Accessibility links

შვედეთმა „ავრორა 2017“ დაუპირისპირა რუსეთ-ბელორუსულ „დასავლეთი – 2017-ს“


რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივი სწავლება – „დასავლეთი 2017“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავს 18 სექტემბერს ჩავიდეს რუსეთის ლენინგრადის რეგიონში და თვალი მიადევნოს რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივ სწავლებას – „დასავლეთი 2017“-ს, რომელმაც სტარტი აიღო ხუთშაბათს. ფართომასშტაბიანი სწავლება დასავლეთის პროვოცირების მცდელობად შეაფასა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, რასაც მოსკოვმა „ისტერია“ უწოდა.

14 სექტემბერს სტარტი აიღო სტრატეგიულმა სამხედრო სწავლებამ „დასავლეთი 2017“, რომელიც, ერთბაშად, ტარდება ბელორუსიასა და დასავლეთ რუსეთში. ორგანიზატორთა თქმით, სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის მთლიანი რაოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 12 700 სამხედრო მოსამსახურეს. დასავლელი სამხედრო ოფიციალური პირებისა და ექსპერტების ინფორმაციით, სწავლებაში, სინამდვილეში, შესაძლოა, მონაწილეობდეს გაცილებით მეტი, 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. „სწავლების მიზანს წარმოადგენს ჩვენი პროვოცირება და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობის გამოცდა, ამიტომაც არის საჭირო, რომ ძლიერები ვიყოთ“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფალონმა 10 სექტემბერს ტელეკომპანია „ბი-ბი-სისთან“ინტერვიუში.

დასავლეთის რეაქციას ისტერიული უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, რომელმაც 15 სექტემბერს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე დასავლეთი დაადანაშაულა კონტინენტზე სამხედრო დაძაბულობის ესკალაციაში.

„გაჩაღებული ისტერია ხელოვნურია და მიზნად ისახავს დასავლელი გადასახადის გადამხდელებისათვის იმ წარმოუდგენელი ხარჯების დასაბუთებას, რაც, ვითომდა, აგრესიული რუსეთისაგან დასაცავად იხარჯება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოს გაძლიერებულ სამხედრო ყოფნასა და სხავადასხვა აქტივობებში“, – აღნიშნა ზახაროვამ და დასძინა, რომ სწორედ ეს იწვევს სამხედრო დაძაბულობას კონტინენტზე და „არა ყბადაღებული რუსული სამხედრო აგრესია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივი სამხედრო სწავლების პასუხად, ნეიტრალურმა შვედეთმა 11 სექტემბერს დაიწყო სამხედრო სწავლება „ავრორა 2017“, რომელიც ოცი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლებაა. საინტერნეტო გამოცემა „ბელსატის“ ცნობით, შვედეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ფართომასშტაბიან სწავლებაში 21 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, ხოლო სწავლების ამოცანას წარმოადგენს ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულების დაცვა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG