სამხედრო პერსონალს, ისე სამოქალაქო პირებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც ძალიან არის გაბრაზებული ავღანეთში წარუმატებლობით, გასულ თვეში თავისი მრჩევლებისათვის უკითხავს, თუ რით შეიძლება დასრულდეს ომი, რომელიც ავღანეთში 16 წელიწადია გრძელდება. ამ შეხვედრის შესახებ რამდენიმე წამყვანი ამერიკული ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა ამერიკის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ვითარება ზემოხსენებულ შეხვედრაზე განსაკუთრებით მას შემდეგ დაძაბულა, რაც დონალდ ტრამპს მოუთხოვია აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მეტისისა და არმიის გაერთიანებული შტაბის უფროს გენერალ ჯოზეფ დანფორდისათვის, თანამდებობიდან გადააყენონ ავღანეთში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, რომელსაც, ტრამპის თქმით, არ შეუძლია ომი მოიგოს.

ვითარება ავღანეთში, სადაც ნატოს სარდლობით მოქმედი 14 ათასკაციანი მრავალეროვნული მისია იმყოფება, საქმე კარგად, მართლაც, ვერ მიდის. 24 ივლისს 25 კაციდაიღუპა და 42 დაიჭრა ქაბულში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული ავტომობილით მოაწყო. ორი დღის შემდეგ 26 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 13 დაიჭრა სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმის შედეგად. აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაართან. 2 აგვისტოს ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას.

სააგენტო „როიტერსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავის სამხედრო მრჩევლებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ აშშ-მა, სამხედრო დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ, ავღანეთის მთავრობისაგან უნდა მოითხოვოს გარკვეული წილი დაახლოებით ტრილიონი დოლარის ღირებულების მინერალური რესურსებიდან.

„როიტერსის“ თანახმად, ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ჩინეთი ხეირობს ავღანეთში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით, მაშინ როცა აშშ-ს აწევს კისერზე მთელი ომის წარმოების ფინანსური ტვირთი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრსა და შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას წინ უძღოდა თეთრ სახლში გამართული სადილი ვეტერანებთან, რომელზეც დონალდ ტრამპს სურდა მოესმინა მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული გამარჯვება ავღანეთში მიმდინარე ომში. „ჩვენ ავღანეთში ვართ თითქმის 17 წელიწადი. მაინტერესებს, რატომ ვართ იქ 17 წელიწადი, როგორ მიდის საქმე და რა უნდა გავაკეთოთ დამატებითი იდეების თვალსაზრისით. თქვენ ხართ ბრძოლის ველზე ნამყოფი ხალხი, რომლებმაც ეს ყველაზე უფრო უკეთ იცით“, - ასეთი სიტყვებით მიუმართავს აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეკრებილი ვეტერანებისათვის.

ცნობილია, რომ პენტაგონი მუშაობს ავღანეთში ახალ სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ითვალისწინებს ავღანეთში ნატოს კოალიციაში მყოფი 4 000- კაციანი ამერიკული ქვედანაყოფის გაორმაგებას. ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციით უკვე მიუმართავს თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისს, თუმცა დონალდ ტრამპს ჯერჯერობით ეს სტრატეგია არ დაუმტკიცებია. მოელიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა მაღალი რანგის სამხედრო მრჩევლებთან ავღანეთის საკითხზე 4 აგვისტოს გაიმართება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG