Accessibility links

პუტინმა „ურთიერთსანდო“ უწოდა რუსეთ-თურქეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობას


ვლადიმირ პუტინი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი

მოსკოვში დაიწყო თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები, რასაც კრემლმა „ურთიერთობის შემდგომი ნორმალიზებისკენ“ მიმართული ნაბიჯი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფონია დაძაბულობა ანკარასა და ევროპელ მოკავშირეებს შორის, რამაც განსაკურებით მძიმედ იჩინა თავი გერმანიის მიმართ თურქეთის დამოკიდებულებაში.

თურქ კოლეგასთან შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „სწრაფი ტემპით“ წესრიგდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა გააუქმა თურქული ხახვისა და მიხაკის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა.

„მიმდინარეობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენაც. ვიცი, რომ გუშინ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ ბატონმა მედვედევმა თავის თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია იმ დამატებითი ზომებისა და ბერკეტების შესახებ, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის სფეროში ჩვენი ურთიერთობის სრულმასშტაბიან რეჟიმში ამოქმედებისკენ“, - განაცხადა პუტინმა.

კრემლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრის დღის წესრიგშია საომარი კონფლიქტები სირიასა და ერაყში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რაშიც, პუტინის თქმით, აქტიურად არიან ჩართულნი ორი ქვეყნის სამხედრო უწყებები და სპეცსამსახურები.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოში არსებული, პირველ ყოვლისა, სირიის კრიზისის მოგვარებაზე. განსაკუთრებით სიხარულით მსურს აღვნიშნო - რასაც, როგორც ჩანს, არავინ ელოდა - სამხედრო უწყებებისა და სპეცსამსახურების დონეზე ურთიერთსანდო და ეფექტური კონტაქტების აღდგენა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფონია დაძაბულობა ანკარასა და მის ნატოელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის. ახლახან ერდოანმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება და „ნაციზმს“ შეადარა გერმანიის რამდენიმე ქალაქში ბერლინის მიერ თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგების ჩატარების მცდელობის აკრძალვა. გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგებში, რომლებიც მიზნად ისახავდა თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმის პოპულარიზებას ევროპაში, მონაწილეობა უნდა მიეღო თურქეთის რამდენიმე მინისტრსაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG