Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი აქტივისტები პროკურატურას ზოგიერთ სოციალურ ქსელზე ზეწოლაში ადანაშაულებენ


ალექსეი ნავალნის დაკავება
ალექსეი ნავალნის დაკავება

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის, მომხრეები აცხადებენ, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ მედიის მარეგულირებელ სახელმწიფო კომპანიას მოსთხოვა, დაიბლოკოს იმ რამდენიმე სოციალური მედიის საინტერნეტო ანგარიშები, რომლებმაც 2 აპრილს თავიანთ მომხმარებლებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. მოსკოვის პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ინტერნეტით გამოცხადებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაგან.

ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის საინტერნეტო კონსულტანტმა ალექსეი ზდოლნიკოვმა 31 მარტს ინტერნეტით გაავრცელა გასკანირებული დოკუმენტი, რომელიც უნდა იყოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი წერილი „როსკომნადზორისადმი“ და რომელშიც პროკურატურები მოითხოვენ, აიკრძალოს დაშვება „იუტუბით“ გავრცელებულ ორ ვიდეომიმართვასა და ასევე რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გამოქვეყნებულ ორ და „ლაივჟურნალის“ ერთ პუბლიკაციაზე.

ზემოხსენებული ვიდეო და პოსტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, 2 აპრილს შეიკრიბონ მოსკოვის ცენტრში დაგეგმილ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე, რომელზეც რამდენიმე მოთხოვნის დაყენება იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოთხოვნებს შორის იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის, გადაყენება, საომარი მოქმედებების შეწყვეტა სირიასა და უკრაინაში, ალექსეი ნავალნის გათავისუფლება და ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მოსკოვის 26 მარტის აქციაში მონაწილეობისათვის დააკავეს.

თუმცა არ არის ცნობილი, ვინ დგას ამ მოწოდებების უკან და რამდენადნამდვილია ის. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურის უშუალოდ ამ ცნობის გარშემო განმარტება არ გაკეთებულა.

სამაგიეროდ, ინფორმაცია გაავრცელა მოსკოვის პოლიციამ, რომელიც მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ 2 აპრილს ინტერნეტით გამოცხადებულ არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისაგან. „2 აპრილს მსგავსი მასობრივი ღონისძიებების ჩატარების თაობაზე მოსკოვის მერიაში არავითარი განცხადება არ შესულა“, - აღნიშნულია მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოსა ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლიციამ 1000-მდე დემონსტრანტი დააკავა გასულ უქმეზე მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის დროს, რომელიც ალექსეი ნავალნიმ და მისმა ანტიკორუფციულმა ფონდმა ჩაატარა. დემონსტრაციებში, რომლებიც რუსეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, ათეულ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

პოლიციამ დააკავა ალექსეი ნავალნი, რომელსაც 27 მარტს სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა და 20 ათასი რუსული რუბლით (350 დოლარით) დააჯარიმა. ალექსეი ნავალნი ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სახელდება რუსეთში 2018 წლისათვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG