Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სირიაში მორიგ წარმატებაზე ლაპარაკობს


რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, მისმა ავიაციამ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი საველე მეთაური დახოცა, საავიაციო იერიშის შედეგად, სირიის აღმოსავლეთში. იერიშის დროს, მთლიანობაში, 40-მდე ექსტრემისტი იქნა განადგურებული. მათ შორის, ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, გულმურად ხალიმოვი, რომელსაც ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „ომის მინისტრს“.

დამოუკიდებელი წყაროები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმად, საავიაციო დარტყმებისას მოკლეს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე წამყვანი საველე მეთაური. რუსეთის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ 5 სექტემბერს განხორციელებული საავიაციო დარტყმების დროს მოკლულია აბუ მუჰამად ალ-შიმალი, რომელიც განაგებდა ფინანსებსა და გადაბირებული ახალწვეულების გადაყვანას ორგანიზაციის საწვრთნელ ბაზებზე.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, იერიშის სამიზნე იყო ქალაქ დეირ- ალ-ზურის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი გასაიდუმლოებული სამეთაურო პუნქტი, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურები თათბირს მართავდნენ. ფეისბუკის საშუალებით გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გავლენიანი საველე მეთაურები გეგმავდნენ განეხილათ შექმნილი ვითარება და შეემუშავებინათ სასწრაფო ზომები, სირიის სამთავრობო ჯარების მიერ ქალაქზე დაწყებული მძაფრი იერიშის პასუხად.

რუსეთის სამხედრო უწყებამ, სადაზვერვო ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოქმედებაში მოიყვანა სირიის, ხმეიმიმის ავიაბაზაზე დაბანაკებული სუ-34 და სუ-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, რომლებმაც ობიექტს ბეტონის მმუსვრელი ბომბები დაუშინეს. ავიადარტყმების დროს, რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 40 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის, გულმურად ხალიმოვი, ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური, რომელსაც აშშ-ში ჰქონია გავლილი გადამზადება და რომელსაც ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ომის მინისტრს“. მან 2015 წელს გამოაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანების შესახებ. ტაჯიკეთმა ხალიმოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, ხოლო აშშ-მა, მისი ადგილსამყოფლის ინფორმაციის სანაცვლოდ, დააწესა 3 მილიონი დოლარი.

რუსული და სირიული წყაროები იუწყებიან, რომ რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების ამ ოპერაციამ სირიის არმიას შესაძლებლობა მისცა დაეჩქარებინა ქალაქ დეირ-ალ-ზურის მისადგომების განბლოკვა და უშუალოდ ქალაქის განთავისუფლების დაწყება. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა სირიის ლიდერ ბაშარ ალ ასადს მიმდინარე კვირაში მიულოცა დეირ-ალ-ზურის სამწლიანი ალყის გარღვევა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო საავიაციო კამპანია სირიაში, დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის სამიზნეს არა მხოლოდ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს, არამედ ასადის წინააღმდეგ მოქმედი სხვა ოპოზიციური დაჯგუფებები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG