Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი რუსეთის მნიშვნელოვან პროგრესზე


რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საჩვენებელი გამოსვლა
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საჩვენებელი გამოსვლა

ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სარდალი გენერალი ფრენკ გორენცი აცხადებს, რომ რუსეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების კუთხით. ამერიკელი გენერალი ამ პროცესს „საგანგაშოდ“ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რუსეთი 2008 წელს საქართველოში ომის შემდეგ შეუდგა გამორჩეულ ზრუნვას თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარებაზე.

გენერალ გორენცის განმარტებით, „საგანგაშოა“ ის, რომ რუსეთმა სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების მეშვეობით თითქმის დაძლია ამ სფეროში ჩამორჩენა შეერთებული შტატებისაგან. გენერალმა გორენცმა 14 სექტემბერს, ვაშინგტონის მახლობლად სამხედრო-საჰაერო ძალების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას, ისაუბრა მოსკოვის ნაბიჯებზე საჰაერო ძალების რაოდენობისა და ხარისხის გასაზრდელად. „უპირატესობა, რომელიც ჰაერიდან გვქონდა, გულახდილად რომ გითხრათ, მცირდება“, - უთხრა კონფერენციის მონაწილეებს ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა.

კონფერენციაზე გამოსვლისას მან საქართველო ახსენა - კერძოდ, 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში. გენერალ გორენცის თქმით, კონფლიქტის დროს რუსეთის საჰაერო ძალების „სამარცხვინო“ ხარვეზების გამოაშკარავების შემდეგ, მოსკოვი შეუდგა „ძალიან ფართო მასშტაბის“ მოდერნიზაციას როგორც წვრთნის, ისე აღჭურვის გასაუმჯობესებლად. ბევრი რამ ისწავლესო, ამბობს გენერალი. მის შეშფოთებას იწვევს არა მარტო და არა პირველ რიგში საკუთრივ თვითმფრინავები, არამედ ხმელეთიდან მოქმედი სარადარო სისტემები და რაკეტები.

გენერალი გორენცი „საგანგაშოს“ უწოდებს რუსეთის ინვესტიციებს სამხედრო-საჰაერო ძალებში და ხმელეთი-ჰაერის ტიპის სოლიდური ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნას. თავდაცვის ასეთი სისტემებიდან გენერალი გამოყოფს ორს: ერთი განთავსებულია უკრაინის კუთვნილ ყირიმთან, მეორე - კალინინიგრადთან, რომელიც პოლონეთსა და ლიტვას ესაზღვრება. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიიდან შესაძლებელია რაკეტების დაშენა ნატოს საჰაერო სივრცეში მყოფი ობიექტებისათვის. რუსეთის რაკეტების მოქმედების რადიუსი სწვდება ნატოს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცის მესამედს.

რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა პრობლემად აღიქმება იმ მიზეზით, რომ ამცირებს შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წამყვანი კომპონენტის, სწორედ სამხედრო-საჰაერო ძალების, უპირატესობას. შესაბამისად, საქმე არ ეხება მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალებს.

ავიამზიდები არიან შეერთებული შტატის ფლოტის ფლაგმანები 1941 წლიდან. შეერთებული შტატების არმიას 1953 წლიდან ერთი ჯარისკაციც კი არ დაუკარგავს მოწინააღმდეგის საჰაერო იერიშის შედეგად. 1991 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატები ყველა კონფლიქტის დროს სრულად აკონტროლებდა და აკონტროლებს საჰაერო სივრცეს - იქნება ეს დაზვერვის მიზნით, დასაბომბად თუ ხმელეთზე მყოფი პირების გადასარჩენად.

ამერიკელი ოფიციალური პირები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ჩინეთის ძალისხმევაზე, შექმნას თავდაცვა „სტელსის“ ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლების წინააღმდეგ. გენერალ გორენცის ინფორმაციით, რუსეთიც მიმართავს ასეთ ზომებს.

შესაბამისად, ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი საჭიროდ მიიჩნევს წვრთნის, ტაქტიკისა და პროცედურების განახლებას, რათა შეერთებული შტატები გაუმკლავდეს პოტენციური მოწინააღმდეგეების გაზრდილ უნარებს და შეინარჩუნოს სამხედრო უპირატესობა, რომლითაც ათწლეულებია სარგებლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG