Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბონ ჯოვისა და ნინა სიმოუნს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ


Bon Jovi გერმანიაში, 2009 წელი
Bon Jovi გერმანიაში, 2009 წელი

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს წელს შემდეგი ჯგუფების სახელები შეემატება: Bon Jovi, Dire Straits, Moody Blues და The Cars. დარბაზში ადგილს დაიმკვიდრებს ასევე დიდი მუსიკოსი, აწ გარდაცვლილი ნინა სიმოუნი. დიდების დარბაზის ახალ წევრთა სია ორგანიზატორებმა ახლახან გაავრცელეს.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი, რომელიც ოჰაიოს შტატში, კლივლენდის ცენტრში, მდებარეობს, აღიარებს და აარქივებს ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მუსიკოსების, პროდიუსერების, ხმის ინჟინრებისა და სხვა პირთა ისტორიას - იმათ ისტორიას, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როკ-ენ-როლის განვითარებაში. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ფონდი 1983 წლის აპრილში დააარსა ატლანტიკ რეკორდსის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, აჰმეტ ერტეგიუნმა. კლივლენდი დარბაზის სამუდამო სახლად 1986 წელს შეარჩიეს.

2018 წლის სია, რომელშიც დომინანტური ადგილი როკს უჭირავს, მუსიკის კრიტიკოსების აზრით, აშშ-ის დიდების დარბაზს თავის ფესვებთან აბრუნებს - მაშინ როცა ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი სია ჟანრული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაფართოვდა და, მაგალითად, რეპის წარმომადგენლები - მათ შორის აწ გარდაცვლილი თუფაქ შაკური და N.W.A.-ც - მოიცვა.

Bon Jovi, რომლის ლიდერი და ვოკალისტი ჯონ ბონ ჯოვია, 1983 წელს დაარსდა ნიუ-ჯერსიში. ჯგუფს გლობალური მასშტაბით მოუტანა პოპულარობა 1986 წელს ჩაწერილმა ალბომმა Slippery When Wet და ის დღემდე რჩება აშშ-ის მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ უდიდეს ბენდად. ჯგუფი რამდენიმე წელიწადში ერთხელ უშვებს ახალ ალბომს და ტურნეებსაც მუდმივად აწყობს.

ბრიტანული ჯგუფი Dire Straits, რომელსაც გიტარისტი მარკ ნოპფლერი ხელმძღვანელობს, 1977 წელს შეიქმნა ლონდონში. პოპულარობა მას მოუტანა 1979 წელს ჩაწერილმა სინგლმა "Sultans of Swing”, რომელსაც შემდეგ კიდევ ბევრი ჰიტი მოჰყვა. ჯგუფი 1995 წელს დაიშალა და ნოპფლერმა სოლო კარიერას მიჰყო ხელი.

1960-იანი წლების პროგრესული როკის წარმომადგენელი ჯგუფი Moody Blues ყველაზე მეტად ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა "Nights in White Satin" და "Go Now." ჯგუფის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. იანვარში ჯგუფი აშშ-ში ტურნეს გეგმავს.

ჯგუფი The Cars ბოსტონში შეიქმნა 1970-იანი წლების ბოლოს. მას გამოარჩევდა როკისა და სინთეზატორზე ორიენტირებული პოპმუსიკის თავისებური სინთეზი, რომლითაც შეიქმნა ჰიტები "Drive" და "Just What I Needed". ჯგუფი 1988 წელს დაიშალა, 2010 წელს კიდევ ერთხელ შეიკრიბა და მომდევნო წელს ტურნეც გამართა აშშ-ის მასშტაბით.

ნინა სიმოუნი ამერიკული კულტურისა და მუსიკის ერთ-ერთი სიმბოლო და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსი იყო. სიმოუნი იყო მომღერალი, სიმღერების კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი, პიანისტი და აქტივისტი სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში. ის 2003 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესაყვანი კანდიდატურები განისაზღვრა მუსიკის მოყვარულთა ხმებითა და მუსიკის სფეროს 900 ექსპერტის აზრით. საზეიმო ცერემონია და პერფორმანსი კლივლენდში 2018 წლის 14 აპრილს გაიმართება.

იმ მუსიკოსებს შორის, ვინც ნომინირებული იყო, მაგრამ წელს არ შეარჩიეს, იყვნენ ბრიტანელი მომღერალი კეიტ ბუში და ალტერნატიული როკის გიგანტი, ინგლისური ჯგუფი Radiohead.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG