Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ხელისუფლება ადასტურებს რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის დაღუპვას


ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც სინის ნახევარკუნძულის სიახლოვეს რადარებიდან გაქრა, მიწაზე დანარცხებული და სრულიად განადგურებული იპოვეს. ავიაკატასტროფა ქალაქ ჰასნიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ეგვიპტის მთიან არეალში მოხდა. რუსეთის საავიაციო კომპანია „კაგალიმავიას“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ეარბას 320, რომელიც ეგვიპტის ქალაქ შარმ-ალ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 31 ოქტომბერს აფრენიდან 23 წუთის შემდეგ გაქრა რადარებიდან. თვითმფრინავში 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდნენ. მგზავრების უდიდესი უმრავლესობა, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი. ეგვიპტეში მოქმედმა ჯგუფმა, რომელიც დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" არის დაკავშირებული, ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა ცნობა, რომ მან ჩამოაგდო რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავი. მაგრამ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ამას არ ადასტურებს.

ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, კატასტროფის ადგილზე ლაინერის ნამსხვრევებში 100 გვამის აღმოჩენა მოხერხდა. ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავში მყოფთაგან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 ნოემბერს რუსეთში გლოვა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG