Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი განცხადების შინაარსობრივი სიახლოვე


ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 მაისს უარყვეს ბრალდება აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის შესახებ. როგორც პუტინი, ისე ტრამპი ბრალდებას მიიჩნევენ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ შეთხზულ ამბად, რომლითაც დემოკრატები ცდილობენ თავი გაიმართლონ საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატის დამარცხების შემდეგ.

ორი განცხადების შინაარსობრივი სიახლოვე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:14 0:00
გადმოწერა

საფრანგეთის გაზეთ „ფიგაროსთან“ ინტერვიუში პუტინმა კვლავ უარყო რუსეთის მონაწილეობა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელფოსტის გატეხაში - შარშან მოწყობილ ჰაკერულ თავდასხმაში, რომლის შედეგად გაჟონილი ინფორმაციაც საზიანო გამოდგა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისათვის. პუტინი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსკოვისთვის ჰაკერული თავდასხმის ბრალდების წაყენებას.

„ის ეფუძნება ფიქციას, ეფუძნება იმათ სურვილს, ვინც შეერთებულ შტატებში არჩევნებში დამარცხდა, ცოტათი მაინც გამოასწორონ საქმე ანტირუსული გამოხდომების ხარჯზე, (წინასაარჩევნო კამპანიაში) ჩარევაში რუსეთის დადანაშაულების ხარჯზე. ხალხს, ვინც არჩევნებში დამარცხდა, არ სურს აღიაროს, რომ მართლაც დამარცხდა, რომ ის, ვინც გაიმარჯვა, ხალხთან უფრო ახლოს აღმოჩნდა, უკეთ მიხვდა, რა სურს ხალხს, უბრალო ამომრჩეველს. აი, ამის აღიარება არაფრით არ სურთ!“ - უთხრა პუტინმა 29 მაისის ინტერვიუში საფრანგეთის გამოცემა “ფიგაროს”.

იმავე დღეს, უფრო ადრე, ტვიტერით გავრცელდა დონალდ ტრამპისეული, მართალია, გაცილებით უფრო მოკლე, მაგრამ შინაარსობრივად იდენტური განმარტება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის ბრალდებას ეხება. ტრამპი წერს: რუსი ოფიციალური პირები, ალბათ, დასცინიან შეერთებულ შტატებს და იმას, თუ როგორ გაბატონდა „გამოგონილ ამბებში“ უხეირო გამართლება იმისა, რომ დემოკრატები არჩევნებში დამარცხდნენო.

ტრამპს უყვარს დამოუკიდებელი მედიის მასალების მოხსენიება „გამოგონილ ამბებად“, მაგრამ ფაქტია, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები - ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილი - ეფუძნება აშშ-ის დაზვერვის სამსახურების დასკვნას, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა და რომელშიც ნათქვამია, რომ თავად პუტინის მიერ იქნა გაცემული დავალება, ჩატარებულიყო კამპანია აშშ-ის საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობის შესარყევად და კლინტონის გამარჯვების შანსების შესამცირებლად. დაზვერვის სამსახურები აღნიშნავენ, რომ რუსეთი აშკარადუპირატესობას ანიჭებდა ტრამპის კანდიდატურას.

მიმდინარე თვეში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დანიშნა სპეციალური მრჩეველი, რიჩარდ მულერი, რომელიც უხელმძღვანელებს 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთისა და დონალდ ტრამპის შესაძლო კავშირების გამოძიებას.

ამდენად, მოსკოვის იმედს, რომ ტრამპის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესება დაიწყებოდა, ჯერ არაფერი მოჰყოლია ტრამპის გუნდის კრემლთან შესაძლო კავშირის გამოძიებისა და, ზოგადად, შეერთებულ შტატებში ამ თემისადმი დიდი ინტერესის ფონზე. გაზეთ „ფიგაროსთან“ ინტერვიუში პუტინმა მსოფლიოში ვითარებისათვის საზიანო უწოდა, მისი აზრით, ამერიკელი დემოკრატების ძალისხმევას, რუსეთს დაბრალდეს საარჩევნო კამპანიაში ჩარევა.

„მათ, უბრალოდ, წააგეს და ეს უნდა აღიარონ! აი, როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უფრო ადვილი გახდება მუშაობა. მაგრამ ეს რომ ანტირუსული ინსტრუმენტების მეშვეობით ხდება, ძალიან ცუდია, დისონანსი შეაქვს საერთაშორისო საქმეებში. კი ბატონო, იკამათონ, იჩხუბონ ერთმანეთში და უმტკიცონ ერთმანეთს, ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო ჭკვიანია, ვინ უფრო სანდოა და ვინ უკეთ აყალიბებს პოლიტიკას ქვეყნისათვის. რა საჭიროა მესამე მხარის გარევა? ეს ძალიან საწყენია! მაგრამ ეს ჩაივლის. ყველაფერი ჩაივლის და ესეც ჩაივლის“, - კერძოდ, შემცირდება, პუტინის აზრით, ვაშინგტონის ინტერესი ტრამპის გუნდსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამოძიების მიმართ, რაც შესაძლებელს გახდის ურთიერთობის გაუმჯობესებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG