ამერიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა ბელგრადში ვიზიტისას სერბიას მოუწოდა, ნუ მიანიჭებს დიპლომატიურ სტატუსს რუსეთის ჰუმანიტარული ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ჯაშუშობითა და პროპაგანდის გავრცელებით არიან დაკავებული.
სამხრეთ სერბიის ქალაქ ნიშში 2012 წელს გაიხსნა რუსეთ-სერბიის ჰუმანიტარული ცენტრი, რომლის ამოცანებს შორის, მაგალითად, სახმელეთო ნაღმებისაგან სერბიის ტერიტორიის გაწმენდაში დახმარებაცაა. მაგრამ წელს, მაისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჰოიტ ბრაიან იმ, გააკეთა განცხადება, რომ ჰუმანიტარულ ცენტრს შესაძლოა ფარული მისია ჰქონდეს: ბალკანეთში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა,
ხოლო 29 აგვისტოს ბელგრადში ვიზიტისას, ამერიკელმა სენატორმა, რესპუბლიკელმა რონ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ბალკანეთში რუსეთის მოქმედება მზარდ დაპირისპირებებს იწვევს.
„ვისურვებდი, რომ რუსეთი ამერიკის, დასავლეთის ცივილიზაციისადმი მეგობრული მეტოქე ყოფილიყო და არა – რაც, ჩემი აზრით, რუსეთი გახდა – მტრულად განწყობილი მოწინააღმდეგე. ვფიქრობ, ამერიკა მზად არის რუსეთის მეგობრულ მეტოქედ მისაღებად, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ვლადიმირ პუტინსა და რუსეთზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბელგრადში რონ ჯონსონმა, შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და მთავრობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მანამდე ამერიკელი სენატორი შეხვდა სერბიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვუჩიჩს, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან და, ამავე დროს, მიისწრაფვის ევროკავშირში სერბიის გაწევრიანებისაკენ. ჯონსონმა შესაძლოა, ვუჩიჩის ამ არაერთგვაროვან პოზიციაზე მიანიშნა, როცა განაცხადა, რომ, თუ სერბიას სურს დასავლეთისგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური დახმარების მიღება, მოუწევს კორუფციის შეძლებისდაგვარად შემცირება და იმის დადასტურება, რომ ქვეყანა, მართლაც, ორიენტირებულია დასავლურ დემოკრატიაზე და ეწინააღმდეგება იმ ტიპის აგრესიას, რომლის დემონსტრირებასაც ვლადიმირ პუტინის რუსეთი ამჟამად ახდენს.
ამერიკელმა სენატორმა სერბიისათვის ფინანსური დახმარების საკითხი მაშინაც ახსენა, როცა ბელგრადს მოუწოდა, ნუ მიანიჭებს დიპლომატიურ იმუნიტეტს რუსეთ-სერბიის ჰუმანიტარული ცენტრის თანამშრომლებს: „ჰუმანიტარულ ცენტრს რაც შეეხება – იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვუჩიჩი და სერბია უარს იტყვიან მისთვის იმუნიტეტის მინიჭებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნებოდა. ნამდვილად არ იქნებოდა სერბი ხალხის ინტერესებში – თქვენი ეკონომიკის გასაძლიერებლად დასავლეთიდან კაპიტალის მოწოდების მხრივ“, – განაცხადა სენატორმა რონ ჯონსონმა ბელგრადში, 29 აგვისტოს.
იმავე პრესკონფერენციაზე, სერბიის პრეზიდენტს არ უთქვამს, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჰუმანიტარულ ცენტრთან დაკავშირებით. „გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი ინტერესების შესაბამისად. რუსეთისაგან არანაირი აგრესია არ შეგვხვედრია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა.
რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ სერბიაში მოქმედ ჰუმანიტარულ ცენტრს იყენებს ჯაშუშური საქმიანობისა და პროპაგანდის გასავრცელებლად. ცენტრის თანამშრომლებისათვის ის მოითხოვს ისეთსავე სტატუსს, როგორიც მინიჭებული აქვთ სერბიაში ნატოს წარმომადგენლებს.