Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების „აღდგენის სარგებელზე დაფიქრებისკენ“ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: „ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: „ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოწადინებულია საქართველოსთან „ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გაფართოებისკენ“.

გალუზინმა რუსეთის სამთავრობო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისკენ ისწრაფვის“.

ასე აფასებს საკუთარ კურსს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც.

„ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები“, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა და დასძინა, რომ 2025 წელს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გაიზარდა.

მისივე თქმით, „რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“.

„მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის“

„ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს, თუ რამდენად დიდი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზით. თუმცა ეს მათი საქმეა“, - თქვა მან.

„ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ თბილისმა იცოდეს, რომ მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც ამას ორმხრივი სარგებელი მოაქვს“, - განაცხადა გალუზინმა.

„ჩვენს კავშირებს ბუნებრივი ხასიათი აქვს, ეს არ არის რუსეთის მიერ ხელოვნურად თავსმოხვეული, - როგორც ამას დასავლეთი ცდილობს წარმოაჩინოს. ისინი სულიერ ერთიანობასა და საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებზეა დაფუძნებული“, - განაცხადა მან.

მოსკოვი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე აცნობიერებს [ექსპრეზიდენტ მიხეილ] სააკაშვილის ეპოქის მიდგომებით გამოწვეულ ზიანს, როდესაც ყველა ძალისხმევა მიმართული იყო საქართველოს დასავლეთისკენ გადამისამართებისკენ რუსეთთან თანამშრომლობის საზიანოდ“.

  • გალუზინის ახალ განცხადებას ოფიციალური თბილისი ჯერ არ გამოხმაურებია.
  • ზოგადად, საქართველო შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო ოკუპაციის პირობებში.
  • მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს - საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად. მათს „დამოუკიდებლობას“ რუსეთის გარდა, აღიარებენ მხოლოდ ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.
  • მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში „2028 წლამდე“ არ დააყენებს, - რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და დასავლეთის ქვეყნებმა საგარეო კურსის ფორმალურად ცვლილებად შეაფასეს, - რუსეთი ხშირად აქებს თბილისს, განსაკუთრებით „დასავლეთიდან დესტრუქციულ გავლენებთან წინააღმდეგობის“ გამო.
  • რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მესამე ადგილზეა, - თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ.
  • 2025 წელს საქართველომ რუსეთში $745 მლნ-მდე ღირებულების პროდუქცია გაიტანა და იქიდან $2 მლრდ-მდე ღირებულების პროდუქცია შემოიტანა.

„აფხაზეთის რკინიგზის“ საკითხი

გასულ ხუთშაბათს, 12 თებერვალს მოსკოვში მორიგი განცხადება გაკეთდა თბილისთან ურთიერთობების „ნორმალიზების“ მზაობის მიმართულებით.

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ მოსკოვი განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.

13 თებერვალს „საქართველოს რკინიგზიდან„ რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხის თანახმად, რკინიგზის პოზიცია ასეთია:

„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“.

საგარეო უწყებას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG