Accessibility links

ჯეიმს მატისი: გაგრძელდება სანქციები რუსეთის მიმართ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პრესკონფერენციაზე

უკრაინაში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აქტიურად განიხილავს უკრაინისათვის მომაკვდინებელი თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს რუსეთის მიერ ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი უკრაინაში ჩავიდა ამ ქვეყნის სახელმწიფო დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და იმის სათქმელად, რომ აშშ უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას, თუმცა ვაშინგტონი ასევე არ გამორიცხავს კიევისათვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას.

„თავდაცვითი ლეტალური შეიარაღების თაობაზე მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხს აქტიურად განვიხილავთ. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც დავბრუნდები, შევძლებ, მოვახსენო სახელმწიფო მდივანს (რექს ტილერსონსა) და პრეზიდენტს (დონალდ ტრამპს) იმ სრულიად კონკრეტულ პერსპექტივაზე, ამ მიმართულებით ჩემი რეკომენდაცია რომ ითვალისწინებს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ჯეიმს მატისი 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრ სტეპან პოლტორაკს შეხვდა, ხოლო მანამდე დაესწრო სამხედრო აღლუმს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით კიევის ცენტრში გაიმართა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა კიევიდან შეახსენა რუსეთს მინსკის სამშვიდობო შეთანხმება და განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს რუსეთის მიერ ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას.

„ჩვენ არ ვაღიარებთ და არც მომავალში ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და, მიუხედავად რუსეთის უარყოფისა, ჩვენ ვიცით, რომ ის ესწრაფვის ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლას, რითაც ძირს უთხრის ევროპის სუვერენულ და თავისუფალ ქვეყნებს. რუსეთმა საკუთარ თავს თავადვე დაუწესა შეზღუდვა, როდესაც დათანხმდა მინსკის საზავო შეთანხმებას, რაც ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტას, ყველა სახის მძიმე შეიარაღების გატანას და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) თავისუფალ დაშვებას კონფლიქტის ზონაში“, – განაცხადა ჯეიმს მატისმა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვს შეახსენა ასევე 1994 წელს ბუდაპეშტში ხელმოწერილი მემორანდუმი, რომლითაც კრემლმა ვალდებულება აიღო, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და არასოდეს გამოიყენოს იარაღი რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. „აშშ და ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ ზეწოლას მოსკოვზე, რათა პატივი სცეს მინსკის შეთანხმებებს და ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი უარს არ იტყვის იმ ქმედებაზე, რაც თავად წამოიწყო“, – განაცხადა ჯეიმს მატისმა კიევში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG