Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ეკონომიკური ასპექტები


სტამბოლი
სტამბოლი

მას შემდეგ, რაც თურქეთმა მხარი დაუჭირა სირიაში აშშ-ის თავდასხმას, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება. ამჯერად რუსეთის მხრიდან კვლავ ეკონომიკური სანქციებით მუქარა ისმის. რუსული „კომერსანტის" ინფორმაციით, რუსეთის ავიაციის ადმინისტრაციამ ტურისტულ კომპანიებს უკვე გაუგზავნა გაფრთხილება, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები შეჩერდეს. ამის მიზეზად, ოფიციალური ვერსიით, თურქეთში რთული შიდაპოლიტიკური ვითარება დასახელდა.

გადმოწერა

ეს გზა რუსეთმა და თურქეთმა გასულ წლებში ერთხელ უკვე გაიარეს: რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. მაშინ რუსეთმა თურქეთის მიმართ მთელი რიგი სანქციები დააწესა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.

უცხოელი ტურისტების რაოდენობისა და, ასევე, ჩამოსული ვიზიტორების მხრიდან ხარჯების შემცირების გამო, თურქეთის ტურისტულმა სფერომ 2016 წელს 15 მლრდ დოლარი იზარალა – ამის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის შემოდგომაზე პორტალმა Turizmdatabank-მა გაავრცელა.

გარდა ამისა, იმ ტურისტებმა, რომლებიც ჩადიან თურქეთში, 2015 წელთან შედარებით, 15-25 %-ით შეამცირეს ხარჯები. დღეისათვის ერთი უცხოელი ტურისტი თურქეთში, საშუალოდ, 700-800 დოლარს ხარჯავს, რაც ვაჭრობაზე ნეგატიურად აისახება.

თურქეთის სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტამბოლის სასტუმროების დატვირთვა, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, 30 %-ით შემცირდა.

ცხადია, ამ ურთიერთობების დაძაბვამ უარყოფითი ზეგავლენა თავად რუსეთის ეკონომიკაზეც მოახდინა, რომელიც ამ პერიოდში ისედაც იმყოფებოდა დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური სანქციების ქვეშ.

აღნიშნულმა ვითარებამ, ცხადია, ნაწილობრივი ასახვა პოვა საქართველოს ეკონომიკაზეც, თუმცა არ გამართლდა შიშები, რომ საქართველოს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გართულება საქართველოს ექსპორტ-იმპორტზე განსაკუთრებით სპეციფიკურ ზეგავლენას მოახდენდა. არ გამართლდა არც ოპტიმისტური მოლოდინები, რომ რუსული ტურისტული ბაზრის დაკარგვის შემდეგ რუსეთის ტურისტები მასობრივად გამოეშურებოდნენ საქართველოს კურორტებისკენ.

ტურისტულ ბაზარზე რუსეთიდან ტურისტთა რაოდენობა საქართველოში 2016 წელს 12 %-ით გაიზარდა, თუმცა თუ სხვა ქვეყნების ზრდის დინამიკას დავაკვირდებით, რეალურად ეს გავლენა ნამდვილად არ ყოფილა იმ მოლოდინის შესაბამისი, რომელიც ზოგიერთ ექსპერტს ჰქონდა. განსაკუთრებული ზრდა 2016 წელს ფიქსირდება აღმოსავლეთის ქვეყნებიდან: ირანი (+485 %), ინდოეთი (+199 %), საუდის არაბეთი (+116 %), ფილიპინები (+89 %), ომანი (+75 %) და ჩინეთი (+46 %). 12 %-ს აღემატებოდა ზრდა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნიდან - მაგალითად, 2016 წლის განმავლობაში გამოირჩეოდნენ ლატვია (+24 %), ლიტვა (+16 %), ჩეხეთი (+15 %), ბულგარეთი (+12 %);

დიდი ალბათობით, ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის არასაკმარისობაც იყო, ასევე ის ფაქტორი, რომ საქართველოში მომსახურების ხარისხი და ფასის შეფარდება მნიშვნელოვნად ჩამორჩება თურქულ სტანდარტს.

ეს პროცესი 2015 წელს და 2016 წლის დასაწყისში ვითარდებოდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-თურქეთის რთული პოლიტიკური ვითარება მხოლოდ ტურისტთა ნაკადზე არ ასახულა.

2016 წლის ივნისში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიფ ტაიპ ერდოღანმა გარდაცვლილი პილოტის ოჯახს მიუსამძიმრა. ამ ნაბიჯის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დათბა. 2016 წლის ივლისიდან თურქეთის მიმართ რუსეთმა აკრძალვების დიდი ნაწილი მოხსნა.

ამის მიუხედავად, 2017 წლის მარტში სიტუაცია კვლავ დაიძაბა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსული ხორბლის, სიმინდის, ბრინჯისა და სხვა პროდუქტების იმპორტზე გადასახადი გაზარდა. ამჟამად თურქულ საბაჟოზე 130 %-იანი გადასახადი მოქმედებს, რაც, ფაქტობრივად, აკრძალვას ნიშნავს. ანკარის ამგვარი მოქმედების მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთმა არ მოხსნა ემბარგო თურქული ბოსტნეულის იმპორტზე. თუ ეს პროცესი ტურისტების შეზღუდვით გაგრძელდა, სიტუაციის კვლავ შემობრუნების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG